"მინდა ვამცნო საზოგადოებას, რა მეთოდებით აპირებს ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას და რა მზაკვრული გეგმები აქვთ ჩაფიქრებული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. დამიკავშირდა ჩემი ახლობელი ახალწვეული და მთხოვა, გამევრცელებინა მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა `ივერიელის~ თავმჯდომარე ლევან კოჭლოშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "200-მდე ჯარისკაცს 10 ინსტრუქტორი მიტინგების დასარბევად წვრთნიდა" / "თითო პოლიციელს 10 პირის დაკავება - "დავერბოვკება" დაევალა".
"აი, რა მიამბო მან: 3 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, ხუთ ყვითელ ავტობუსში (#25-ში) დაახლოებით 200-მდე ჯარისკაცი ჩასხეს. ისინი ვაზისუბნის სამხედრო ნაწილიდან წაიყვანეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მოდულის შენობაში. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ ჯარისკაცებით სავსე თითოეულ ავტობუსში 2-2 მამაკაცი ავიდა. შემდეგ ჯარისკაცები ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოდულის შენობიდან გამოსული 10 მამაკაცი ინსტრუქტორები იყვნენ, რომლებსაც ჯარისკაცების წვრთნა ევალებოდათ. წვრთნა კი გულისხმობდა ხალხის წრის გარღვევას რეზინის ხელკეტებით, ცოცხალი კედლის გაკეთებას და ასე შემდეგ. მოკლედ, ინსტრუქტორებმა ჯარისკაცები რეზინის ხელკეტებით მომიტინგეების დარბევაში ავარჯიშეს. წვრთნა მხოლოდ ერთ დღეს, საღამოს 9 საათამდე გაგრძელდა. ამ ჯარისკაცის ვინაობას საჯაროდ ვერ გავამხელ, რადგან მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ის ჩემი მეგობარია და მიუხედავად იმისა, რომ ვენდობი, ინფორმაცია მაინც გადავამოწმე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კოჭლოშვილი.
"მან განმიცხადა, რომ ჯარში სამსახური მას სხვანაირად წარმოედგინა. რატომ უნდა გამწვრთნან მე, ქართველი კაცი, ჩემი თანამემამულეების დასარბევადო?! გაუჩნდა პროტესტის განცდა, რის ხმამაღლა გამოხატვის უფლებასაც კანონი არ აძლევს. ამიტომ მთხოვა, ამის შესახებ ინფორმაცია პრესისთვის მიმეწოდებია და მინდა, საზოგადოებამ შეიტყოს, რა სიბინძურეს გეგმავენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები ქართველი ხალხის არჩევანის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებას ჰყავს ზონდერჯგუფები აქციებზე ხალხის დასარბევად, მაგრამ ეს არის თავდაცვის სამინისტროს ახალი მზაკვრული პროექტი, რომელშიც ჩართულია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"28 ივნისს ისანი-სამგორის გამგეობის შენობაში მიხეილ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უბნის კოორდინატორები, ამავე რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილეები და სკოლის დირექტორები. ამ შეხვედრაზე მიხეილ მაჭავარიანმა, არჩევნების გაყალბების ახალი გეგმა დასახა პოლიციის უფროსებისა და უბნების ნაც-კოორდინატორებთან ერთად - ინფორმაცია მომაწოდა ამავე შეკრების მონაწილემ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" უბნის კოორდინატორია. ამ ადამიანს მსგავსი შეკრებების შესახებ სარწმუნო ინფორმაცია ადრეც მოუწოდებია. მან თვითონვე მთხოვა ინფორმაციის გავრცელება. ამ შეკრებაზე ნაციონალებმა არჩევნების გაყალბებისა და გამარჯვების სამომავლო გეგმები დასახეს", - ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობა `ივერიელის~ თავმჯდომარე.
"მიხეილ მაჭავარიანმა პოლიციის უფროსის მოადგილეებს განუცხადა, თითოეულმა ოპერმუშაკმა 10 ადამიანი უნდა დააკავოსო - ამ დაკავების მიზანი არის ე.წ. ვერბოვკა. "დავერბოვკებულ" პირს კი ევალება ახლობელთა წრესა და უბანში "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ აგიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ციხეში აღმოჩნდებიან. ჩემს უბანში მართლა დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მაგრამ საქმე სასამართლომდე არ მისულა - რამდენიმე დღის შემდეგ ყველა გამოუშვეს. შევხვდი ერთ-ერთ მათგანს, რომელმაც დღემდე არ იცის, რატომ დააკავეს და როცა ვკითხე, რის საფუძველზე გაგათავისუფლეს-მეთქი, მითხრა, ძალიან გთხოვ, ამის შესახებ არაფერი მკითხო, თორემ თუ გამიგეს, უკან შემაბრუნებენო. ანდა, რაც დამავალეს, თუ არ შევასრულე, იგივე მელისო. მსგავსი დაკავება მასობრივად ხდება ისანი-სამგორის რაიონში. ყველას, ვინც პროვოკაციას წამოეგება, დააკავებენ. მთავარია, პიროვნება იყოს სრულწლოვანი და ჰყავდეს სამეგობრო წრე უბანში. შემდეგ უკვე "დავერბოვკებულების" ხელშეწყობითა და პროვოკაციებით ხდება ადამიანების დაკავება-დაპატიმრება", - დასძენს ლევან კოჭლოშვილი.
"პოლიცია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მაჭავარიანის მითითების შესრულებას კარგა ხანია შეუდგა. ყველაზე ამაზრზენი დავალება კი, რაც მიხეილ მაჭავარიანმა ნაციონალების აქტივისტებთან და პოლიციელებთან შეხვედრისას გასცა, სკოლის დირექტორებისთვის მიცემული დაავალებაა", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ასეთი რა დაავალეს სკოლის დირექტორებს?", პასუხობს:
"მიხეილ მაჭავარიანის მითითებით, მათ თავიანთ სკოლებში, მანდატურების დახმარებით, უნდა შეადგინონ აქტიურობით გამორჩეული ბავშვების სია, მოსწავლის სქესს მნიშვნელობა არა აქვს. ასეთი მოსწავლეები შეიძლება სკოლიდან გარიცხონ შინაგანაწესის დარღვევისთვის ან დააპატიმრონ. ადმინისტრაციულ სასჯელს ან სკოლიდან გარიცხვას რომ გადაურჩეს, მშობელი შვილისთვის ყველაფერს გააკეთებს, ამ "ყველაფერში" კი ის იგულისხმება, რომ შვილის თავისუფლების სანაცვლოდ მშობელმა, მისმა სანათესაომ და ახლობლებმაც, არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დაუჭირონ მხარი. ნაცმოძრაობის მხარდაჭერისკენ უნდა მოუწოდონ სხვებსაც. ნდობის საგარანტიოდ კი, ბავშვის მშობელმა მხარდამჭერთა ხელმოწერილი სია უნდა წარადგინოს, თანდართული პირადობის მოწმობათა ასლებით. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახლა რაც გითხარით, სიმართლეა და მრავალგზის არის გადამოწმებული".