რატომ მოკლეს ბონდო შალიკიანი?

რატომ მოკლეს ბონდო შალიკიანი?

რამდენიმე დღის წინ ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ბონდო შალიკიანი მოკლეს. მკვლელმა მსხვერპლს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და ბოლოს ე.წ. საკონტროლოც დაახალა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ბელორუსი სამართალდამცავები დანაშაულის მოტივად შურისძიებას განიხილავენ და მომხდარს შალიკიანის ბიზნესს უკავშირებენ. მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.

ვინ იყო ბონდო შალიკიანი და რა აკავშირებდა მას "კანონიერ ქურდებთან"?

ბონდო შალიკიანის სახელი "კანონიერ ქურდებს": ქუთაისელ გიჟუას, კვეჟოს და ტარიელ ონიანს უკავშირდება. ბოლო წლებში შალიკიანსაც კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიებდნენ, თუმცა მანამდე, როგორც ამბობენ, ქუთაისში '"პერაშკებით" ვაჭრობდა. ერთხელ, როცა შალიკიანს ერთ-ერთი კლიენტი ეჩხუბა, ახლობელმა კვეჟომ პრობლემის მოსაგვარებლად "კანონიერ ქურდ" გიჟუასთან მიიყვანა. სწორედ იმ დღიდან დაუახლოვდა შალიკიანი გიჟუას. იმერეთის იმჟამინდელი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი შალიკიანს ამ ბიოგრაფიულ შტრიხს ხშირად ახსენებდა და მას "მეპერაშკეს" ეძახდა. მოგვიანებით შალიკიანმა, გიჟუასა და კვეჟოს რეკომენდაციით ტარიელ ონიანი გაიცნო და მის მარჯვენა ხელად იქცა. ბონდო, ძირითადად, "კანონიერ ქურდებსა" და ფულიან მაღალჩინოსნებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. მან ამ საქმიანობით სოლიდური თანხა დააგროვა და უძრავი ქონებისა და კერძო ბიზნესის მფლობელიც გახდა. ეს ხდებოდა შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში, როცა "კანონიერი ქურდები" კეთილდღეობის ზენიტში იყვნენ. "ვარდების რევოლუციის" წინ კი "კანონიერმა ქურდებმა" სააკაშვილის მომხრეთა ბანაკში დაიწყეს გადაბარგება და პირველი, ვინც ასე მოიქცა, ბონდო შალიკიანის კერპი ტარიელ ონიანი გახლდათ. 2004 წელს ე.წ. პესკებზე ერთ-ერთ რესტორანში ტარიელ ონიანი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს მეგობრულ, მაგრამ საიდუმლო ვითარებაში შეხვდნენ და ონიანმა სააკაშვილს 2 მილიონი დოლარი აჩუქა. ეს ინფორმაცია იმხანად კულუარებში ვრცელდებოდა, რადგან გახმაურება ვერავინ გაბედა. თუმცა მოგვიანებით, 2010 წელს, ბადრი ბიწაძემ ეს ინფორმაცია საჯაროდ დაადასტურა. სწორედ ზემოაღნიშნული შეხვედრისას წარუდგინა ონიანმა სააკაშვილს შალიკიანის კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატად და მალე ტყიბულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელი ბონდო შალკიანი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ შალიკიანმა ნაცმოძრაობის საქმე პატიოსნად შეასრულა, მალე მან დეპუტატობაც დაკარგა და თავისუფლებაც. ირაკლი ოქრუაშვილის შს მინისტრობის პერიოდში შალიკიანი ნაციონალურმა ხელისუფლებამ სამარცხვინო მეთოდით - შუაღამისას, ნიფხავ-პერანგის ამარა, ტელეკამერების თანხლებით დააკავა. დაკავებულმა ბონდო შალიკიანმა კი მთელი ქონება სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა უძრავ ქონებაზე ხელშეკრულებას ხელი ღამის 4 საათზე მოეწერა. ეს ობიექტებია: სს "საქტრაქტორი", ქუთაისში მოქმედი საწარმოს 245 253 აქცია. გასხვისების განკარგულების თარიღი - 15.07.2004 წელი; სს "ორპირის ჩაი" - 6338 აქცია. ქ. ტყიბული, სოფ. ორპირი, მოქმედი საწარმო. 13. 07.2004 წელი; კურორტი "საირმე", სანატორიუმი. 14.07.2004. სს "ელექტრომექანიკოსი" - 222411 აქცია. ქ. ქუთაისი 13. 07.2004 წელი; სს ავტოქარხნის 2 751 088 აქცია ქ. ქუთაისი 13. 07.2004. სხვა საკითხია, კანონიერად შეიძინა თუ არა ეს ქონება თავის დროზე თვითონ შალიკიანმა, მაგრამ როცა ხელისუფლებას სამართლიანობაზე აქვს პრეტენზია, კანონი და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არ უნდა ითელებოდეს. მოკლედ, ბონდო შალიკიანი გააკოტრეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კი მან საქართველო დატოვა და უცხოეთში გადაიხვეწა.

