2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის უკანასკნელ განცხადებებზე; თუ რას შეიძლება ნიშნავდეს კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარის, ლინკოლნ მიტჩელის გახმაურებული წერილი "ვინ აკეთებს რუსულ საქმეს თბილისში?", ასევე ქვეყანში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის თავისებურებებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, 2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავზე არ წყდება კამათი, თუ ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები. საპარლამენტო არჩევნების პერიოდია და ეს თემა განხილვისა და კამათის მთავარ საკითხად არის ქცეული. სულ ახლახან პრეზიდენტმა პუტინმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. განცხადებაში ორი ასპექტი იქცევს ყურადღებას, შესაბამისად თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე ღირს საუბარი. პუტინმა განაცხადა - "ქართული მხრიდან აგრესიის მოსაგერიებლად რუსეთის გენერალურმა შტაბმა გეგმა 2006-2007 წლებში შეიმუშავა, რომელიც ჩემთან იყო შეთანხმებული". გამოდის, რომ რუსეთი საქართველოსთან საბრძოლველად ომისთვის 2008 წლის ომამდე 2 წლით ადრე ემზადებოდა. როგორ შეაფასებდით აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ პუტინის ბოლო განცხადებას?
- დავიწყოთ იმით, რომ დღეისთვის ჩვენ უფრო მეტი ვიცით 2008 წლის ომის შესახებ, ვიდრე, ვთქვათ, 2 წლის წინ. ეს ბუნებრივია, რადგან დროის განმავლობაში ინფორმაცია გროვდება, ასევე ხდება სხვადასხვა მონაცემების გააზრება და გაანალიზება. ამასთანავე, ამ ომის ჭრილობები ჯერ არ მოშუშებულა, მასთან დაკავშირებული ტკივილი და განცდა დღესაც უაღრესად მწვავეა.
მე კარგად მახსოვს ჩვენი საზოგადოების გონიერი ნაწილის პოზიცია უშუალოდ ომის შემდგომ თვეებში. საერთო აზრი ასეთი იყო: ახლა კინკლაობისა და ერთმანეთთთან ბრძოლის დრო არ არის, მთავარია, ქვეყანა გადარჩეს; მაგრამ განსჯის დროც დადგება. მაშინ ჩვენს ხელისუფლებას ეს პოზიცია ძალიან მოეწონა და მიესალმა კიდეც. მაგრამ როგორც კი მოღონიერდა, ომის გამომწვევ მიზეზებზე სჯა-ბაასის სურვილიც დაკარგა. პირიქით, ვინც ოდნავ გადაუხვია ოფიციალურ პოზიციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ 100%-ით მართლები ვართ, რენეგატად და პრორუსულად მოინათლა.
მგონი ზოგიერთი იმასაც ცდილობს, რომ საერთოდ "ქართულ ოცნებას" დააბრალოს აგვისტოს ტრაგედია, რაც სრული აბსურდია. ამგვარად, ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა თვითკრიტიკის უნარი, ვერ შესძლო საკუთარი შეცდომების დანახვა და გააზრება. ეს, სამწუხაროდ, ტრადიციად იქცა ჩვენს უახლეს ისტორიაში. დღემდე არ გვინდა, გავიხსენოთ, თუ როგორ გადავემტერეთ ერთმანეთს 1990-იანი წლების დასაწყისში ან რა შეგვეშალა აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში. არადა, კარგად მახსოვს, რომ ბევრი რამ შეგვეშალა. ჩვენი წილი პასუხისმგებლობისა (ხაზს ვუსვამ _ ჩვენი წილი!) ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და გავაანალიზოთ. ეს მხოლოდ გაგვაძლიერებს. ადრე, თუ გვიან ეს აფხაზებისა და ოსებისთვისაც მისაბაძი მაგალითი შეიძლება გახდეს.
ჩვენ იმაზეც უნდა გვემსჯელა, თუ რა შეგვეშალა რუსეთთან მიმართებაში. ჩემი აზრით, მთავარი შეცდომები ომამდელ პერიოდშია (2004-2007 წლები) დაშვებული. ეს არანაირად არ იყო პრაგმატული ან რეალისტური პოლიტიკა, აშკარად სჭარბობდა ემოციები, აგრესიული ინფანტილიზმი, გაუაზრებელი განცხადებები და ნაბიჯები. აგვისტოში კი ომი უკვე გარდუვალი იყო, მისკენ რუსეთი მიზანმიმართულად მიდიოდა და ყოველნაირად ცდილობდა ჩვენს დასჯას დასავლური ორიტაციის გამო. აკი ეს ბატონმა პუტინმაც დაადასტურა "შესაშური" გულახდილობით.
