სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 20 მილიონი ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 20 მილიონი ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 20 245 000-მდე ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი გახდა აუდიტის სამსახურის ოქმი, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის განმავლობაში პირადი საბანკო ანგარიშებიდან 5 550 000-ზე მეტი ლარი დანიშნულების მითითების გარეშე გაიტანა. აუდიტის სამსახურის თანახმად, კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გატანილი ნაღდი ფული, სხვადასხვა პირების გამოყენებით, ”ქართული ოცნების” სასარგებლო შემოწირულებებისთვის გამოიყენა.

სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო - ასეთია შეფასება ადვოკატებისა, რომელთაც 11 აგვისტოს სასამართლო პროცესზე წარადგინეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხა ნაღდი ფულის სახით ინახება და პარტიული მიზნებისთვის არ დახარჯულა. ამ თანხის გადამოწმების მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა აუდიტის სამსახურსაც მიმართეს, მაგრამ დაცვის მხარის არგუმენტები საბოლოოდ მაინც გაუზიარებელი დარჩა. ადვოკატი სანდრო ბარამიძე შენიშნავს, რომ აქამდე არსებულ ყველა იმ დადგენილებას შორის, რომელიც სასამართლოს ბიძინა ივანიშვილისა და ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამოუტანია, 11 აგვისტოს გადაწყვეტილება ყველაზე აბსურდულია.

”სასამართლომ უკანონო შემოწირულებად მიიჩნია ისეთი თანხა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა მტკიცებულება, ნოტარიუსის აქტი და დივიდიზე ჩაწერილი ვიდეომასალა, რომლის თანახმად, მტკიცდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახში მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს, ეს თანხა რეალურად გააჩნია დღესაც. აქედან გამომდინარე, როგორ განახორციელებდა ბიძინა ივანიშვილი იმ თანხის შემოწირულების სახით ვინმეს სასარგებლოდ შეტანას, თუ ეს თანხა მას ოჯახიდან არ გაუტანია და თავის სახლში აქვს”, ამბობს სანდრო ბარამიძე.

ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი კი დასძენს, რომ საქართველოს სასამართლომ 11 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის პოლიტიკური მხარე, პოლიტიკური მოთამაშე და არა დამოუკიდებელი არბიტრი.

სოზარ სუბარის ამ შეფასების მიუხედავად, 11 აგვისტოს სასამართლომ აუდიტის სამსახურის ოქმში მხოლოდ ერთი შესწორება შეიტანა. კერძოდ, აუდიტის სამსახურის მიერ დათვლილი თანხა, 5 550 000 ლარი არასწორად მიიჩნია და ხელახალი კალკულაციით დაასკვნა, რომ შემოწირულებებისათვის საბანკო ანგარიშებიდან მოხსნილმა თანხამ 4 050 000- მდე ლარი შეადგინა. შესაბამისად, გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობა, 20 245 000-მდე ლარი, სასამართლომ, სავარაუდოდ, ამ თანხიდან გამოითვალა. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება და, შესაბამისად, კანონის დარღვევა პირველი შემთხვევა არ არის, აუდიტის სამსახური მის საწყისი თანხის ათმაგი ოდენობით - 55 მილიონით - დაჯარიმებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ არც ეს მოთხოვნა გაითვალისწინა. რატომ? კითხვაზე სოზარ სუბარი ასეთ პასუხს იძლევა:

”20 მილიონამდე რატომ ჩამოიყვანა, ძნელი სათქმელია. თუმცა იქ ადვოკატები ამბობდნენ, რომ, ჯერ ერთი, ამ ხუთ-ნახევარი მილიონიდან 70 პროცენტი არის ეკატერინე ხვედელიძის, 30 პროცენტი დარჩა ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში. ახლა ეს გაითვალისწინა თუ რამე სხვა გაითვალისწინა, ამის განმარტება მოსამართლეს არ გაუკეთებია. დღეს წაიკითხა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო როდესაც მთლიანად გამოაქვეყნებს, მაშინ გვეცოდინება რაზეა ლაპარაკი.”

საქალაქო სასამართლოს მასალების გამოქვეყნებას ელოდება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, რომელიც ჯერჯერობით საქმის მასალებს არ იცნობს, მაგრამ აუდიტის სამსახურის ცალკეულ მოთხოვნებს ივანიშვილისა და კალაძის მიმართ თავიდანვე კანონდარღვევად აფასებდა. თამარ ჩუგოშვილი, ასოციაციის ხელმძღვანელი, ამ ეტაპზე განსაკუთრებით დაინტერესებულია იმით, შეძლო თუ არა აუდიტის სამსახურმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენა.
ადვოკატი შალვა თადუმაძე, თავის მხრივ, განმარტავს, რომ მტკიცებულების ტვირთი ამ პროცესზეც ფიზიკური პირის - ივანიშვილის - მხარეს გადავიდა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ორშაბათს, 13 აგვისტოს, გაასაჩივრებენ, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს უკეთესი მართლმსაჯულების იმედი არა აქვთ.

”დადგენილება 48 საათში უნდა გასაჩივრდეს და ჩვენ ამ ვადაში გავასაჩივრებთ ამ დადგენილებას. ხოლო, გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლოდან დიდს არაფერს მოველით, ჩვენ ვქმნით ფორმალურ იურიდიულ საფუძველს, რომ აღნიშნული დავა საერთაშორისო დონეზე იქნეს გატანილი”, ამბობს ადვოკატი შალვა თადუმაძე.

საქალაქო სასამართლოს 10 აგვისტოს დადგენილების შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ყოფილი ფეხბურთელის, კახი კალაძის საქმეც. კახი კალაძეს სასამართლომ 17 მილიონამდე ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. კახი კალაძესა და ბიძინა ივანიშვილს აუდიტის სამსახური პრაქტიკულად ერთსა და იმავე საკითხზე - საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან სოლიდური თანხების მოხსნაზე ედავება. აუდიტის სამსახურმა „ქართული ოცნების“ ორივე ლიდერს ბანკიდან გატანილი თანხების უკან, ანგარიშზე დაბრუნება მოსთხოვა. კალაძის შემთხვევაში თანხა 3 389 000 ლარს შეადგენდა, ივანიშვილის შემთხვევაში კი - 5 550 000 ლარს. ამ უკანასკნელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსამართლემ მილიონ ლარზე მეტი ჩამოაკლო. მთლიანობაში კი, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უფრო მკაცრი კახი კალაძის მიმართ აღმოჩნდა: ჯარიმის დაწესებასთან ერთად, დაყადაღებულია მისი საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონება.