"როგორც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ინტენსიურად ვმართავ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ჩემს რაიონში კი "ნაციონალური მოძრაობა" დეპუტატობის კანდიდატად პალიკო კუბლაშვილის დასახელებას აპირებს. მათ დაიწყეს ტყიბულში გაყალბებისათვის მზადება. აღმოვაჩინეთ, რომ 11 არარსებული მისამართია დარეგისტრირებული. გამალებით მიმდინარეობს ე.წ. აიდიბარათების დამზადება-გაცემა. შევიტყვე, პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა თათბირი, სადაც განუცხადებია, ხომ იცით, არჩევნებს წავაგებთ, თუ ყველა ზომას არ მივმართავთო - ამის შემდეგ ხელისუფლებამ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა ბინძური მეთოდებით დაიწყო. გასულ კვირას მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამის მტკიცებულებები ხელთ გვაქვს", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია! / "ხელთ მაქვს მასალა, სადაც სპეცსამსახურების მიერ ჩემი ლიკვიდაციის გეგმაზეა ლაპარაკი, ეს მასალა უკვე გადავეცით რამდენიმე საელჩოს".
"ადგილობრივი კუდ-ის თანამშრომლები იღებენ ჩემი ავტომობილის ფოტოებს ყოველი მხრიდან. მათ მიღებული აქვთ დავალება, მოიპოვონ მასალა იმის შესახებ, მანქანაში რომელ მხარეს ვჯდები მე, აგრეთვე, იმ პირების ფოტომასალის მოპოვება, ვინც ჩემ გვერდით ხშირად იმყოფება და ა. შ. რა თქმა უნდა, არსებობენ მოწმეები და მაქვს იმ თათბირის ჩანაწერი, რომელზეც ტყიბულის კუდ-ის უფროსი კობა შარვაძე თანამშრომლებს ავალებს, დეტალურად შეისწავლონ ჩემი გადაადგილების მარშრუტი, გაარკვიონ ჩემი ავტომობილის ტექნიკური მხარე, სად ვაყენებ ავტომობილს და რომელ მხარეს უფრო ხშირად ვჯდები. თუ ეს არის მცდელობა, შემაშინონ და ფსიქოლოგიური ზეწოლით ხელი ამაღებინონ დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის ბრძოლაზე, მაშინ ნაციონალების გასაგონად ვაცხადებ, რომ ჩემი შეშინება არ გამოუვათ, რადგან არაფრის მეშინია! მეორე მხრივ, ისეთმა ბოროტმა ძალამ, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირს, ადვილი შესაძლებელია, სიცოცხლის ხელყოფაც იკადროს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელისო ჩაფიძე.
"ფრთხილი ადამიანი ვარ და, სწორედ ამიტომ მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია. ამ ხელისუფლებას, რომელიც ტყიბულის დაქცევასა და განადგურებაშია მხილებული, რაში სჭირდება ისეთი პოლიტიკური კონკურენტი, რომელიც რამე დანაშაულში არ არის შემჩნეული? მათ ძალიან კარგად იციან, რომ ტყიბულში ჩემი გამარჯვება მათი კანდიდატის, პალიკო კუბლაშვილის მხილებას ნიშნავს იმ კორუფციულ საქმიანობაში, რომლის გამოც მან პასუხი უნდა აგოს. ელისო ჩაფიძე არ არის მხილებული ტყიბულში შახტების გაყიდვაში, ხეტყის გაჩეხა-გაჩანაგებაში და ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტის განადგურებაში. კუბლაშვილს კი დეპუტატობა იმისთვისაც სჭირდება, რომ შეინარჩუნოს ქონება, რომელიც მან და მისმა ოჯახმა "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნისას დააგროვეს. "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ კლანს იმდენი არ უშოვია, რამდენიც იშოვეს ძმებმა კუბლაშვილებმა მიხეილ სააკაშვილის დახმარებით", - განაგრძობს რესპონდენტი.