შალიკიანის მკვლელობის ვერსიები

მიუხედავად ყველაფრისა, შალიკიანს მაინც შემორჩენია ქონების ნაწილი. მას რესტორნების ბიზნესი ჰქონდა უკრაინასა და ბელორუსში. კონფიდენციური წყაროს ინფორმაციით, ბონდო შალიკიანს "კანონიერი ქურდები" ძველ საქმეებს ედავებოდნენ: ქონება, რომელიც ხელისუფლებამ წაართვა, მისი არ იყო, ამ ქონებას, როგორც ნდობით აღჭურვილი პირი განკარგავდაო. შალიკიანს პატიმრობისას სამართალდამცავებისთვის ტარიელ ონიანის ქონებისა და ფინანსური მაქინაციების შესახებ ინფორმაცია მიუწოდებია და ეს ონიანს შეუტყვია. ტარიელ ონიანს შეუთვლია შალიკიანისთვის, "მოვა დრო, როცა გოთვერნობისა და ღალატისთვის დაისჯებიო". "ეს შემონათვალი სულაც არ ამტკიცებს იმას, რომ ბონდო შალიკიანის მკვლელობაში ტარიელ ონიანის ხელი ურევია", - განაცხადა კონფიდენციურმა წყარომ ჩვენთან საუბრისას და იქვე დასძინა, რომ გამორიცხულიც არ არის, რადგან ღალატისადმი ონიანის დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია - ის შუბლში ტყვიით მთავრდებაო. ქურდულ სამყაროში ხშირად საუბრობდნენ ტარიელ ონიანის მარჯვენა ხელად ცნობილ ბონდო შალიკიანის გადაბარგებაზე ონიანის მოწინააღმდეგე შაქრო კალაშოვის ბანაკში. მოკლედ, ბონდო შალიკიანის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება და კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობა სახელდება. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც: მოსკოვში მოკლული რომან დუმბაძისა და ბონდო შალიკიანის მკვლელობებს შორის კავშირი. რომან დუმბაძესა და ბონდო შალიკიანს აჭარის ხელმძღვანელ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდიდან ჰქონდათ ახლო ურთიერთობა. შალიკიანი და დუმბაძე რუსეთში ნავთობის ბიზნესში იყვნენ ჩართული... ორივე მკვლელობა ერთნაირი ხელწერითაა შესრულებული: რამდენიმე გასროლა და ბოლოს - საკონტროლო. მკვლელობის ასეთ ფორმას ქურდულ სამყაროში საბოლოო ვერდიქტად, გარდაუვალ მკვლელობად მოიხსენიებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "კანონიერმა ქურდებმა" საბოლოო გადაწყვეტილება უკვე გამოიტანეს. ფაქტია: ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთში საეჭვო ვითარებაში ორი ქართველი გამოასალმეს სიცოცხლეს, მკვლელობები კი დღემდე გაუხსნელია.