საქართველოს პარლამენტმა ახალი მთავრობა 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ ა.წ. 4 ივლისს დაამტკიცა. თუმცა ერთი თვის შემდეგ მთავრობაში ისევ ცვლილებებია, ფინანსთა მინისტრის პორტფელი დიმიტრი გვინდაძეს დაატოვებინეს და ის ენერგეტიკის აწ უკვე ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს გადააბარეს. გამოთავისუფლებული სავარძელი კი ყველასთვის მოულოდნელად "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ვახტანგ ბალავაძემ დაიკავა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ გახდა საჭირო ასე მალე სამთავრობო ცვლილებები? ამის პარალელურად მმართველმა გუნდმა თავისი კანდიდატები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში დაასახელა. "ნაციონალური" ათეული ასე გამოიყურება: ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის გიორგი კარბელაშვილი, მთაწმინდაზე - არჩილ გეგენავა, კრწანისში - დავით საყვარელიძე, გლდანში - ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, ნაძალადევში - მერაბ სამადაშვილი, ჩუღურეთში - ანდრო ალავიძე, ისანში - გიორგი ვაშაძე, სამგორში - მიხეილ მაჭავარიანი, საბურთალოზე - ანდრია ურუშაძე და დიდუბეში - გიორგი ჩაჩანიძე. მიმდინარე პროცესების შეფასება პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვთხოვეთ:
- ვფიქრობ, ეს სამთავრობო ცვლილებები მოულოდნელი იყო არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ თვითონ ინიციატორებისთვისაც. გაჩენილ კითხვებზე პასუხი გაჭირდება მანამ, ვიდრე არ შევიტყობთ, რა ბედი ეწევა ფინანსთა ყოფილ მინისტრს - დასჯიან, უბრალოდ დააქვეითებენ თუ დააწინაურებენ. ყველაზე მოულოდნელი ის არის, რომ ისეთ მნიშვნელოვან დარგს, როგორიც არის ენერგეტიკა და რომელიც ამ ხელისუფლების მიერვეა დასახელებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საფუძვლად, სათავეში ჩაუყენეს ადამიანი, რომელსაც ამ სფეროსი არაფერი გაეგება, მეტიც, მისთვის ეს თანამდებობა საშიშია. ვჩქარობ, გავაფრთხილო ვახტანგ ბალავაძე, რომ შტეფსელში თითი არ შეყოს, დენი დაარტყამს! ვიღაცამ უნდა აუხსნას ამ ადამიანს, რა არის ელექტრობა, რა არის ძაბვა და ა.შ. ვიმედოვნებ, რომ ამ კაცის მინისტრობა ქვეყანას წინასაარჩევნო პერიოდში ელექტროენერგიის პერმანენტულ გათიშვად არ დაუჯდება. ის, რომ ხეთაგური გახდა ფინანსთა მინისტრი, იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას კადრების სერიოზული დეფიციტი აქვს. ის იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული მინისტრი ენერგეტიკის სფეროში, ის, რომ მისი მფარველი გილაური ჯერ ენერგეტიკის მინისტრი იყო, შემდეგ - ფინანსთა, შემდეგ კი - პრემიერი, არ უნდა მიანიშნებდეს მაინცდამაინც იმაზე, რომ კარიერაში მასაც იგივე გზა ელის. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ცვლილებები, ერთადერთი - ენერგეტიკა მეცოდება ბალავაძის ხელში, ფინანსებს კი, როგორც წესი, ჩვენთან ფინანსთა მინისტრი არ განკარგავს. ფინანსების განმკარგველებად დიდწილად აქამდეც იყვნენ და კვლავაც რჩებიან ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი, ისინი თანხების გაკონტროლებას ნებისმიერი თანამდებობიდან მოახერხებენ.
- ბევრი მიიჩნევს, რომ ამ სამთავრობო ცვლილებების ძირითადი მიზეზი დიმიტრი გვინდაძეა.
- კი დაგვპირდნენ, ორ დღეში ახალ თანამდებობას შევთავაზებთ გვინდაძესო, მაგრამ ვინაიდან ჯერ არაფერი ვიცით მისი მომავლის შესახებ, ბუნებრივია, ჩნდება ასეთი ვარაუდის საფუძველი, რომ სწორედ გვინდაძემ შეუშალა მათ რაღაცაში ხელი. შესაძლოა, ამ ადამიანს აღმოაჩნდა რესურსი და უარი თქვა მანქურთობაზე. თუ მასში დამოუკიდებლობის მცირე სურვილიც კი შენიშნეს, ბუნებრივია, მოიშორებდნენ.
