ვინ არიან ქართული პოლიტიკის ,,სირცხვილოსნები'' და ფაშისტები და ვინ გაყიდა სული საარჩევნო დოღში

ვინ არიან ქართული პოლიტიკის ,,სირცხვილოსნები'' და ფაშისტები და ვინ გაყიდა სული საარჩევნო დოღში

,,ამომრჩეველთა ლიგის'' წევრმა, ოპოზიციონერმა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა დაასრულა. ფილმს ეშხში შესული საარჩევნო კამპანიის დროს, სექტემბერში გაჩვენებთ და მთელ მსოფლიოს ფაქტებით ვაჩვენებ მოქმედი რეჟიმის სახესო, _ აცხადებს რეჟისორი, რომელიც, სხვათა შორის, ერთადერთია, ვინც სამოქალაქო ომის კადრები ისტორიას შემოუნახა. რატომ აღარ არის ხელისუფლების კომბლებით გაშვება აქტუალური, ვინ არიან ქართული პოლიტიკის ,,სირცხვილოსნები'' და ფაშისტები და ვინ გაყიდა სული საარჩევნო დოღში _ ,,ვერსია'' გოგა ხაინდრავას ესაუბრება:

_ სამოქალაქო ომის დროს ციხეში ვიჯექი და ბევრი რამის გადაღების შესაძლებლობა არ მქონდა, 17 სექტემბერს დამიჭირეს და 27 დეკემბერს გამოვედი ციხიდან, თუმცა, ომის ბოლო დღეები გადაღებული მაქვს და ვფიქრობ, ეს ყველაზე სამარცხვინო ფურცელია ჩვენ უახლეს ისტორიაში. ომი ნათლად მიანიშნებდა იმაზე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სამართავად მზად არ ვიყავით. თავისუფლება ყველაფრის უფლებად აღვიქვით, ერთმანეთს დავუპირისპირდით და ჩვენი ქვეყნის დოვლათის გაცამტვერება დავიწყეთ. საქართველო არც დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრებისთვის იყო მზად. ამიტომ 20 წელია ერთ ადგილს ვტკეპნით და, ძირითადად, ერთმანეთს ვძიძგნით. ჩვენი საზოგადოების ყველა გადაწყვეტილება მცდარი იყო იმ საკითხში, ვისთვის უნდა ჩაგვებარებინა ქვეყნის მართვა. მეტსაც გეტყვით, ქართველები მეფეებს ირჩევდნენ და არა პრეზიდენტებს, ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული. ასე რომ, კერპთაყვანისმცემლობის ხანიდან ისევ ვერ გამოვსულვართ და დღესაც ქვეყნის სათავეში სრულიად დეგრადირებული, ფსიქიკურად დაავადებული და ნარკომანი კაცი დგას. ვფიქრობ, ეს ბოლო წელი ქვეყანაში იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი ხალხის ცნობიერებაში სერიოზული ძვრები მოხდა, დრომოჭმული საბჭოური აზროვნება უკან იხევს და საზოგადოება ცივილიზებული სახელწმიფოს მშენებლობის გზაზე იწყებს სვლას. ახლა ერთ მხარეს, ჩემი ღრმა რწმენით, უკვე შიშდაძლეული ქართველი ხალხია, ვისაც აღარAუნდა ამ სიბნელეში ყოფნა, მეორე მხარეს კი _ პირსისხლიანი ჯალათების მთელი ეს ხროვა!

_ ხელისუფლების თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილია სიბნელესა და საბჭოეთში დაბრუნება.

_ ესეც ცეცხლითა და მახვილით დამყარებული საბჭოური წყობისთვისაა დამახასიათებელი. სააკაშვილის ხელისუფლება კი სხვა არაფერია, თუ არა ამ ბოლშევიკური წყობის გაგრძელება. მეტი არაფერი იციან ამ ძერჟინსკის, იაგოდას, ბერიასა და ფილიპე მახარაძის იდეოლოგიურმა შთამომავლებმა. სააკაშვილის ნებისმიერი გამოსვლა აიღეთ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მაგალითად, გორში, ანდა ბეშუმში _ მისი ყველა სიტყვა იმაზე მეტყველებს, რომ პირწავარდნილ ბოლშევიკებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველა ხერხით შეეცდებიან ხელისუფლების ბოლომდე შენარჩუნებს, მაგრამ კალენდარს თავისი პრინციპები აქვს! უკვე ნათელია, რაც უნდა მოიმოქმედოს პოლიტიკურმა გვამმა სააკაშვილმა, უკვე მძიმე განაჩენისთვისაა განწირული.