რაც შეეხება რუსეთს, მისი პასუხისმგებლობის დოზა ძალიან დიდია. ბოლო 20 წლის განმავლობაში იგი ცალსახად დესტრუქციულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს მიმართ, რაც თავისთავად უაღრესად ირაციონალური და არასწორი მიდგომაა. ჩემი აზრით, კეთილი სიტყვითა და საქმით მოსკოვს გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო ამ რეგიონსა და საერთოდ მის სამეზობლოში. აგვისტოს ომი კულმინაციაა ამ დესტრუქციული პოლიტიკისა.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით პუტინის უკანასკნელ განცხადებას ფრიად სახიფათო სიმპტომად მივიჩნევ. საქმე ისაა, რომ რუსეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი წააგო და დაკარგა. უპირველესად, მან წააგო 50-წლიანი გლობალური "ცივი ომი" დასავალეთთან, რის გამო ზესახელმწიფოს ტიტულსაც დაემშვიდობა. მან წააგო რეგიონული ომი ავღანეთში, რამაც დააჩქარა სსრკ-ის დაშლა. კრემლმა 1994-1996 წლებში საკუთარ ტერიტორიაზეც კი ფაქტობრივად (ჩეჩნეთში) წააგო ომი. ამგვარად, რუსულ ცნობიერებაში 2008 წლის აგვისტოს ომში სამხედრო წარმატება ნიშნავს არა მხოლოდ საქართველოს დამარცხებას, არამედ ნაწილობრივ ძველი სიდიადისკენ შემობრუნებას, დასავლეთის დამცირებასა და მისთვის სამაგიეროს გადახდას. ალბათ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ პუტინის ეს ბოლო განცხადებაც, იგი არა მარტო შიდა მოხმარებისათვის არის გათვლილი, არამედ საერთაშორისო ადრესატიც ჰყავს. დასავლეთის მიმართ გზავნილი ასეთია: თავისი ინტერესების დასაცავად რუსეთი არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან!
- თქვენი აზრით, პუტინის ეს განცხადებები და დიმიტრი მედვედევის რუს სამხედროებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება - "რომ არა 2008 წლის აგვისტოს ომი, რუსეთი სულ სხვაგვარ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იქნებოდა, რუსეთის საზღვართან ნატო-ს ჯარები იქნებოდნენ განლაგებული", რა გავლენას იქონიებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებებსა და სამომავლო ქმედებებზე? და კიდევ, რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას შეასრულებს?
- პუტინისა და მედვედევის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი თვლიან, რომ აგვისტოს ომში სამხედრო წარმატებამ ხელი შეუწყო რუსეთის საერთაშორისო ფუნქციის გაძლიერებას - ახლა მას უფრო მეტად უწევენ ანგარიშს. მათი აზრით, ომმა შეაჩერა ნატო-ს აქტიურობა კავკასიის მიმართულებით, ასევე გააძლიერა კრემლის პოზიციები ამ რეგიონში ("აწი ეცოდინებათ, თუ ვინ არის აქ მთავარი!"). დააკვირდით, რაც დრო გადის, მოსკოვი სულ უფრო ნაკლებად იხსენებს საქართველოში შემოჭრის პირველ საბაბს, ანუ ოსების დაცვას ქართული აგრესიისაგან. ამას, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებს. მხედველობაში მაქვს რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭება, რაც თითქმის საერთაშორისო რეალობად იქცა.
ძნელია იმის თქმა, თუ როდის იქონიებს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე რაიმე რეალურ გავლენას. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, კერძოდ, როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე რუსეთსა და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე. ჯერ, სამწუხაროდ, რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება მიჭირს. ახლა რუსეთში კარგ ტონად ითვლება დასავლეთის აზრის იგნორირება და "მაგარი ბიჭობის" წარმოჩენა. ალბათ ამ პოზასაც ერთ დღეს ამოეწურება რესურსი. რუსეთშიც არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, თუ რაოდენ დააზარალა რუსეთის ავტორიტეტი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიამ.
