"ოპოზიციონერმა ძროხებმა მმართველი პარტია შეაშინა და მათი ლიკვიდაცია იგეგმება"

"პედაგოგების, პოლიციელებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების შემდეგ პოლიტიკური ნიშნით შინაური ცხოველების გამორჩევაც დაიწყო. თუ "ქართული " აქტივისტი ხართ, თქვენი ძროხა აცრის გარეშე დარჩება და არ არის გამორიცხული მომავალში ვერც ქათმის კვერცხი გაიტანოთ გასაყიდად", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქონელი პარტიული სიით იცრება / "ოპოზიციონერმა ძროხებმა მმართველი პარტია შეაშინა და მათი ლიკვიდაცია იგეგმება".

"ბოლო რამდენიმე დღეა, ჩოხატაურის სოფელ გორაბეჟოულში საქონლის აცრები მიმდინარეობს. სოფლის მცხოვრებნი 12 აგვისტოს საღამოს გააფრთხილეს, რომ მეორე დღეს საქონელი საძოვარზე არ გაეშვათ, რადგან ვაქცინაცია უნდა ჩატარებოდათ. თუმცა, ეს გაფრთხილება "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ოჯახებს არ მიუღიათ - "როცა საქონლის აცრა უნდა დაწყებულიყო, წინა საღამოს ყველა ოჯახი გააფრთხილეს, რომ დილით ძროხები არ გაეშვათ საძოვარზე. მხოლოდ ჩემი და ჩემ გვერდით მცხოვრები ბიძაჩემის ოჯახი არ გაგვაფრთხილეს, რადგან ჩვენ ვართ ქართული ოცნების" აქტივისტები, ბრიგადას, რომლებიც აცრებს აწარმოებენ, სოფლის რწმუნებული გია ბერიძე ხელმძღვანელობდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გორაბეჟოულის მკვიდრი ზურაბ კოტრიკაძე. ოზურგეთის "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი კოტე შარაშენიძე აღნიშნავს, რომ საქონლის პარტიული ნიშნით გამორჩევის ფაქტი არ დაუფიქსირებია, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ძროხების ასაცრელად მისული ვეტერინარი მმართველი პარტიის აგიტაციას ეწეოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"სოფელ ჯვარზენში რწმუნებული ვაჟა მახარაძე ვეტექიმთან ერთად დადის კარდაკარ და აცრებს აწარმოებს, რომლის პარალელურად "ნაცმოძრაობის აგიტაციას ეწევიან. მოსახლეობას ეუბნებიან, რომ "ქართული ოცნება" ცუდი ხალხით არის დაკომპლექტებული და ისინი დაღუპავენ ქვეყანას", - ამბობს შარაშენიძე. ჯვარზენში მცხოვრები 54 წლის ნათელა, რომელიც გვარის გამხელისგან თავს იკავებს, აცხადებს, რომ ყველამ იცის, რომ მისი ოჯახი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, მასთან ბევრჯერ მისულან ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლები ამაზე სასაუბროდ, ბევრი რამ შეუთავაზებიათ, რომ "ნაციონალების" მხარე დაეჭირათ და როცა არაფერი გამოუვიდათ მერე მათი შევიწროება დაიწყეს", - დასძენს გამოცემა.

"4 მსხილფეხა საქონელი მყავს. სანამ აცრები დაიწყებოდა, სოფლის მოსახლეობა გააფრთხილეს. იმ საღამოს არავინ მოსულა, მაგრამ ყურადღება არ გამიმახვილებია, რადგანაც მეზობლებისგან ვიცოდი აცრების ამბავი და დილით საქონელი საძოვარზე არ გავუშვი. როცა ჩემი მეზობლის ეზოდან გამოვიდა ბრიგადა, რომელYანაც ერთო ღობე გვყოფს, მეგონა ჩემთან შემოვიდოდნენ, მაგრამ გზა გააგრძელეს. დავუძახე კიდევაც და უცნაური პასუხი გამცეს - "მოვიდეს შენი ბიძინა და მაგან აგიცრასო" - მითხრა ვეტერინარმა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ გავბრაზებულვარ - სასაცილოა, იმდენად გაუჭირდა მთავრობას, რა ხერხებს აღარ იგონებენ, ოღონდაც კი მხარდამჭერები გაიჩინონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდნტთან საუბრისას ჯვარზენის მკვიდრი ქალბატონი.

"როოგორც ჩანს, "ოპოზიციონერმა ძროხებმა" მმართველი პარტია შეაშინა და მათი ლიკვიდაცია იგეგმება, რადგან ის ავადმყოფობები, რაზეც აცრებს ატარებენ - თურქული და ბრუცელოზი, მომაკვდინებელია. აღსანიშნავია, რომ აცრის გარეშე საქონლის ხორცისა და მისგან მიღებული რძის ნაწარმის გაყიდვა აკრძალულია და ჯანრთელობისთვის საშიშია.. გამოდის, რომ ძროხების პოლიტიკური დევნის გამო სოფლის მოსახლეობამ შეიძლება ის საარსებო მინიმუმიც დაკარგოს, რასაც რძის ნაწარმის გაყიდვით იღებენ. ამ მომენტისთვის ჩემი საქონელი აცრილია, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება მალე ალბათ "ოპოზიციონერი ქათმების" კვერცხების გაყიდვასაც ვერ შევძლებთ", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რესპონდენტი ჯვარზენიდან.