"არჩევნებამდე თვენახევრით ადრე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საქართველოში ჯერ კიდევ არ ჩანან. ოპოზიციის და პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მისიები არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებისთვის აუცილებელია და მათი ჩამოსვლა უკვე დაგვიანებულიც კი არის. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, გრძელვადიანი მისიები ქვეყანაში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა ჩამოვიდნენ. ცესკო-ში ამ დროისთვის 2 საერთაშორისო ორგანიზაცია - "აირაი", "ენდიაი" და 12 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დამკვირვებლებს არჩევნებზე დააგვიანდათ / თინა ხიდაშელი: "მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არჩევნების თარიღი არ იცოდნენ".
"ცესკო-ს ვებგვერდზე მითითებულია, რომ "რეგისტრაციაში გასატარებლად საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-7 დღისა (ანუ 24 სექტემბრის 18 საათამდე) უნდა წარმოადგინოს ცესკო-ში სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი". საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები, სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოდან დაიწყებენ ჩამოსვლას, ეუთოს სადამკვირვებლო მისია კი 24-25 აგვისტოს ჩამოდის". ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი კი ამბობს, რომ გრძელვადიანი მისიების ჩამოსვლა დაგვიანებული არ არის: "გრძელვადიანი დამკვირვებლები დაახლოებით ერთი თვე-თვენახევრით ადრე ჩამოდიან და მათი ჩამოსვლა ჯერჯერობით დაგვიანებული არ არის". მისივე თქმით, "ევროსაბჭო გრძელვადიანი მისიის გამოგზავნას სექტემბერში აპირებს და ასევე თვის ბოლოს ჩამოვლენ ის მისიები, ვინც არჩევნებს უნდა დააკვირდნენ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ეუთოს ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისია და ევროსაბჭო ის 3 ძირითადი ორგანიზაციაა, რომლებსაც არჩევნებზე ველოდებით. ვიცი, რომ სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში მონიტორინგს ატარებენ, უკვე საქართველოში არიან. ამასთანავე, მუდმივად ჩამოდიან სხვადასხვა დელეგაციები, რომლებიც საქმის კურსში არიან. ის ქვეყნები რომლებიც პოსტკომუნისტურ სივრცეში შედიან მუდმივი ყურადღების ობიექტებია სადამკვირვებლო მისიების მხრიდან. რადგან საქართველოს ევროსაბჭოს წევრია, გარკვეული ვალდებულებები გვაქვს. ასევე გვინდა ევროკავშირთან დაახლოება, ამიტომ მათი კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოთ. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი კი არჩევნების ჩატარების ხარისხია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი.
"ეუთოს დამკვირვებლები, რომელთა დასკვნაც საბოლოო ჯამში პრინციპული და მნიშვნელოვანია, საქართველოში ჯერ ჩამოსულები არ არიან. ისეთ ბიუროკრატიულ ორგანიზაციას, როგორც ეუთოა, ვადები სჭირდება გრძელვადიანი დამკვირვებლების მობილიზებისთვის. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არჩევნების თარიღი არ იცოდნენ. ეუთოში, როგორც წესი, ათვლა უკნიდან იწყება და თუ არჩევნების დღე არ იციან, მისია ვერ ჩამოდის. ხელისუფლებამ, როგორც სჩვევია, ყველა მოატყუა - გასაგებია, რომ იურიდიულად არჩევნები 60 დღით ადრე ინიშნება, მაგრამ უფრო ადრე რომ ეთქვათ თარიღი, ამას წინ არაფერი ედგა. ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა არჩევნებზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი და უალტერნატივოა. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საარჩევნო პროცესში უცხოელების მონაწილეობა გადამწყვეტია მინიმუმ იმისთვის, რომ ძალადობა არ იყოს და საარჩევნო კამპანიამ მახინჯი ფორმები არ მიიღოს. თუმცა, ჩვენ ისეთი ხელისუფლება გვყავს, ამ მისიების ყოფნაც კი ვერ არის გარანტია იმისა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, მაგრამ მათ გარეშე ეს პროცესი კიდევ უფრო მძიმე იქნება", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თინა ხიდაშელი.
"აირაის" და "ენდიაის" გრძელვადიანი მისიები უკვე აქ არიან, ასევე სხვა ამერიკული და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებსაც პერიოდულად ვხვდებით. მომავალ კვირას "აირაის" შუალედური ანგარიში გამოქვეყნდება, როგორც ჩანს, მუშაობის შედეგებს შეაჯამებენ. იმედი მაქვს, დასკვნა იმის შესაბამისი იქნება, რა რეალობაშიც ახლა ჩვენ ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ვიცნობ ჩვენს ხელისუფლებას, ვიცი, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ორგანიზაცია გახდება, რომლის ხელმძღვანელიც გავლენიანი და წონიანი ფიგურა იქნება. უნდა დაველოდით, ვინ დაინიშნებიან ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებად და ამის მიხედვით შევძლებთ დასკვნის გაკეთებას, ვის უფრო მეტი გავლენა ექნება პროცესზე", - დასძენს თინა ხიდაშელი.
"წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად გრძელვადიანი მისია არჩევნებამდე მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 6 თვით ადრე უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ არ ჩანან. ის ფაქტები, რაც არჩევნებამდე ხდება - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სამართალდამცავი სტრუქტურების მიდგომა ოპოზიციური და მმართველი პარტიის მიმართ, არ აისახა გრძელვადიანი დამკვირვებლების ანგარიშში, კენჭისყრის დღეს დარღვევებს მაინცდამაინც არ ველოდები. იმ დონეზეა ტექნოლოგიები განვითთარებული, რომ მოგება ფაქტობრივად არჩევნებამდე ხდება. კენჭისყრის დღე, როგორც წესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუ ისევ ოპოზიციამ არ აურია. თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს გრძელვადიანი მისიების არყოფნამ ქვეყანაში, ეს უკვე ჩანს, ვინაიდან ასეთი მისიის წარმომადგენლები საქართველოში არ არიან, ჩვენ ვხედავთ არათანაბარ მიდგომას", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი, არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი.
"ერთი მხრივ, ვინმეს ქეიფის გამართვა თუ ეკრძალება ამომრჩევლებისთვის, სხვებს რესტორნებში ეპატიჟებიან და ამას უპრობლემოდ აკეთებენ, რისთვისაც პასუხი არ მოეკითხებათ. იგივე ხდება ადმინისტრაციული დაპატიმრებების დროსაც, ასევე შეხვედრების დროს აგრესია პოლიტიკური კონკურენტების მხრიდან, რაც თავისთავად დაუშვებელია. ეს ყველაფერი ნაკლებად მოხდებოდა, აქ რომ სადამკვირვებლო მისიები ყოფილიყო. ვინაიდან ასეთი მისია საქართველოში არ არის, ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს, რაც შეიძლება მმართველმა ძალამ ოპონენტის წინააღმდეგ გამოიყენოს... ყველაზე ძლიერი ამ მისიებიდან, ეუთოს ოდირის მისიაა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია, რადგან ისეთი ელემენტები უნდა აღმოაჩინოს, რაც, ერთი მხრივ თვალსაჩინო არ არის. თუმცა ეს ორგანიზაცია ჯერჯერობით ქვეყანაში არ ჩანს", - ექსპერტი.
"ეს შეიძლება მთავრობის არასწორი მოწვევის შედეგი იყოს - ოდირის დაპატიჟებისთვის საჭიროა სახელმწიფომ ეუთოს წევრ 55 ქვეყნის მოსაწვევი და თხოვნა გაუგზავნოს, რომ მათი წარმომადგენლები გრძელვადიანი მისიის ფარგლებში ჩამოვიდნენ ქვეყანაში არჩევნების შესაფასებლად, თუ ეს პროცედურა დარღვეულია, დასკვნის გაკეთება ადვილად შეიძლება - ან მათი მოწვევა არ მოხდა დროულად, ან ის იყო შემაფერხებელი, რომ არჩევნების თარიღი არ იყო ცნობილი. ყველა საერთაშორსიო ორგანიზაციიდან გვესმოდა, რომ ძალიან მაღალია ინტერესი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი, მეორე მხრივ, ეს ინტერესი მოქმედებაში არ გამოკვეთილა. გამოდის, რომ ამას ვიღაცამ ხელი შეუშალა", - დაასკვნის კახი კახიშვილი.