_ აგვისტოს ომისა და აფხაზეთის ომის თარიღებს თქვენი ფილმის დასრულება სპეციალურად დაამთხვიეთ?

_ თარიღების ტყვეობაში სააკაშვილია და თარიღომანია მისი ცხოვრების წესია.

_ და ამას ამბობს ოპოზოცია?

_ არანაირი სხვა დამოკიდებულება თარიღებთან მიმართებაში, გარდა იმისა, რომ ისტორიულ დღეებს ვცემ პატივს, არ გამაჩნია. ჩემი ფილმი მზადაა და მაშინ იქნება ნაჩვენები, როცა მის ნახვას საქართველოში ყველაზე ფართო საზოგადოება მოახერხებს.

_როდის, წინასაარჩევნოდ?

_ ალბათ სექტემბერში, როცა ყველა დედაქალაში დაბრუნდება და ფართო აუდიტორია მზად იქნება იმისათვის, რომ ეს ფილმი იხილოს. ეს სატელევიზიო ფილმია და მას სხვადასხვა არხები გაუშვებენ. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაიძულებ, ჩემი ფილმი აჩვენოს! მას ფულს ჩვენი მოსახლეობა უხდის, ამიტომ ვალდებულია, ხალხის ინტერესი დაკამაყოფილოს. მე კი დარწმუნებული ვარ, ინტერესი ისეთი მაღალი იქნება, ფილმის ეთერში გაშვება მოუწევთ. იგი რეჟიმის რეალურ სახეს აჩვენებს და მოიცავს პერიოდს 2004 წლიდან დღემდე. ამ ფილმით აბსოლუტურად ნათელი ხდება, რომ ქვეყნის სათავეში სახელმწიფო დამნაშავეები არიან და იგი კანონგარეშე მოქმედი მედიის სიცრუეს გააქარწყლებს. აქ 2008 წელიც შესულია. ეს პატარა სიუჟეტია, მაგრამ ცხადჰყოფს, რასთან გვქონდა საქმე აგვისტოში. მისი გაჩერება შეუძლებელია, ფილმი უკვე გასულია საზღვარგარეთ და მოწვევაც ბევრი მივიღე. მას აჩვენებენ რომში, ვენეციაში, პალერმოში, ბალტიისპირეთში, გერმანიაში საფრანგეთსა და საქართველოში.

_ თქვენ ხართ ,,ამომრჩეველთა ლიგის'' წევრიც, სულ ამ ფილმზე იყავით გადართული თუ საარჩევნო სიებსაც ადევნებდით თვალს?

_ მხოლოდ ფილმზე არ ვყოფილვარ გადართული. აქტიურად ვმონაწილეობ საარჩევნო გარემოს მონიტორინგში. ,,ლიგაში'' ზოგი სიებზე მუშაობს, მე კი ვაკვირდები, ვინ რამდენად კანონიერ ხერხებს იყენებს წინასაარჩევნოდ. ივანიშვილის თითქმის ყველა ხალხმრავალ შეკრებას ვესწრებოდი და ჩემი თვალით ვნახე, რა ხდებოდა იმ აქციაზე. მე მართლა მონიტორი და დამკვირვებელი ვიყავი და ასევე იქნება ყველა სხვა პარტიის, თუნდაც ,,ნაციონალების'' აქციაზე, თუ საჭირო იქნება.

_ მერე, თქვენი ,,ნაციონალების'' აქციებზე სიარული პროვოკაციად არ აღიქმება?