"კორუფციაში ჩაფლულ ძმებ კუბლაშვილებს არ სურთ, ტყიბულში მათი კონკურენტი ვიყო და ჩემი მოშორება ამიტომაც გადაწყვიტეს. მე, კოალიცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ძმებ კუბლაშვილებს: თმის ერთი ღერიც რომ ჩამომვარდეს ან მე, ან ჩემი ოჯახის წევრებს, ანდა ჩემს რომელიმე მხარდამჭერს, ან შემთხვევით რომ მოხდეს ჩემი მანქანის საბურავის დაზიანება, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ - მიხეილ სააკაშვილს და ძმებ კუბლაშვილებს! ნუ იფიქრებს ნაციონალური ხელისუფლება, რომ რაც ადრე შერჩათ - პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობა და გზიდან ჩამოშორება, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდება. თუ ის განახორციელა ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ, რაც დაგეგმა - ჩემი სიცოცხლის ხელყოფა, დარწმუნებული იყოს მიხეილ სააკაშვილი, რომ ეს იქნება მისთვის და `ნაციონალური მოძრაობისთვისაც~ გამანადგურებელი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მიხეილ სააკაშვილს არ აპატიებს ჩემს ლიკვიდაციას და მას და "ნაციონალურ მოძრაობას" მიწასთან გაასწორებს", - ამბობს ელისო ჩაფიძე.
"მაქვს მასალა, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენ ამ კვირაში. ჩავატარებ პრესკონფერენციას და ყველა მტკიცებულებას გავაცნობ საზოგადოებას. ეს მოხდება მას შემდეგ, როცა "ყველა სიახლეში"'დაიბეჭდება ის, რაც უკვე გითხარით. ამით შევატყობინებ სრულიად საქართველოს, როგორ გეგმავს პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობას ეს მოძალადე ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მითითებით. ხელთ მაქვს მასალა, სადაც სპეცსამსახურების მიერ ჩემი ლიკვიდაციის გეგმაზეა ლაპარაკი, ეს მასალა უკვე გადავეცით რამდენიმე საელჩოს. სწორედ თავდაცვისთვის გადავწყვიტე, ინფორმაცია გამევრცელებინა. აგრეთვე, მინდა განვაცხადო, რომ მტკიცებულებები ტყიბულში არ ინახება და საიმედო, დაცულ ადგილას არის. ამას ვამბობ სპეცსამსახურების გასაგონად, ტყუილად რომ არ გაისარჯონ, არ დაიწყონ ქექვა და ხალხის დაწიოკება, - დასძენს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
"ამ მასალის გამოქვეყნებით ჩემს უსაფრთხოებას ვაზღვევ და უფლის იმედი მაქვს. უნდა მენდოთ, იქიდან გამომდინარე, რომ მტკიცებულებათა წარმოდგენამდე, მე ვიცავ ჩემს უსაფრთხოებას. ცრუ ინფორმაციის გავრცელებას კი არ ვიკადრებ, რადგან საქმე მაქვს ბოროტ და ყველაფრის მკადრებელ ძალასთან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ამ ინფორმაციის თქვენი გაზეთის მეშვეობით გავრცელება, რადგან თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა, საგანგაშო ინფორმაცია შეატყობინო მედიას. კოალიცია და მისი ხელმძღვანელობაც საქმის კურსშია", - აცხადებს ელისო ჩაფიძე და შეკითხვას - "დღესდღეობით თუ არის თქვენი უსაფრთხოება დაცული და ვის იმედად არის ამჟამად ელისო ჩაფიძე?" - პასუხობს:
"ჩემს გვერდით ყოველთვის არის ჩემი ძმა, აგრეთვე, ჩემი მეგობრები, შტაბის წევრები, მხარდამჭერები და ასე შემდეგ. ჯერჯერობით ვახერხებ თავის დაცვას, თუმცა მაღაზიაში პურიც ვერ მიყიდია, სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ფოტო რომ არ გადამიღონ. კიდევ ერთხელ დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა მტკიცებულება მაქვს ხელთ და მინდა, ხელისუფლების მზაკვრულ გეგმას ფარდა ავხადო".;