არაკვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის წარდგენის ვადა ეწურებათ.
ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი 41-მა პარტიამ შეიტანა. აქედან კვალიფიციურია მხოლოდ 16. 25 არაკვალიფიციური პარტიიდან კი სავალდებულო 25 ათასი ხელმოწერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის მხოლოდ 6 პარტიამ შეიტანა. ხელმოწერების მიღების ვადა ცესკოში დღეს 18 საათზე იწურება.
"ივერონმა" ცესკოს მონაცემებს გადახედა და იმ პარტიებით დაინტერესდა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოხატეს, თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებად ან საერთოდ უცნობები არიან.
7 აგვისტოს ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. №2 მამულიშვილთა ორდენი "სამშობლოა", პოლიტიკურ პარტიას გრიგოლ სოხაძე თავმჯდომარეობს, პარტიის ოფისი კი ქუთაისშია დარეგისტრირებული, თუმცა მითითებულ სატელეფონო ნომერზე უკვე ერთი კვირაა არავინ პასუხობს. სხვა ინფორმაცია პარტიაზე და მის ხელმძღვანელზე არ იძებნება.
ამ დროისთვის ცესკომ № 21 მიანიჭა პოლიტიკურ პარტიას "უფლის სახელით -უფალია ჩვენი სიმართლე". Google-ის საძიებო სისტემაში ამ სახელწოდების პარტია საერთოდ არ იძებნება, მონაცემები პარტიის შესახებ არც საინფორმაციო ცენტრ 08-სა და 09-ში მოიპოვება. თუმცა როგორც ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან დანგაძემ განგვიცხადა, პარტიამ 25 ათასიანი ხელმოწერა ცესკოს უკვე მიაწოდა. მისივე ინფორმაციით, პარტიის ხელმძღვანელი მიხეილ სალუაშვილია, ცესკოში წარმომადგენელი კი ნათელა მიქელაძე. პარტიის სათავო ოფისის მისამართი და საკონტაქტო ნომერი "ივერონს" ცესკოში იმ "მარტივი მიზეზით" არ მისცეს, რომ "არასაჯარო ინფორმაციად" მიიჩნიეს.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კიდვ რამდენიმე საინტერესო, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობმა პარტიამ გამოთქვა. მათ შორისაა "საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია", რომლის ხელმძღვანელიც ვინმე ბიჭიკო ქართლოსიშვილია. თუმცა, როგორ აპირებს ბატონი ბიჭიკო ეკონომიკის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას ისეთივე უცნობია, როგორც პარტიის მისამართი და არჩევნებში მონაწილეობის მიზანი. მსგავსი ისტორია აქვს "საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირს".
კიდევ ერთი პარტია, რომლის შესახებაც ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით საქართველოს მშრომელა საბჭოა. ცნობილი მხოლოდ თავმჯდომარის ვინაობაა - თამაზ ჯაფოშვილი.
არჩვენებში მონაწილეობას ზვიად გამსახურდიას ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას ყოფილი პარტია "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა"-ც ღებულობს, თუმცა ახლა პარტიას მალხაზ გორგასლიძე ხელმძღვანელობს. პარტია 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებშიც მონაწილეობდა, სადაც 5-პროცენტიანი ბარიერი მესტიის მუნიციპალიტეტის გარდა ვერცერთ თვითმართველ ერთეულში ვერ გადალახა. 2011 წელს მას შემდეგ რაც კონსტანტინე გამსახურდიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა, პარტიამ დაკარგა წარმომადგენლობა პარლამენეტში.
საჭირო 25 ათას ხელმოწერაზე 5 ათასით მეტი ხელმოწერა მიაწოდა ზურაბ ხარატიშვილს პოლიტიკურმა პარტიამ "დედა სამშობლომ". მისი ხელმძღვანელი თეიმურაზ გუგეშაშვილია. თუმცა "ივერონს" დღეს მის ნაცვლად "პარტიის ახლო მეგობარი", ბატონი გოჩა ესაუბრა, რომელმაც გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა. მან ექსკლუზიურად გაგვანდო, რომ პარტია არჩევნებშიი არა გამარჯვებისთვის, არამედ საკუთარი პროგრამების საზოგადოებისთვის გასაცნობად მონაწილეობს.
"ჩვენი პარტია ძალიან საინტერესო პარტიაა. ვაპირებთ რამდენიმე პროგრამის პრეზენტაციას. განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან და საშუალო ფენის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ცოტა კი დაგვაგვიანდა, მაგრამ თვის ბოლოდან აუცილებლად გავაქტიურდებით. თვითდაჯერებულება არ გვაქვს, რომ არჩევნებში ბარიერს გადავლახავთ, მაგრამ ხალხს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩვენი პროგრამის შესახებ გავაცნობთ. სამწუხაროდ ამ დრომდე არცერთი პრესკონფერენცია არ ჩაგვიტარებია, თუმცა თვის ბოლოდან დავიწყებთ და 1 თვეში ძალიან ბევრს მოვასწრებთ"- განაცხადა ბატონმა გოჩამ.
ცესკოს მონაცემებით რეგისტრაცია უკვე გაიარა პოლიტიკურმა პარტიამ " ჩვენმა ქვეყანა"-მ. პარტიის თავმჯდომარე თამაზ ღუღუნიშვილია, ცესკოში წარმომადგენელი კი ნიკოლოზ ღუღუნიშვილი. "ივერონი" პარტიის პროგრამით დაინტერესდა, თუმცა გარდა იმისა, რომ პარტიის რეკვიზიტები საძიებო პორტალებზე არ იძებნება, ქოლ-ცენტრების მონაცემებით, პარტია 2012 წლის 27 იანვარს საერთოდ გაუქმდა.
როგორც ჩანს, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მკვდარი სულების გარდა, გარდაცვლილი პარტიებიც მიიღებენ.