- უკვე ცნობილია თბილისის საარჩევნო ოლქებში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები, ისინი აქამდე ძირითადად ადმინისტრაციულ თანამდებობებზე იყვნენ.
- თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ძალიან პოპულარული ადამიანები წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატებად თბილისში და ეს გამარჯვების გარანტიაა, ცდება. ახალი სახეები, ბუნებრივია, უცებ ვერსაიდან გამოჩნდებიან, მაგრამ აშკარაა, რომ ხელისუფლებაში კადრების დეფიციტია. მაგალითად, დავით საყვარელიძე საკმაოდ მომზადებული ახალგაზრდაა, როგორც ამბობენ, კარგი იურისტი და თითქოს ახალი სახეა "ნაციონალური მოძრაობისა". თავის დროზე მისი მისვლით პროკურატურაში ელოდნენ, რომ ახლებური მიდგომები დაინერგებოდა ამ სისტემაში და ბევრი რამ, სამართლიანობის თვალსაზრისით, სასიკეთოდ შეიცვლებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. პირიქით, სწორედ მისი მუშაობის პერიოდში იქცა პროკურატურა პოლიტიკურად ყველაზე მეტად ანგაჟირებულად. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ადამიანი გატარებულია ქართული პროკურატურის უსამართლობის მანქანაში, შესაბამისად კი, თავისი დარგის პროფესიონალის ნაცვლად, მივიღეთ ნაცმოძრაობის კიდევ ერთი ფუნქციონერი, რომელსაც პარტია და სახელმწიფო ერთი და იგივე ჰგონია. ამიტომ საზოგადოებაში მის მიმართ დიდი ნდობაც ვერ იქნება. მეორე მხარეს კი ჰყავთ მიხეილ მაჭავარიანი, ძველისძველი კადრი, რომელსაც უკვე აქვს ერთხელ სამგორის რაიონში გამარჯვების გამოცდილება, ოღონდ გაიმარჯვა მეორე ტურში და გაიმარჯვა ყველასთვის ცნობილი გზით. ვისაც სურს წარსულში დაბრუნება, ხმას მისცემს სწორედ მაჭავარიანს. წარსულში დაბრუნება ეს არ იქნება მხოლოდ ნაცმოძრაობის მიმართ პატივისცემის გამოხატვა, არამედ "მოქალაქეთა კავშირის" მიმართაც. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, იყო დრო, როდესაც ვაშაძე ნეიტრალური და წარმატებული რეესტრის ხელმძღვანელად განიხილებოდა, თუმცა დღეს ეს სამსახური ისეთი პოლიტიზებულია, რომ ვაშაძეც მხოლოდ პარტიის "დიად" მიზნებთან ასოცირდება. ის მახინჯი პროცესები, რაც ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით ხდება, რეესტრის დახმარების გარეშე ვერ განვითარდებოდა. გვახსოვს არჩევნები, როდესაც ერთ მისამართზე 40 ადამიანიც კი იყო ჩაწერილი და ამის გამო რეესტრში არავინ დასჯილა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბატონი ვაშაძე გაყალბების დიდოსტატია, თუმცა სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს - არ ვარ დაწმუნებული, რომ ეს მისი სურვილი იყო.
- როგორ შეაფასებთ "დიდგორობაზე" განვითარებულ მოვლენებს და იქ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას?
