რომან კუსიანი:

რომან კუსიანი: "ყველას ვპირდები, რომ ჩემ ბინაში ახალმოსახლეობას ვერ იზეიმებენ!"

"რეჟიმისთვის ხარკის გადახდის ვადა ერთი კვირის წინ ამომეწურა და ამის მიუხედავად, ჩემი ქონება აუქციონზე ჯერ არ გატანილა. ეტყობა თვითონ არიან გაუკვევლობაში. ჯერ ერთი ყველა მოქალაქეს აქვს უფლება ნახოს მის ქონებაზე ჩატარებული ინტერნეტაუქციონის პირობები. ჩვენ შემთხვევაში კი ეს შეუძლებელია. გარდა ამისა, არ ხდება დაყადაღებულთა ქონების აღწერა შეფასება. ხშირად ისე გამოდის, რომ ქონება რეალური საბაზრო ფასის მესამედითაა შეფასებული. ალბათ, 13 აგვისტოს ჩემი სახლიც აუქციონზე გაიყიდება, რადგან იმდენად დიდია სახელმწიფოს ინტერესი ყველაფერი მის საკუთრებაში მიაქციოს, გამოვრიცხავ, ვინმეს ქონება აუქციონზე არ მოხვდეს. ფაქტია, დღეს უკვე ოჯახებს ეხებიან და მათი ნულზე დასმა უნდათ", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი რომან კუსიანი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რომან კუსიანი: "ყველას ვპირდები, რომ ჩემ ბინაში ახალმოსახლეობას ვერ იზეიმებენ!" / ეს ყველაფერი 37 წელს მაგონებს, როცა ტყვიის საფასურს დახვრეტილის ოჯახს ახდევინებდნენ".

"ჯერ ერთი მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს, რომ აპრილში ხელისუფლებამ კიდევ ერთი კანონი მიიღო - სააღსრულებო საქმის წარმოებაში შევიდა ცვლილება და თუ ადრე იყო განსაზღვრული, რომ ვალს რა ქონებაც ფარავდა, მხოლოდ ის გაჰქონდათ აუქციონზე, ახლა ყველაფერი გააქვთ. ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. რარაც შინაგანი ემოციები ყველა იმ ოჯახს აქვს, ვისაც ხელსიუფლება ეხება, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 32-ვე დასჯილი ადამიანი ერთსულოვანია და ხარკი არც ერთს არ გადაუხდია. ჯამში, ხელისუფლება თავისი სადამსჯელო გეგმის ბოლომდე სისრულეში მოყვანას ვერ შეძლებს, რადგან აქ ძალიან ცოტა დრო, თვენახევარი დარჩათ არჩევნებამდე. ჩვენი საქმეები დაბრუნდება სასამართლოში და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ყველას ეს განწყობა გვაქვს. ერთი, რაშიც გარწმუნებთ ისაა, რომ წინა აუქციონებში გამარჯვებულ პირებს "ოცნებასთან" შეხება არ აქვთ, ჩვენგან აუქციონში მონაწილეობაც კი არავის მიუღია... რაც შეეხება ბატონ ჭაბუა ამირეჯიბის იდეას, სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრები ყველა ბიზნესმენი ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი აღმოჩნდა და მოწოდებას არ გამოეხმაურა. ეს ინიციატივა ჩვენთვის გარკვეული უხერხულობის შექმნელიც იყო. არ ვიცი რა მდგომარეობაშია ეს ფონდი ან რას საქმიანობს. ერთადერთი, მინდა ბოდიში მოვუხადო ამ ხელისუფლების უნამუსობითა და თავგასულობით შეწუხებულ ჭაბუა ამირეჯიბს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან კუსიანი.

