15 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 19 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საჯარო სამსახურების, გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების კონცენტრაცია შეინიშნებოდა.
აქ თავმოყრილი საჯარო მოსამსახურეები მიკროავტობუსებში სხდებოდნენ. როგორც გაირკვა, ისინი ბათუმში მიჰყავდათ კონცერტზე დასასწრებად.
ამ ფაქტის გასაშუქებლად მოსულ "ინფო9"-ის ჯგუფის ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს გამგეობის თანამშრომელმა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, სახეში გაარტყა. ოპერატორს დარტყმის შედეგად კამერა სახეში მოხვდა. ინციდენტს დიდი შეხლა-შემოხლა მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის "ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ალექსანდრე იმნაიშვილი დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა.
ჩვენი იქ მისვლის დროს, ოპერატორი საავადმყოფოში დაგვხვდა გადაყვანილი. ხოლო იქ მყოფი შემთხვევის თვითმხილველები, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ ნერვიულობა, მიკროავტობუსებში სხდებოდნენ.
ადგილზე დაგვხვდა გამგებლის მოადგილე კახა ასკურავა, რომელსაც ფაქტის შესახებ ვკითხეთ. ასკურავა მომხდარის შეფასებისას არაადეკვატურად იქცეოდა – იფიცებოდა, რომ მას არაფერი დაუნახავს და ისტერიულად იცინოდა.
როცა ვერც ერთი თვითმხილველისგან ვერ მოვახერხეთ სიმართლის გარკვევა, საავადმყოფოში წავედით დაზარალებული ოპერატორის სანახავად.
დავით ჩავლეიშვი მიმღებში იმყოფებოდა. მან გვითხრა, რომ არ იცნობს მოძალადეს და ვერც იმას ხვდება, რამ გამოიწვია მისი აგრესია. როგორც ჩავლეიშვილი ამბობს, "ინფო9"-ის ჯგუფის მისვლით გაღიზიანებულ ახალგაზრდა ჩინოვნიკს მოულოდნელად დაურტყამს მისთვის.
ჩავლეიშვილს გატეხილი აქვს შუბლი, დაზიანებული აქვს მარჯვენა თვალი, ხოლო სახე – მთლიანად გასისხლიანებული. მისი სისხლის კვალი შეინიშნებოდა საინფორმაციო სააგენტოს კუთვნილ მანქანაზეც.
ექიმები დაზარალებულის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ და ამბობენ, რომ მას საღამოსვე გაწერენ სახლში.
ამ წუთებში "ინფო9"-ის ჟურნალისტი ნინო ხელაძე და მისი კოლეგები ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს შენობაში დაკითხვაზე იმყოფებიან.