_ რატომ უნდა აღიქმებოდეს პროვოკაციად აქციაზე მოქალაქის მისვლა? მე თავისუფალი მოქალაქე ვარ და სადაც მინდა, როცა მინდა, მაშინ მივალ! ასე იყო ყოველთვის და ხელს ვერ მიშლიან, ამიტომ მიშა მაჭავარიანისა და პეტრე ცისკარიშვილის აზრები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. ცალსახაა, ,,ნაციონალების'' მხრიდან ყოველი ფეხის ნაბიჯზე სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ეს ყველაფერი აღრიცხულია და დასაბუთებულად წარვუდგენთ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყადაღების თემა ავიღოთ და ვნახოთ, როგორ იქცევა ეს ფაშისტური სულისკვეთებით გაჟღენთილი მოგელაძის სტრუქტურა, ლაშა თორდია ხომ საერთოდ ფაშისტია! იყო ასეთი ფილმი, ,,მრუდე სარკეების ქვეყანა'' და ჩემ ყმაწვილკაცობაში იგი საბჭოთა კავშირთან იყო გაიგივებული. ეს ხდება ახლაც საქართველოში და ამაზე მეტი პარადოქსი რა გინდათ, როცა ლაშა თორდიასნაირი კაცი ამდენი ხანი ადამიანის უფლებათა დამცველად გვევლინებოდა. ისიც იმ ჯგუფის წარმომადგენელია, ვისაც ქართველი ხალხის სისხლში ხელები აქვს გასვრილი. რუსის ჯარიც თორდიანსაირებმა, ბოკერიებმა და ლომაიებმა შემოიყვანეს საქართველოში, მათ მსახურებად დაუდგნენ და ეს მსახურება დღემდე გრძელდება! საერთოდ, როცა საუბარია რუსეთის ინტერესების გატარებაზე ქვეყანაში, ამას ჯერ ქვეყნის ხერხემალი და მერე პრემიერი მერაბიშვილი არ აკეთებს მთელი ეს წლებია?! მისი მოქმედების პირდაპირი შედეგია კოდორის ხეობის, ცხინვალისა და ახალგორის დაკარგვა და სხვა უამრავი უბედურება, რაც თავს საქართველოს დაატყდა.

_ ამ დროს ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ ,,ნაციონალების'' მთავარი ბრალდებაა ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ.

_ ბრალდებებს პროკურორები აყალიბებენ. ეს სიცრუე და ცილისწამებაა და თქვენ თუ ბრალდებად მიგაჩნიათ, თქვენი პრობლემაა.

_ ეს ჩემი კი არა, ხელისუფლების ბრალდებაა.

_ ესეც საბჭოური პროპაგანდაა. სააკაშვილი, თორდია და ბოკერია რას ლაპარაკობენ, ეს დღეს საინტერესო აღარ არის.

_ საინტერესოა ურთიერთობა, რაც ივანიშვილსა და ხერხემლადწოდებულ მერაბიშვილს აქვთ.

_ მე მათი არანაირი ურთიერთობა არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მას მერე, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ განაცხადა. ის რომ ივანიშვილმა თქვა, ვანო კარგი მენეჯერიაო, ეტყობა, თავისი გამოცდილებიდან და ურთიერთობიდან გამომდინარეობს. მე კი ვფიქრობ საწინააღმდეგოს _ ვანო მერაბიშვილი არის სრული ბოგანო! მისთვის წმინდა არაფერი არსებობს და ნებისმიერ პროვოკაციაზეა ხელისმომწერი.

_ მოდით, საარჩევნო სიებზე ვისაუბროთ, ,,ლიგა'' ამაზეც მუშაობდა და, როგორც ჩანს, არც სიების კომისიას ენდობით, არც ,,ენდიაი''-სა და ,,აირაი''-ს გამოკითხვებს, რომლის მიხედვით ეს კომისია მაღალი ნდობით სარგებლობს?

_ ,,ენდიაი''-სა და ,,აირაი''-ს ფლიდებსა და ფარისევლებზე საერთოდ არ მინდა ლაპარაკი. ეს ადამიანებიც ნაციონალურ მოძრაობას მიეყიდნენ და დამნაშავეები არიან, თუმცა ქართული კანონმდებლობით ვერ გავასამართლებთ. სამაგიეროდ, მთელ ამ სიყალბეზე მორალური პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყნებში დაეკისრებათ. ნავაროს უკვე თვალებში ეტყობა, რომ თვითონაც აღარ სჯერა, რა შედეგებსაც ავრცელებს. საარჩევნო სიები ხომ საერთოდ უმსგავსოა! იგი ფართო მსჯელობის საგანი იქნება. რა თქმა უნდა, არ ვენდობი კომისიას, როგორ შეიძლება ნაციონალებს რამეში ენდო?!

_ კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ,,ნაციონალია''?

_ აბა ვინ არის?! კაციტაძე თუ გადაწონის მთელ ნაციონალურ მოძრაობას, ვინც იქაა, არ ვიცი, მაგრამ ეს კაცი ჩემში არასდროს იწვევდა განსაკუთრებულ სიმპათიას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ,,ნაციონალებს'' სული პირდაპირ მიჰყიდა!

_ კომისიის კონტრპასუხსაც გეტყვით, ყოველი შემთხვევისთვის – თქვენი მიზანი სიების დაზუსტება კი არა, სიტუაციის არევაა, თუ არადა, წინასწარ რატომ გაქვთ გაცხადებული, რომ გამოხვალთ და ჩვენ ხმებს დაიცავთ?

_ კაციტაძისა და მისი კომისიის აზრი არ მაინტერესებს, მისი თამადობით, მთელ მაგ კომისიას თავში ქვა უხლია და მუცელში სამართებელი!

_ ერთად თქვენ არ იყავით გაერთიანებულ ოპოზიციაში?

_ იქ ერთად კი ვიყავით, მაგრამ ბევრი მომწონდა, ბევრიც _ არა, თუმცა ,,ახლები'', ასეთი პოლიტიკური ძალა, მე საერთოდ არ ვიცი.

_ არც მაშინ იცოდით, როცა 2003 წელს მარტო ეგენი რომ იყვნენ სააკაშვილის ოპოზიციაში და თქვენ სააკაშვილის გვერდით, ანდა როცა გირგვლიანის საქმიდან დაწყებული ყველა საპროტესტო აქციის ავანგარდში იდგნენ... ამ პრეტენზიას მაშინ რატომ არ გამოხატავდით?…

_ შევარდნაძის მსახურება და სააკაშვილის ოპოზიციაში ყოფნა სხვადასხვა თემაა. ეგენი ,,მომსახურე'' ადამიანები არიან და იმიტომ აღმოჩნდნენ ამ დღეში. არის ,,ახლებში'' ფიქრია ჩიხრაძე და რამდენიმე ადამიანი, ვისაც პატივს ვცემდი, მაგრამ გული მწყდება, რომ, ნებსით თუ უნებლიედ, ახლა ასეთ ვითარებაში არიან. ან ქრისტიან-დემოკრატები?! ეგ შტრეიკ-ბრეხერები ქართული პოლიტიკის ჯვაროსნები კი არა, ,,სირცხვილოსნები'' არიან და მათ სათავეში დგას კაცი, რომელმაც თავისი ყველა პატრონი გაყიდა. ქდმ ხომ ბატონ-ყმობის აპოლოგეტი პარტიაა. ქდმ-ზე ლაპარაკიც არ მინდა, ან ქრისტიანობა, ან დემოკრატია რა კავშირშია თარგამაძესთან, არასდროს მესმოდა. ყოველთვის ვიცოდი, რა იყო მაგ კაცის ფასი, ამიტომ ახლა სხვა თემაზე გადავიდეთ.

_ ხელისუფლების კომბლებით გაშვების თემა ისევ აქტუალურია?

_ არა, დიდი ხანია, კომბლები აქტუალური აღარAარის. ეს უკანასკნელი მეთოდია, რასაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიმართოს და გამოიყენოს კანონიერი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლება, რაც შავით თეთრზე წერია _ აჯანყების უფლება! თუმცა, ვფიქრობ, აქამდე არ მივალთ, რადგან არჩევნები არჩევნებამდეა მოგებული.

_ აი, ამის დაწერაა საჭირო შავით თეთრზე.

_ ეგ შედეგმა უნდა დაწეროს. დარწმუნებული არაფერში ვარ, მაგრამ მჯერა, ასე იქნება. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ ხელშია და არა ვიღაც ბიძებისა და დეიდების, ამიტომ ქართველ ხალხს არჩევანის გამოყენების უფლებისკენ მოვუწოდებ, ხოლო ამ არჩევანის დაცვის უამრავი გზა არსებობს და ჩვენ ამ გზებს გამოვიყენებთ.