"რუსთავის მერიის განცხადება ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მე ვთხოვ რუსთავის მერიას, რომ მოემსახუროს რუსთაველებს, რომლებიც 19 აგვისტოს შეიკრიბებიან ჟიული შარტავას მოედანზე საღამოს 7 საათზე. რომ ჩვენ არა გვაქვს ვალდებულება, მერიისგან ავიღოთ ნებართვა - ჩვენ გვაქვს ვალდებულება გავაფრთხილოთ 5 დღით ადრე. 2 კვირით ადრე გავაფრთხილეთ მერია, მოვითხოვეთ ადგილები, სადაც უარი გვითხრეს და შემდეგ უკვე მესამედ მივმართეთ და ვუთხარით, რომ ჩვენ ჩავატარებთ აქციას ამა და ამ ადგილას. ჩვენი მხრიდან იყო კეთილგანწყობა, თანამშრომლობის სურვილი. მას შემდეგ რაც სარეკლამო კლიპებმა დაიწყო ტრიალი, მას შემდეგ, როდესაც შარტავას მოედანთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ სრული გადაწყვეტილება, ამის შემდეგ უკვე საათში ორი წერილი გამოგვიგზავნეს - ისევ იმ ადგილას, სადაც თქვენ თავიდან ითხოვდით, დაგრთავთ ნებასო...", - აცხადებს კოალიცია" ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი", "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზვიად ძიძიგური: "ხელისუფლების ყველა პროვოკაციას მზად დავხვდებით"
"ისე ცნობისთვის უნდა გითხრათ, რომ იმ ადგილას, როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ, არ იყო სამშენებლო კედლები აღმართული. ახლა არის გაკეთებული სამშენებლო მესრები და სადაც მერია გვთავაზობს, ის ადგილები უკვე არის სრულიად გამოუსადეგარი შეხვედრისთვის და მინდა ვუთხრა რუსთავის მერიას, თუ სურვილი აქვს დახმარების, დაგვეხმაროს ერთ ადგილზე შარტავას მოედანზე. ჩვენ ვართ გამსჭვალულები თანამშრომლობის სურვილით და დაგვეხმარონ და შეგვიწყონ ხელი, რომ აქცია რუსთავში ჩატარდეს კვალიფიციურად და კარგად. ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია ყოველთვის არის მოსალოდნელი და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ასეთი პროვოკაციებისთვის, მაგრამ არა მგონია, რუსთავის მერიამ დაიწყოს პროვოკაციების დაგეგმვა. საერთოდ, რუსთავის მერია რა განცხადებებსაც აკეთებს, ვფიქრობ, ეს მათი გაკეთებული განცხადება არ არის, პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკვეთავს. მე მინდა განვაცხადო, რომ კანონის წინაშე 100%-ით მართლები ვართ. ვადასტურებ, რომ შარტავას მოედანზე გვექნება შეხვედრა და ყველას ვეპატიჟებით იქ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.
"კანონმორჩილება არის ჩვენი სიძლიერის დადასტურება და არა სისუსტის. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ სიძლიერის დემონსტრირებას ბოლომდე გავაკეთებთ. ყველა ფორმა, რაც არის კონსტიტუციისა და კანონის მხრიდან შემოთავაზებული, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალურად დაცული. უბრალოდ, მინდა საზოგადოებამაც დაინახოს, როდესაც ისინი არღვევენ ყოველდღიურად კანონს და სხვადასხვა დონის რეგულაციებს საარჩევნო პროცესის დროს და ქმნიან არათანაბარ სასტარტო პირობებს და სააღჩევნო პირობებს, ეს მათი სისუსტის დადასტურებაა. ყველაფერი მათ ხელშია - ჯარი, პოლიცია, მთავრობა, - ჩვენ ხომ ნაციონალურ მოძრაობას არ ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით მთავრობას, მთლიანად ხელისუფლებას: დააკვირდით მათ სარეკლამო კლიპებს - საქართველოს მთავრობა გააკეთეს ამას, საქართველოს მთავრობა გააკეთებს იმას, ქვემოთ კი სარეკლამო რგოლს აწერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. რა არის ეს, რას ნიშნავს? ძნელი გასაგებია, სინამდვილეში საქმე რაშია?", - დასძენს ზვიად ძიძიგური.
"რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე და ყველაფერი იქნება თავიდან არიდებული. ნაციონალური მოძრაობის ტაქტიკა ახლა არის, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს, ვინაიდან მათ თავიანთი გარანტირებული მხარდამჭერები ჰყავთ - გამგეობების, მასწავლებლების გარკვეული ნაწილი, სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების სახით. ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, ნუ დარჩებიან სახლში. ერთი ტემაა კიდევ მნიშვნელოვანი - ბევრი ადამიანი, რომელიც, დავუშვათ რეგისტრირებულია ზესტაფონში და ის ცხოვრობს თბილისში, არჩევნების დღეს თუ არ ჩავიდა ზესტაფონში, ხმას ვერ მისცემს. მინდა ყველას ვღთხოვო, ვისაც ტავისი სამშობლო უყვარს, წავიდეს და ის ერტი დრე და ის გზის ფული, რომელიც აქეთ-იქით წასვლას დასჭირდება, შესწიროს საერთო საქმეს და თავისი შვილების მომავალს. წავიდეს და არჩევნების დღეს ხმა არ დაუკარგოს საქართველოს გადარჩენის პერსპექტივას", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "გკითხავთ ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილების შესახებ, რამდენად სწორი ნაბიჯი გადადგა და შეიძლებოდა თუ არა ერთიანი ძალით შეგეტიათ ხელისუფლებისთვის?", - პასუხობს:
"ბოლო წლების განმავლობაში ხშირად არ ვეთანხმებოდი იმ პოზიციას. რომელიც ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა. მას ყოველთვის ჰქონდა არგუმენტი თავისი პოზიციის განსამტკიცებლად. ახლა ის შემთხვევაა, როდესაც ვეთანხმები ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას, სწორედ რომ გონივრული გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ერთიანი ძალებით შეტევას - ეს არის ძალიან ბევრჯერ გათელილი თემა. სახალხო კრებასთან ჩვენ ურთიერთობის ფორმები გამოვნახეთ: ეს არის მაჟორიტარულ ოლქებში მათი კანდიდატების წარდგენა. ვფიქრობ, ახლა ამ, თემაზე უკან მიბრუნება იქნება ისევ ძველი მელოდიების სიმღერა. მე არ ვფქრობ, რომ ეს არის ახლა ყველაზე აქტუალური თემა, რომელიც საქართველოში არსებობოს. მე ვფიქრობ ყველაფერი სწორად გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის ჩამოყალიბებასა და სხვა პარტიებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით".