ტოტალური ინკასო:

ტოტალური ინკასო: "ქართულ ოცნებას" ფული აღარ დაუტოვეს

"დაჯარიმებების და დაყადაღებების შემდეგ სახელმწიფომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების მიმართ კიდევ ერთი იძულებითი მექანიზმი აამუშავა და მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიებს ანგარიშებზე არსებული თანხა ჩამოეჭრათ და შემდგომ განხორციელებული გადარიცხვებიც ავტომატურად ქვეყნის ბიუჯეტში წავა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ტოტალური ინკასო: "ოცნებას" ფული აღარ დაუტოვეს / "ამ შეზღუდვებით გვაიძულებენ, რომ კრეატიულები ვიყოთ და პრობლემების გადაწყვეტას შემოქმედებითად მივუდგეთ".

"ანგარიშზე ინკასოს დადების შემთხვევაში ამ ანგარიშზე მოხვედრილი ნებისმიერი თანხა, არა აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით მოხვდა ის ანგარიშზე, ავტომატურად იჭრება და მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში იმ ჯარიმის თანხის დასაფარად, რომელიც ამ პარტიებს დააკისრეს უკანონო შემოწირულობის მიღებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად დღეს ყველა პარტიის ანგარიშზე ნულები წერია, აწი თუ რამე ჩაირიცხება, იმასაც ავტომატურად მოჭრიან. შესაბამისად, პარტიებს ერთმევათ ყველანაირი შესაძლებლობა, გასწიონ ნებისმიერი ხარჯი, მათ შორის გადაიხადონ ფული პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, დაიქირაონ ტრანსპორტი, გადაიხადონ დაქირავებული ოფისების იჯარის ხარჯები, დაბეჭდონ სააგიტაციო მასალა და ა.შ. ერთადერთი, რისი შესაძლებლობაც რჩება, არის ის, თუ მეორე მხარე დათანხმდება იმას, რომ პარტიებმა საფასური შემდგომ გადაუხადონ - მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ სააგიტაციო მასალების დაბეჭდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ასეთი თანხმობა არ იქნება, ამასაც კი ვეღარ შეძლებენ. ეს "ქართული ოცნების" საქმიანობის ბლოკირებაა," - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამართლებრივ საკითხთა ექსპერტი, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე.

"რესპუბლიკური პარტიის" აღმასრულებელი მდივანი გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით თანხები მხოლოდ 4 პარტიის ანგარიშიდან იჭრება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას უახლოეს მომავალში იგივე ბედი ეწიოს. მისი განმარტებით, ანგარიშები ბოლომდე განულებული არ არის - შესაბამისად, პარტიების წარმომადგენლებს ზოგ შემთხვევაში უმართლებთ და თანხის გამოტანას მანამდე ასწრებენ, სანამ ანგარიშიდან მოიჭრება: "დაახლოებით 10 დღეა, "რესპუბლიკური პარტიის", "თავისუფალი დემოკრატების", "კონსერვატიული პარტიის" და "ეროვნული ფორუმის" ანგარიშიდან თანხა იჭრება. ინკასო ანგარიშებს მანამ ედება, სანამ საჯარიმი თანხას არ ამოიღებენ, ასეთი დიდი თანხები ჩვენს ანგარიშებზე არ მოძრაობს, რომ ჩვენ ერთდროულად შევძლოთ ამ ჯარიმის დაფარვა. ვფიქრობთ, ამის ამოწურვას დიდი დრო დასჭირდება", - აცხადებს აგულაშვილი, რომლის თქმითაც, თანხის ჩამოჭრას მხოლოდ სახელმწიფო აკონტროლებს - ერთ კვირაში შეიძლება კენტ რიცხვებში მოხდეს ამოჭრა, მეორე კვირაში - ლუწ რიცხვებში და ყოველივე ამის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს"- აღნიშნავს გამოცემა

"ეს პროცესი არაპროგნოზირებადია. როდის მოუნდებათ ანგარიშის განულება, არ ვიცით. როგორ ხასიათზეც გაიღვიძებენ, იმის მიხედვით გვაჭრიან თანხებს. თუმცა, საბანკო ანგარიშებიდან თანხის გამოყენების შემთხვევები არის, რაც დაყადაღების შემთხვევაში წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, ეს მათი მხრიდან პიარსაც ემსახურება, რომ სათქმელი ჰქონდეთ, მთლიანად კი არ დავაყადაღეთ ეს ანგარიშები, არამედ მათ გადარიცხვების გაკეთებაც შეუძლიათო. მაგალითად, მე გუშინ ანგარიშზე 1320 ლარი მქონდა, 1200 ლარი ჩამომაჭრეს და ახლა 119 ლარი მაქვს. თანხას როდის ჩამომაჭრიდნენ, არ ვიცოდი. არაპროგნოზირებადი პროცესია. ამის გაკონტროლება არც სამართლებრივად შეიძლება. საფუძვლები, როდის რამდენი უნდა ჩამოგვაჭრან, არ არსებობს... ამ ქვეყანაში უკვე ისე არის დარღვეული სამართლებრივი ჩარჩოები, რომ ზედმეტი თანხის ჩამოჭრაც არ არის გამორიცხული, მათთვის ყველაფერი დასაშვებია. შეუძლებელია გონივრულ ჩარჩოებში პროგნოზირება. საერთოდ, კანონისადმი დამოკიდებულებაში მოქალაქეებს განჭვრეტადი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ - მისი ქცევა რას იწვევს, ან არ იწვევს. მაგრამ ახლა, ამ სიტუაციაში მოლოდინი არ არსებობს. სათამაშო მოედანზე გამოდიხარ და თამაშის წესებს გიცვლიან. შესაბამისად, მომხდარ ფაქტებზე უკუქცევის ძალას ავრცელებენ. ამ ქვეყანაში სამართალი მოკვდა. სამართლის და წესების გარეშე ვერაფერს ვხდებით", - ამბობს გიგა აგულაშვილი.

"ჩვენთვის არც ის უცნობებიათ ოფიციალურად, თუ რატომ და რისთვის დაედო ანგარიშებს ინკასო, ან სადამდე შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს. მოსალოდნელია, რომ ამ პარტიების ბედი კოალიციაში შემავალმა დანარჩენმა პარტიებმაც გაიზიარონ. სასამართლო გადაწყვეტილებით, არა მარტო პარტიებს, ჯარიმა დაეკისრა საზოგადოებრივ მოძრაობასაც, ანუ მეშვიდე სუბიექტად საზოგადოებრივი მოძრაობა იქნა მიჩნეული. გარდა ამისა, მანდ იყო ერთი გარემოებაც, რომ ჯარიმა დაეკისრათ იმ სუბიექტებს, რომლებიც იმ დროისათვის ბუნებაში არ არსებობდნენ, რა დროსაც შემოწირულობა მოხდა. სასამართლომ საკმარისად მიიჩნია ის ფაქტები, რომელიც "მენეჯმენტ სერვისის" სასამართლო პროცესის დროს იყო გამოკვლეული. ანუ, ჩვენ წინააღმდეგ ის მტკიცებულებები გამოიყენეს, რომლის გამოკვლევაშიც ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია... ამ დროს ფიზიკურად არც "ქართული ოცნება" არსებობდა. სასამართლომ ეს არგუმენტები არც კი განიხილა", - განმარტავს რესპონდენტი

"არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფომ იძულებითი აღსრულების სხვა ფორმებსაც მიმართოს, მაგალითად, ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციას. თუ სხვა უფრო უხეში ფორმების გამოყენება მიანიჭებთ სიამოვნებას, ამასაც მიმართავენ. ამ შემთხვევაში შესაძლოა ბალანსზე არსებული მატერიალური მოძრავი ქონება - სკამი, მაგიდა, საოფისე ტექნიკა, კომპიუტერები აღწერონ, გაიტანონ აუქციონზე და გაყიდონ. თუმცა, ესეც არ არის კატასტროფა. თუ თანხებს ჩამოგვაჭრიან, რამე სხვა გზას გამოვნახავთ იმ მომსახურების და სერვისების შესაძენად, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ქმედება იმდენად ეფექტური იქნება, რომ ჩვენ გაგვაჩერებენ. შეუძლებელია ამით გაგვაჩერონ!", - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" აღმასრულებელი მდივანი.

"შარშანდელი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რომელიც ძალაში 28 დეკემბერს შევიდა, ფაქტობრივად ჩვენი დევნა-შევიწროების სერიალია სხვადასხვა ფორმით და ხერხით. ამ პროცესში ყველა სახელმწიფო სტრუქტურაა ჩათრეული - აუდიტის სამსახური, სასამართლო და აღსრულების ეროვნული ბიურო - სახელმწიფო სამსახურის თითქმის ყველა შტო. შესაბამისად, მესმის, როცა ასეთი მონსტრი გებრძვის, პრობლემები დიდია და გამოძახილი ჩვენს საქმიანობაში აქვს. ამ შეზღუდვებით გვაიძულებენ, რომ კრეატიულები ვიყოთ და პრობლემების გადაწყვეტას შემოქმედებითად მივუდგეთ. ეს გამოწვევა მიღებული გვაქვს და ღირსეულ პასუხს გავცემთ", - დასძენს გიგა აგულაშვილი.