- სამწუხაროდ, ვნახეთ "დიდგორობის" საერთო-სახალხო ბრწყინვალე დღესასწაული როგორ გამოიყენეს ვიწროპარტიული ინტერესისთვის, რაშიც უკვე მკაფიოდ იკვეთება ხელისუფლების სურვილი - სახელმწიფოსთან მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იყოს ასოცირებული და სხვა არავინ. ამისთვის მზად არიან, ნებისმიერი სახელმწიფო დღესასწაული აღბეჭდონ მხოლოდ ერთი პარტიის ნიშნით. ამას უკვე არ ვიცი, რა ჰქვია. სააკაშვილი ბრძანებდა, რომ დიდგორის ბრძოლა აქვს თურმე გადასატანი, ისეთ პარალელებს ავლებდა აღმაშენებელთან, ჯვაროსნებსა და ნატოს შორის - სირცხვილია საერთოდ ამაზე ლაპარაკი. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი უპირველესად ქვეყნის იმიჯს აზარალებს. იმედია, საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის ბოლშევიკურ წარსულში დაბრუნებას, რისი დიდი ალბათობაც არის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში. თუნდაც დამოკიდებულება მედიის მიმართ, ის პრიმიტიული შიში თავისუფალი სიტყვისა, რომელსაც ამჟღავნებს "ნაციონალური მოძრაობა". მათი ამგვარი სამარცხვინო მოქმედება, ძალაუნებურად გვაბრუნებს ვლადიმერ ილიას ძე ლენინთან, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: "სიტყვის თავისუფლება? - ჩვენ არ ვაპირებთ არსებობის თვითმკვლელობით დასრულებას". დღესაც ასეა - სააკაშვილს პოლიტიკურ თვითმკვლელობად მიაჩნია თავისუფალი სიტყვა საკუთარ ქვეყანაში. "მაესტროსა" და "გლობალის" შეთავაზებულ სატელიტურ თეფშებს რა ბედი ეწიათ, ვნახეთ, ახლა ვნახოთ, რა მოიმოქმედა ხელისუფლებამ იმ ემიგრანტების წინააღმდეგ, ვინც ეუბნებოდა, თქვენ გადმოგცემთ 50 ათას სატელიტურ თეფშს და მიეცით საშუალება საქართველოს მოსახლეობას, მოისმინოს ალტერნატიული აზრიცო, ამის საპასუხოდ ხელისუფლებამ მადლობა კი არ გადაიხადა, არამედ, გამოსცა ბრძანება, რომლითაც ჩვენი დიასპორის 200 ათასამდე წარმომადგენელი, ვისაც სურდა არჩევნებში მონაწილეობა, ხმის გარეშე დატოვა.
- ბატონო სოსო, რას იტყვით მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ მან თითქოს 2008 წელს ოკუპირებულ ფოთში გაბედა ჩასვლა?
- ეს არის ისეთი კლინიკური შემთხვევა, რომ არ ვიცი, ღირს კი ამაზე ლაპარაკი საერთოდ, თუმცა ერთ ფაქტორს გავუსვამ ხაზს - ეს საოცარი განცხადებები, რასაც ბოლო ხანს პრეზიდენტისგან ვისმენთ, ნაწილობრივ მისი უახლოესი გარემოცვის პოლიტიკა მგონია. ეს გარემოცვა იყენებს სააკაშვილის ზოგიერთ უარყოფით თვისებას - შეგნებულად ახალისებს მას ამგვარი აბსურდული განცხადებებისთვის. როგორც ჩანს, ცდილობენ პრეზიდენტის ავტორიტეტის დამარხვით რამენაირად თავი გადაირჩინონ. მე გამიხარდებოდა, ქვეყნის პრეზიდენტს შეენარჩუნებინა ღირსება და ოთხი წლის განმავლობაში "გასაიდუმლოებულ" "ღრუბელ-ღრუბელ" ფრენაზე არ ელაპარაკა. როდესაც ლაპარაკია ქვეყანაში შიშის ფაქტორზე, ეს შიში არ არის მხოლოდ განცდა რიგითი ამომრჩევლისა, ეს ახასიათებს მმართველ ძალასაც, რადგან მათ საკუთარი მომავლის შიში კიდევ უფრო მეტად აშფოთებთ. მით უფრო, რომ მათი შიში არცთუ უსაფუძვლოა. აშკარაა ისიც, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, გააყალბოს არჩევნები, ამისთვის მზადება თვალსაჩინოა - ეს უკმეხი და არაფრისმსგავსი რიტორიკა, ის, რომ მასთქერის მოქმედების ვადა სწორედ არჩევნების დღეს იწურება და ა.შ. მაგრამ დღეს ქვეყნის ცხოვრებაში დგას მომენტი, როდესაც გადამწყვეტი არჩევნებში მართლაც ხალხის პოზიცია იქნება.
- ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ, რომ შესაძლოა სწორედ მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგეს "ნაციონალური მოძრაობის" სიას სათავეში.
- არაფერს გამოვრიცხავ, სააკაშვილის ნაბიჯების პროგნოზირება სრულიად შეუძლებელია, თუმცა მისი ამ არაპროგნოზირებადი ნაბიჯების ძირითადი შემოქმედი არის მისი უახლოესი გარემოცვა, რომელმაც წინმსწრებად ჯერ თავისი სინდის-ნამუსი დაიყადაღა, მერე კი გადავიდა მთელ ქვეყანაში "ყადაღის ინსტიტუტის" დანერგვაზე.