საინფორმაციო სააგენტო „info9”-ს ორეული გამოუჩნდა. Info9.com.ge - ინტერნეტმისამართზე განთავსებული საინფორმაციო სააგენტო თითქმის უცვლელად იმეორებს info9-ის ვებ-საიტის (info9.ge) ყველა სასაქონლო ნიშანსა და სლოგანსაც კი. „სიტყვის თავისუფლება ჩვენი უფლებაა“ - ეს info9-ის სლოგანია, „თავისუფალი სიტყვა ჩვენი უფლებაა“ - ეს კი Info9.com.ge-სა. რა მიზანს ემსახურება ამგვარი სუროგატი საიტის გაჩენა და როგორ შეიძლება დაიცვას თავი ამა თუ იმ ორგანიზაციამ, როცა მისი საიტის მისამართს, ლოგოს და დიზაინის მიმსგავსებულ მონაცემებს იყენებენ უნებართვოდ?
საინფორმაციო სააგენტო info9 2012 წლის 1 მაისიდან მუშაობს, მას მიმსგავსებული Info9.com.ge კი სულ რაღაც ერთი კვირის წინ გამოჩნდა. „ინფო 9“-ის დირექტორი მანანა ელიაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი ვებ-საიტის შექმნის ერთადერთი მიზანი საინფორმაციო სააგენტოს მუშაობაში ხელის შეშლაა:
„მათი მიზანია, დავკავდეთ ამ ადამიანებთან ბრძოლით. ხელისუფლებამ სხვანაირად რომ ვერ მოახერხა ჩვენი ჟურნალისტების გაჩერება, შექმნა ჩვენი ყალბი ანალოგი. ჩვენ თუ მათთან ბრძოლაში ჩავებმებით და მეტს არაფერს გავაკეთებთ, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი სასაქონლო ნიშანი და საავტორო უფლებები დავიცვათ და ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო მეტად აქტიური გავხადოთ, რათა ადვილად შესამჩნევი იყოს განსხვავება მათსა და ჩვენ შორის.“
მანანა ელიაშვილმა Info9.com.ge-ს ყალბი ანალოგი, სუროგატი უწოდა. უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, სუროგატი ჰქვია რისამე შემცვლელს, რომელსაც ნამდვილი საგნის, პროდუქტის მხოლოდ ზოგიერთი თვისება აქვს. უნდა ითქვას, რომ ორიგინალური და სუროგატი საიტების თანამშრომელთა გზები უკვე გადაიკვეთა. ჟურნალისტებს მხოლოდ მიკროფონები ჰქონდათ განსხვავებული, თუმცა, როგორც დიალოგიდან გაირკვა, მალე ეს „ხარვეზიც“ აღმოიფხვრება. Info9-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რატომ იღებთ ყველაფეს ჩვენგან, ნუთუ ასე ძალიან მოგწონვართო, მოგვიანებით ახალი ვებ-საიტის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა. საიტის რედაქტორმა განმარტა, რომ საინფორმაციო პორტალ info9.com.ge-ის დამფუძნებელი გიორგი ალთუნაშვილია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ტელეკომპანია „რეალ ტი-ვის“ ვიდეომემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა და რომელმაც სამაუწყებლო კომპანია 2011 წლის აგვისტოში დატოვა. ფრაგმენტი განცხადებიდან:
„გიორგი ალთუნაშვილის ინტერესებში სულაც არ შედის, რომ მისი საინფორმაციო სააგენტო ტელეკომპანია „რეალ ტი-ვი“-სთან ან სხვა ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო მედიასაშუალებასთან ასოცირდებოდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ info9.com.ge მფლობელისთვის ჩვეულებრივი ბიზნესია. ჩვენი სააგენტო ნებისმიერ სკანდალურ ვიდეომასალას შეისყიდის და მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბიძინა ივანიშვილზე იქნება თუ ,,ქართული ოცნების” სხვა წევრზე. საინფორმაციო სააგენტოს მფლობელის ინტერესია შეგროვებული სკანდალური აუდიო და ვიდეო მასალები, საბოლოოდ, თავად ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მილიონად მიჰყიდოს.“
წერილის დასკვნით ნაწილში საიტის რედაქტორი მიმართავს „ინფო 9“-ის თანამშრომლებს: გვინდა დაგამშვიდოთ, რომ info9.com.ge უკვე ძალიან პოპულარული კომერციული პროექტია და გვინდა თქვენსავით ჩვენც ბევრი ფული ვიშოვოთ. განცხადებას ხელს აწერს რედაქტორი მაყვალა ელიაშვილი. „ინფო 9“-ში ეჭვობენ, რომ მაყვალა ელიაშვილიც სუროგატი რედაქტორია, რადგან ძალიან ჩამოჰგავს „ინფო 9“-ის ხელმძღვანელის სახელსა დ გვარს, ანუ მანანა ელიაშვილს.
„არანაირი მაყვალა ელიაშვილი ბუნებაში არ არსებობს და არავის არ გაგვიგია მის შესახებ არაფერი“, უთხრა მანანა ელიაშვილმა რადიო თავისუფლებას. მისივე თქმით, „ინფო 9“-ის რედაქცია საკუთარი უფლებების დაცვას ყველა შესაძლო საშუალებით ეცდება. საქპატენტში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მტყუან-მართლის გასარკვევად ყველა წვრილმანს აქვს მნიშვნელობა. ამასთან, როგორც საქპატენტის იურიდიული და საავტორო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ელენე ქემაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია ისიც, არის თუ არა სავაჭრო ნიშანი დარეგისტრირებული, რადგანაც სასაქონლო ნიშანზე უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია, თუმცა ერთია სამართლებრივი დავა და მეორე - შედეგი, რომელიც შეიძლება ამგვარი სუროგატი მედიასაშუალებების გაჩენა-მოქმედებას მოჰყვეს. მედიის მკვლევარი ზვიად ქორიძე ვარაუდობს, რომ ამ პროცესს სპეცსამსახურები მართავენ.
„ყველაზე მთავარი, რასაც ისინი ელოდებიან, არის ის, რომ გააჩინონ ტოტალური ნიჰილიზმი საზოგადოებაში მედიის მიმართ და არა მხოლო იმ ცალკეული მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული, არამედ ყველა მედიასაშუალების მიმართ, ანუ ეს ჯგუფები ეწევიან ჟურნალიზმის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციის, სრულ ნიველირებას და დაცინვას საზოგადოებაში“, უთხრა ზვიად ქორიძემ რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლებამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარის ჩაწერაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.