"მინდა ყველამ იცოდეს, აუქციონზე მოქმედებს ასეთი მექანიზმი: ყველაფერს ისეთ არანორმალურ ფასებს ადებენ, რასაც თვითონაც ვერ გადაიხდიან, ამის გამო აუქციონი იშლება და ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში მიიქცევა. ჩანს, გათვლა აქვთ შემდეგ ჩვენი ქონებით თავიანთი ნაცაქტივისტები დაასაჩუქრონ ლარიანი აგარაკებით. როგორც ჩანს, ლევან ბეჟაშვილიც ასეთი ერთლარიანი ნაკვეთითაა დასაჩუქრებული. ნაცმოძრაობის დღევანდელი მოქმედებები სახალმწიფო აპარატშიც რაღაც გაურკვევლობას იწვევს. აღმოჩნდა, რომ კონტროლის პალატა სიხარულით შეხვდა ბეჟაშვილის წასვლას და თანამშრომლებისგან სამადლობელი იმპულსები წამოვიდა იმის გამო, რომ ბეჟაშვილი ასე პანღურამორტყმული მოშორდა კონტროლის პალატას. საუბარია ადამიანებზე, ვინც მხოლოდ თავისი პროფესიონალიზმის გამო შერჩა კონტროლის პალატას, რადგან ბეჟაშვილს მხოლოდ არაპროფესიონალები ჰყავდა მიყვანილი. ლაშა თორდიას იქ მისვლაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მალე სააღსრულებო კანონში აპრილში მიღებულ ცვლილებებს გამოვითხოვს - მისი ავტორები და ხმის მიმცემთა გვარები მაინტერესებს. დღეს კი, რა თქმა უნდა, ვემორჩილები ამ კანონს და ძალიან მაინტერესებს, ვინ იქნება ჩემი სახლის მყიდველი. ჩემს ოჯახს უკვე აქვს კონკრეტული მონახაზი - მოთხოვნისთანავე ბინას დავცლით და რაღაც პერიოდი ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრებთ, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას, თუმცა არც იმას ვუშვებ, რომ ოქტომბერში გამარჯვებისა და სასამართლოში საქმის დაბუნების მერე ვინმე დარჩება ჩემს სახლში. მარტო ჩემ ბინაში შემსვლელს კი არა, ყველას ვპირდები ვინც პოლიტიკური და ეკონომიკური რეპრესიებით ხელისუფლების მიერ წაღებული ბინებით დასაჩუქრდება - ამ ფართებში ახალმოსახლეობას ვერ იზეიმებს! ეს მუქარა არ არის, უბრალოდ, არავის გამოუვა ჩვენს ფართებში ზეიმი", - ამბობს რომან კუსიანი.

"საერთოდაც 150 000 კი არა, 165 000 ლარი მქონია გადასახდელი - აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ აღსრულების ხარჯებიც ჩვენ დაგვაკისრა, აღსრულება კი 10%-იანი მარჟით ხდება, ანუ ამოსაღები თანხის 10%-საც ჩვენ ვიხდით! ეს ყველაფერი 1937 წელს მაგონებს, როცა ტყვიის საფასურს დახვრეტილის ოჯახს ახდევინებდნენ... ეს დასჯილი ადამიანები არ განიცდიან უყურადღებობას და ყველა მიმიდინარე გადაწყვეტილება, რასაც კონტროლის პალატა და სასამართლო იღებენ, საბჭოს სხდომებზე იხილება ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით. განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმას რაც შეეხება, ეს მცდარი მოსაზრებაა, რომლის ყველა ავტორს მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ და ჩვენ ნაცვლად ნურაფერს გადაწყვეტენ. ყველა ხარკდადებული ფიქრობს, რომ ამ პროცესს არ უნდა ჰყავდეს მეორე მხარე. ხელისუფლებას უნდა მის პირისპირ ქუჩაში დაგვაყენოს და უფრო მეტი პროვოკაცია მოგვიწყოს. 1 ოქტომბერს სააკაშვილს როგორც ამ ბინების და ფართების, ისე ხელისუფლების სრულად დათმობა მოუწევს" - დასძენს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი.