"ჩვენ ყველგან პირველები უნდა ვიყოთ! ჩვენ უნდა ვაჯობოთ ყველას და ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ ყველგან" - როგორც ამბობენ, ამას ამბობდა ჯერ კიდევ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მაშინ, როცა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. "ყველგან სიტყვის თქმა" პოლიციის მრავალრიცხოვან არმიას სოციალურ ქსელშიც დასჭირდა მაშინ, როცა ივანიშვილის მომხრეებმა გამოაქვეყნეს სააკაშვილისა და ივანიშვილის ფოტოები წარწერით - "ვის უჭერთ მხარს, დაალაიქეთ". სწორედ მაშინ იყო, რომ "ფეისბუქ-ბუმი" კაბინეტებიდან მეტროს სადგურებში გადავიდა და თითქმის ყველა სადგურში ერთსა და იმავე სურათს ნახავდით - ახალგაზრდა ბავშვები ლეპტოპებით ხელში გაჩერებდნენ და გთხოვდნენ შეგესრულებინათ "სულ რაღაც ერთი წუთის საქმე", ანუ შესულიყავით თქვენს გვერდზე და და მოგეწონებინათ სააკაშვილის ოფიციალური გვერდი", - წერს გაზეთ "ალია" სტატიაში სათაურით რამდენს უხდიან პოლიციელებს "ფეისბუქზე" მიშას სურათის დალაიქებისა და კომენტარისთვის?!
"მეტრო "სამგორში" ამ პროცედურას მაშინ "ალიაც" შეესწრო. თუ იყო ისეთი შემთხვევა, რომ არ იყავით სოციალური ქსელის მომხმარებელი, ახალგაზრდები ამ "პრობლემას" გიხსნიდნენ და თავად გარეგისტრირებდნენ "ფეისბუქში". სააკაშვილის გვერდის მოწონების შემდეგ, მომდევნო ერთი წუთი უნდა დაგეხარჯათ სააკაშვილისა და ივანიშვილის სურათის მოწონებით, რა თქმა უნდა, მიშას სასარგებლოდ. როგორც ჩანს, ამ მეთოდმა გაამართლა, მერაბიშვილის დანერგილი სქემა ახალაიამ გააფართოვა - სააგენტო "ივერონის" ცნობით, კრიმინალური პოლიციის, კუდ-ის, სოდ-ის, თანამშრომლებსა და დეტექტივ-გამომძიებლებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ. წლების განმავლობაში ძალოვანი უწყების რამდენიმე თანაშრომელს სოციალურ ქსელებზე დარეგისტრირება აკრძალული ჰქონდა. "ოდნოკლასნიკებსა" და "ფეისბუქზე" ისინი სხვა სახელითა და გვარით რეგისტრირდებოდნენ, ახლა კი თანამშრომლები აიძულეს, რომ დარეგისტრირდნენ და საკუთარი გვერდი კონკრეტული დავალებების შესასრულებლად გამოიყენონ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ყველაზე ხშირად პოლიციელებს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის გაზიარება, მოწონება და კომენტარების დადება ევალებათ. წყარომ ისიც გვითხრა, რომ რამდენიმე თანამშრომელს, პირადის გარდა, "ფეისბუქზე" სხვადასხვა სახელით 4-5 გვერდი აქვს შექმნილი და თითოეულს სახელისუფლებო დავალებებისთვის აქტიურად იყენებს. ცნობილი გახდა ისიც, რომ კომენტარების ტექსტები, რომლებიც პოლიციელებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა დაწერონ, მათ წინასწარ მიეწოდებათ. "ალიას" ინფორმაციით, კომენტარები და მოწონებები ფასიანია და როგორც წყარო აცხადებს, "თითო კომენტარი ერთი ლარი ღირს, მოწონებები კი 5 ლარადაა შეფასებული", - დასძენს გამოცემა.
"არის ისეთი შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ინფორმაციაზე ან სურათზე დაიდება კომენტარი და შემდეგ ქრება - ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარი "მაღლა" არ მოეწონათ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ თანამშრომლების სოციალურ ქსელში "მუშაობას" მოსმენების სამსახური აკონტროლებს. შეიძლება ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია - სპეციალური სამსახური შეიქმნა, რომელიც სოციალურ ქსელში "მომუშავეებს" აკონტროლებს. ეს სამსახური დაკომპლექტებულია ძირითადად იმ ადამიანებით, ვინც თავის დროზე ჰაკერობისთვის დააკავეს. ამ თანამშრომლების სახელფასო განაკვეთი 600-დან 900 ლარამდეა", - წერს სტატიის ავტორი