"ზუგდიდში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცთა ჯგუფი, რომლებიც ფარებითა და რეზინის ხელკეტებით არიან შეიარაღებული, წვრთნას გადის. მათი აღჭურვილობიდან გამომდინარე, ოპოზიციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ისინი აქციის დაშლაში ვარჯიშობენ. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია "ქართული ოცნების" მიერ სექტემბერში ზუგდიდში დაგეგმილ აქციაზე. ამ წვრთნების ექსკლუზიური კადრები ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა. წვრთნების მონაწილეთა რაოდენობა 100 კაცამდე იყო, წვრთნები კი ზუგდიდში კრილოვის ქუჩაზე მიმდინარეობდა", წერს გაზეთი "რეზონანსი"სტატიაში სათაურით ზუგდიდში "ქართული ოცნების" აქციას დაარბევენ / პოლიციელთა "გამაჯანსაღებელი ვარჯიშები" რეზინის ხელკეტებითა და ფარებით.
"როგორც შსს-ს პრესმასახურში განგვიმარტეს, ძალოვანი უწყების თანამშრომლები ჩვეულებრივ ვარჯიშობენ, ისე როგორც ამას პერიოდულად აკეტებენ ხოლმე. "ისინი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ და ესეც ჩვეულებრივი ვარჯიშია. მათ რაოდენობას ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ ყველაა, ვინც ძალოვან უწყებებშია დაკავებული", განგვიმარტა პრესსამსახურის წარმომადგენელმა სალომე მახარაძემ. "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია კი აცხადებს, რომ წვრთნა სექტემბერში დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციას უკავშირდება და რომ ძალოვნებს აქციის დარბევაში ავარჯიშებენ და ის ამაში ჯერ კიდევ 2 თვის წინ იყო დარწმუნებული. მისი თქმით, ზუგდიდში დიდი ხანია დადის ხმები, რომ ივანიშვილის მიტინგის დარბევა იგეგმება და ხალხს სწორედ ამისთვის ამზადებენ", აღნიშნავს გამოცემა.
"მინდა პირადად ვუთხრა მადლობა ნანა ფაჟავას, რომელმაც ასეთი მაგარი კადრები გადაიღო და ჩემი 2 თვის წინანდელი სიტყვები დაადასტურა. კადრებში ჩანს ყოფილი ზონდერი და ახლა პოლიციელი გიორგი სამუშია, რომელიც მონაწილეობდა 2007 წელს ზუგდიდში მიტინგების დარბევაში. მან ბიძინა გუჯაბიძე, ლაშა ჩხარტიშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერები სცემა. ჯგუფო, რომელიც მომზადება გადის შედგება პოლიციელებიგან, ზონდერებისგან და სამოქალაქო პირებისგან - ე.წ ნებაყოფლობითი რეზერვისგან. ხელისუფლება უარყოფს ამ ხმებს, ეს ხალხი კი არ ჰგავს სპეცარზმს, რომლებიც ყოველდღიურ ვარჯიშებს ასრულებენ. ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული არავინ ვარჯიშობს, ბევრი სამოქალაქო პირია. ანუ ესაა ხალხი, რომელიც კონკრეტულად მიტინგის დასარბევად ემზადება. ხელისუფლება რას იტყვის ამ კადრებზე ნაკლებად მაინტერსებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა მიქაია.
"სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ სცადა ქვების ხანაში დაებრუნებინა პოლიტიკა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და ვერც ხელკეტების ხანაში გადაიყვანს ამ ქვეყანას. საზოგადოება ცვლილებებისთვის შემზადებული და მომწიფებულია და დარწმუნებული ვარ სააკაშვილს ოქტომბერში გავისტუმრებთ", - აცხადებს "კოალიცია ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია. სპეციალური კონტინგენტის შექმნაზე საუბრობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კასა კუკავა და ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ ზუგდიდში წვრთნით დაკავებულ ადამიანებს არ აცვიათ ფორმები, მათ სპეციალოური მომზადებაზე მიუთითებს. მისი თქმით 2007 წელს ჯინსებში ჩაცმული ადამიანები გაცილებით მეტი სისასტიკით გამოირჩეოდნენ და ეს ჯგუფი სხვადასხვა კრიმინალური ფორმირებებისგან იყო შექმნილი. შსს-ს ინფორმაციით კი მათ არ იციან, წვრთნები როდემდე გასტანს...", - დასძენს გამოცემა.
"ფარითა და ხელკეტით აღჭურველი 100-მდე ადამიანის გაურკვეველი სამზადისის შესახებ ინფორმაცია ორიოდე დღის წინ გავრცელდა. ამ სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღეს შსს პრესასამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ განაცხადა, რომ "პოლიციის თანამშრომლები იმისთვის, რომ ფორმაში იყვნენ, წვრთნებს მუდმივად გადიან, რადგან მათ გარკვეული პერიოდულობით ნორმატივები აქვთ ჩასაბარებელი და ამაში სენსაციური არაფერია". მახარაძეს არ დაუკონკრეტებია, რატომ ვარჯიშობენ "პოლიციელები", რომელთაც ნავარჯიშევის არაფერი ეტყობათ, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილები ან კიდევ რატომ სკანდირებენ "გეგმური წვრთნების" დროს - "ოპოზიციას რა?! - დედის ტ--ნა?!" - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით "ოპოზიციას რა?! - დედის ტ--ნა!"
"ესაა განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველო. ამას 2 თვეა ვაკვირდები. იქ მთავარი ზონდერი სამუშიაა, ეს არის ამის მთავარი ხელმძღვანელი ... ესენი არიან სამოქალაქო პირები და ე.წ. რეზერვისტები. "პლავკებიანი" და ჯინსიანი პოლიციელები თქვენ სადმე გინახავთ?! პოლიცია ასე არ აწარმოებს წვრთნებს, რასაც ექსპერტებიც ადასტურებენ. ამას კონტრდაზვერვა ხელმძღვანელობს, ამ პროცესების ერთ-ერთი წარმმართველი არის ზაზა ხასაია, რომელიც ამ სამუშიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად არბევდა საპროტესტო მიტინგებს. ესენი მიტინგის დარბევას აპირებენ და პოლიტიკურ ლიკვიდაციას უპირებენ ივანიშვილს. ის რაც ამ კადრებში ჩანს, მხოლოდ ერთი ჯგუფია. ასეთი რამდენიმე ჯგუფი არსებობს, რადგან თუ ბევრი ხალხი მოვიდა მიტინგზე, 100 კაცი არ ეყოფა მათ დარბევას", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა მიქაია და შეკითხვას - "ფირზე ჩაწერილი იყო გარკვეული სკანდირებაც, ამაზე გამახსენდა 7 ნოემბერს აქციის დარბევა, მაშინაც ასე სკანდირებდნენ "ბადრის რა? - დედის ტ--ნა?" - პასუხობს:
"კი ასეა! ზუგდიდი პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი იცის. კიდევ ვამბობ, ასეთ პირობებში ეკიპირების გარეშე არანაირი წვრთნა არ ხდება და რას უნდა ველოდეთ ივანიშვილის აქციაზე, თავად განსაჯეთ".