- გამოცემა "ჰუფინგტონ პოსტში" კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარის, ლინკოლნ მიტჩელის წერილმა "ვინ აკეთებს რუსულ საქმეს თბილისში?", ქართულ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მიტჩელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რიტორიკა ანტირუსულია, თუ საქართველოს მთავრობის რუსეთთან მიმართებას შედეგებით შევაფასებთ, ზედაპირზე სრულიად განსხვავებული ისტორია ამოტივტივდება - საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ის შედეგები გამოიღო, რომელიც აშკარად შედის რუსეთის ინტერესებში. მიტჩელი გამორიცხავს, რომ "სააკაშვილი რუსული გეგმის საიდუმლო ნაწილია", მაგრამ იქვე დასძენს, რომ სწორედ სააკაშვილის 8 წლიანი მმართველობის დროს საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, სუსტია ეკონომიკა, ქვეყანაში შენარჩუნებულია საზოგადოების პოლარიზაცია, ნატო-სა და ევროკავშირისკენ ლტოლვა ქვეყნის თითქმის აუხდენელ ოცნებად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ საქართველოში ბევრ ფულს ხარჯავს, აშშ-სადმი ნდობა შესუსტებულია. თქვენ როგორ შეაფასებდით ლინკოლნ მიტჩელის მოსაზრებებს?
- ლინკოლნ მიტჩელის ზოგიერთ არგუმენტს ალბათ შეიძლება დავეთანხმოთ. სამწუხაროდ, ჩვენში ნაწილობრივ მართლაც მოხდა ლიბერალური და დასავლური ფასეულობების დევალვაცია, რადგან ეს ფასეულობები ხშირად ინერგება არა შინაარსობრივად, არამედ მხოლოდ ზედაპირულად. ის, რომ ხელისუფლება ლაპარაკობს სამართლიანობაზე და ამავე დროს ხშირად მოქმედებს უსამართლოდ, მოსახლეობაში ქმნის განცდას, რომ ამაში დასავლეთია დამნაშავე. საპასუხოდ საზოგადოების ერთი ნაწილი აკეთებს დასკვნებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არა აქვთ რეალობასთან: დასავლეთს ჩვენი გაუბედურება სურს, ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს, მართლმადიდებლობას და ა.შ. ახლა მთავარია, მოსახლეობას დავუბრუნოთ დემოკრატიის უნივერსალური ფასეულობებისადმი რწმენა, რეალურად დავამკვიდროთ ისინი ჩვენს ცხოვრებაში. მიტჩელის სხვა მოსაზრებები, ჩემი აზრით, საკამათოა.
- რას შეიძლება ნიშნავდეს ლინკოლნ მიტჩელის დასავლეთისადმი რჩევა - "დასავლეთი არ უნდა დასჯერდეს საქართველოს მთავრობის ანტირუსულ რიტორიკას და სერიოზულად დაფიქრდეს, თუ რა მოიგო რუსეთმა სააკაშვილის მმრათველობის პერიოდში და რას მოიგებს აშშ საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ მმართველ რეჟიმს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისადმი განსხვავებულ მიდგომას შესთავაზებს?"
- პრორუსულ ორიენტაციაში მხილება მხოლოდ ვარაუდებისა და ემოციების საფუძველზე არ შეიძლება. მიტჩელის ეს რჩევაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ქართველ პოლიტიკოსთა საქმეებს და არა მხოლოდ სიტყვებს.
- ბატონო ზურაბ, საარჩევნო კამპანია ურთიერთბრალდებების, თეფშებისა თუ ფინანსური წყაროების დაყადაღებებისა და სხვა უამრავი დარღვევის ფონზე მიმდინარეობს. თქვენ როგორ შეაფასებდით მიმდინარე საარჩევნო კამპანიას და ყველაფერ იმას, რაც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ხდება.?
- ამ დარღვევებსა და პრობლემებზე იმდენს საუბრობენ, რომ რაიმეს დამატება ნამდვილად მიჭირს. დარღვევების სერიიდან ბოლოდროინდელი "აკორდია" კახა კალაძის ქონების დაყადაღების მოთხოვნაა, რაც სრულიად გაუგებარი და მიუღებელია.
ამასთანავე, მე ძალიან მაწუხებს ჩვენი საზოგადოების პოლარიზაცია და ერთმანეთის მიმართ სიძულვილის განცდის ზრდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბოლო ხანს თითქმის ყოველ თავის ქადაგებაში ამაზე საუბრობს და თავშეკავებისკენ, ერთმანეთის პატივისცემისკენ მოგვიწოდებს.
სიძულვილი უმძიმესი დაავადებაა, მან ჩვენში ბევრი ადამიანი დაასნეულა. პარადოქსია, მაგრამ ოპონენტის მიმართ სიძულვილისა და შეურაცხყოფის გამოხატვა გარკვეულწილად კარგ ტონადაც იქცა, ამას ზოგიერთი ვაჟკაცობად, პრინციპულობად და დიდ გონებამახვილობად მიიჩნევს. მაცხოვარი მტრის სიყვარულს ქადაგებდა, ჩვენ კი ხშირად მოყვრის სიძულვილის გზას ვადგებით. აი, ეს მადარდებს ყველაზე მეტად