პარტიული შტაბი კარავში?!

პარტიული შტაბი კარავში?!

"ქართულმა ოცნებამ" სამცხე-ჯავახეთში, ადიგენში ოფისი კარავში გახსნა. ამის მიზეზად კი კოალიციაში იმას ასახელებენ, რომ მათ ფართის მიქირავებაზე ადგილობრივმა მოსახლემ, ხელისუფლების ზეწოლის გამო, უარი უთხრა - აღსანიშნავია, რომ ასეთი პრობლემები "ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრ ადგილას ჰქონდა. თუმცა, ისინი ოფისების დაქირავებას მაინც ახერხებდნენ. "ქართული ოცნების" წარმომადგენელ სოზარ სუბარის თქმით, ადიგენში პრობლემა იყო ის, რომ პარტიული მუშაობისთვის საჭირო ადგილის დაქირავება გახდა შეუძლებელი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პარტიული შტაბი კარავში / "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ოფისების დაქირავებისას პრობლემებს უქმნის.

"ასეთი დაშინებები, რომ ჩვენთვის ბინები არ მოექირავებინათ, ბევრგან იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველგან გადაწყდა, რადგან ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან ზონდერსტრუქტურებს. ამ ადამიანებს, ვისგანაც ამ შენობების დაქირავება გვინდოდა, რომ გამოკითხოთ, ეს შემოსავალი მათთვის ნამდვილად მისწრება იქნებოდა. თუმცა, ბევრგან მაინც ვერ იმორჩილებენ მოსახლეობას. ერთადერთი, სადაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ოფისის დაქირავებას, არის ნინოწმინდა. ახალქალაქში ერთ-ერთი შენობის მეპატრონე, ვისგანაც ვაპირებდით დაქირავებას, გააფრთხილეს, რომ ჩვენთვის ოფისი არ მოექირავებინა, თორემ პრობლემები შეექმნებოდა. მაგრამ მან მაინც მოგვაქირავა და ეს ადამიანი დაიჭირეს. ეს არის გიორგი ხჩიანი - მას დააბრალეს, თითქოს ხუთი წლის წინ უკანონოდ იყიდა რაღაც და ამის გამო ის ადამიანი ციხეში ზის, მაგრამ მაინც არ ფიქრობს, ჩვენს გამოსახლებას," - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.

"ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა, სურვილის მიუხედავად, "ქართულ ოცნებას" საკუთარ სახლებს ქირით ვერ აძლევს. სწორედ ამიტომ, "ქართულმა ოცნებამ" ადიგენის პოლიციის შენობის გვერდით სიმბოლური შტაბი დადგა," - განმარტავენ კოალიციაში. "ქართული ოცნების" სიმბოლური "შტაბი" რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბიძინა გუჯაბიძემ გახსნა. მისი თქმით, მალე მთელი მსოფლიო გაიგებს, რა ფორმით ებრძვის საქართველოს ხელისუფლება მის კონკურენტებს - "მთელი მსოფლიო გაიგებს იმ სამარცხვინო ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება ატერორებს ადგილობრივ მოსახლეობას და დევნის მას. ამის მიუხედავად, ადიგენში ჩვენი მხარდამჭერი ძალიან ბევრია", განაცხადა მან. გუჯაბიძის თქმით, ადიგენში დაახლოებით 65-70% მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს", - აღნიშნავს გამოცემა.

როგორ მუშაობენ კარვებში, დენის, წყლის, გაზის, ინტერნეტისა და კომუნიკაციების გარეშე დარჩენილი ოპოზიციური პარტიები?! როგორც ისინი ამბობენ, მსგავსი შეზღუდვებით კიდევ უფრო მეტი სტიმული ეძლევათ. კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბი ადიგენში საველე პირობებში მუშაობს. როგორც ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბიძინა გუჯაბიძე "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ადგილობრივი მოსახლეობა დაშინებულია და სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ საოფისე ფართის დაქირავებას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "გაზი, დენი, წყალი, კანალიზაცია და კომუნიკაციები გაგვითიშეს" / როგორ პირობებში უწევთ წინასაარჩევნოდ მუშაობა ოპოზიციურ სუბიექტებს.

"მეორე დღეა, რაც კარავი გვაქვს გაშლილი და ასე, საველე პირობებში ვმუშაობთ. აქაურ მოსახლეობას, იქნება ეს ჩვენი მხარდამჭერი თუ არა, დამატებითი შემოსავალი ნამდვილად არ აწყენს, მაგრამ შეშინებულნი არიან. ოჯახებს, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვმართავდით, ემუქრებოდნენ ნათესავების დაპატიმრებით. თუ რამე ბიზნესი ჰქონდათ - ჯიხური ან სხვა, მისი წართმევით. თუ ვინმეს პატიმარი ჰყავდა, ამაზე აკეთებდნენ აპელირებას. სულ 17 ადამიანთან გვქონდა მოლაპარაკებები და ყველა მათგანს გადაათქმევინეს ფართის გაქირავება. ამ ზეწოლას ახორციელებს დათო მერაბიშვილი. ესაა ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი, რომელიც დეპუტატობის კანდიდატია. ხალხი ისეთი შეშინებული იყო, ჩუმად გვეუბნებოდნენ, თქვენ გიჭერთ მხარს, მაგრამ რა გავაკეთოთ, ვერ გამოვხატავთო. ადგილზე, სადაც კარავი გვაქვს გაშლილი, ვერ გვედავებიან, ჯერ გაჩუმებლები არიან, მეტი ხმაური არ უნდათ. როგორც კი მოიცლიან, აუცილებლად განხორციელდება ჩვენ მიმართ პროვოკაციები და ჩვენც ველოდებით. ერთი რამ ზუსტად ვიცი, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰქონდეს იმის იმედი, რომ აქ გაიმარჯვებს" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა გუჯაბიძე.