რას მოუტანს ამერიკას ფულის საჭრელი დაზგის ამუშავება

რას მოუტანს ამერიკას ფულის საჭრელი დაზგის ამუშავება

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო ფონდმა ეკონომიკის სტიმულირების ახალი პროგრამა აამოქმედა. მისი მთლიანი მოცულობა 600 მილიარდი დოლარია. აქედან, 75 მილიარდი ბაზრიდან სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვას მოხმარდება. ამასთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ფედერალურმა სარეზერვო ფონდმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი სარეკორდოდ დაბალ, 0-0,25 პროცენტის დონეზე დატოვა. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ეგზომ სერიოზული ზომების მიღების მიზეზი წარმოების ზრდისა და უმუშევრობის შემცირების დაბალი ტემპი გახლდათ.

 

ფედერალური სარეზერვო ფონდის ამ გადაწყვეტილებას დოლარის კურსის ვარდნა მოჰყვა. უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის PIMCO-ს თავკაცის ბილ გროსის ვარაუდით, ბაზრიდან ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ბუმის გაგრძელება, უახლოეს მომავალში, ამერიკული ვალუტის ღირებულების 20 პროცენტით შემცირებას გამოიწვევს. გარდა ამისა, დაიწყო ნედლეულზე ფასების ზრდა.

 

აღსანიშნავია, რომ ფედერალური სარეზერვო ფონდის ამგვარი ნაბიჯი სრულიად მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. აშშ-ში ხომ უმუშევრობის მაჩვენებელი 9,6 პროცენტს შეადგენს, ინფლაციის დონე კი 1 პროცენტს ოდნავ აღემატება. თანაც, საპროცენტო განაკვეთი კარდა ხანია მინიმალურ ზღვარზეა. ასე რომ, ფონდის თავკაცები სხვას ვერაფერს გააკეთებდნენ.

 

ეკონომიკის მონეტარულ სტიმულირებას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ისინი ამტკიცებენ, რომ ფედერალურმა სარეზერვო ფონდმა უბრალოდ ფულის საბეჭდი დაზგა აამუშავა და ობლიგაციების ხელოვნურად გამოსყიდვა მათ შემოსავლიანობას ამცირებს.

 

რაც შეეხება დაბალ საპროცენტო განაკვეთს, იგი ხელს შეუწყობს კრედიტების რეფინანსირებას. თუმცა, აქვე დგება კრედიტირების გაზრდა-არგაზრდის საკითხი. ბანკებს ისედაც 1 ტრილიონზე მეტი რეზერვი გააჩნიათ, რასაც ბრუნვაში არ უშვებენ. თეორიულად, ფედერალური სარეზერვო ფონდი იმედოვნებს, რომ ბაზრიდან ფასიანი ქარალდების გამოსყიდვა ინვესტორებისათვის სარისკო აქტივებში კაპიტალდაბანდებისათვის სტიმული გახდება. თანაც, დოლარის კურსის შემცირება ამერიკელ ექსპორტიეორებს დაეხმარება.

 

როგორც ცნობილია, ფედერალურმა სარეზერვო ფონდმა ეკონომიკის სტიმულირება გაცილებით ადრე დაიწყო. კერძოდ, 2008 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მარტამდე 1,7 ტრილიონი დოლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები და იპოთეკური ქაღალდები იქნა გამოსყიდული. ამას გარკვეული დადებითი ეფექტი მოჰყვა, თუმცა, რა იქნება ამჯერად, არავინ იცის. საქმე ისაა, რომ შესაძლოა ე.წ. გვერდითი მოვლენები, კერძოდ, ერთგვარი „ბუშტების“ წარმოშობა, როგორც ეს 2003-2004 წლებში მოხდა.

 

თუმცა, თავად ფედერალური სარეზერვო ფონდის თავკაცი ბენ ბერნანკე ასე არ თვლის. მისი განცხადებები ოპტიმიზმითაა აღსავსე. ცხადია, ამერიკელი ეკონომისტები რაღაც მომენტში, ჯერ კიდევ ეკონომიკის სრულ გაჯანსაღებამდე ახლადდაბეჭდილ ფულს თანდათანობით ამოიღებენ, რომ ინფლაციის მეტისმეტი ზრდა თავიდან აირიდონ. თუმცა, ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ამის დროულად გაკეთება თითქმის შეუძლებელი იქნება და კაცმა არ იცის, ამერიკული ფულის საჭრელი მანქანის ამუშავებას რა მოჰყვება.