ახალგორში რუს ოფიცრებს იჯახები დასასვენებლად ჩამოჰყავთ

ახალგორში რუს ოფიცრებს იჯახები დასასვენებლად ჩამოჰყავთ

"ახალგორის რაიონში დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ძირითადად დე ფაქტო საზღვარსა და სოფელ ყანჩავეთში არსებულ მეოთხე რუსულ ბაზაზე არიან მობილიზებული, დაბაში დასასვენებლად ოჯახების ჩამოყვანა დაიწყეს. ამან ადგილობრივებს ომის ან რამე სამხედრო დაპირისპირების შიში გაუქარწყლა, რაზეც ბოლო სხვადასხვა საშუალებებით რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფორმაციები უწყვეტად ესმოდათ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ახალგორში რუს ოფიცრებს იჯახები დასასვენებლად ჩამოჰყავთ / "შიში, რომ რომელიმე მხარე ომს იწყებს გაგვიქრა და აღარ გვეშინია".

"არა მარტო რიგითმა სამხედროებმა, ოფიცრებმაც კი ჩამოიყვანეს თავიანთი ცოლ-შვილი. რამე საფრთხე ან საშიშროება რომ იყოს, ჩამოიყვანდნენ? ამიტომაც შიში, რომ თითქოს რომელიღაც მხარე ომს იწყებს, გაგვიქრა და აღარ გვეშინია", - აცხადებს "რეზონანსთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი მამაკაცი. როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ახლომდებარე სოფლების ქართული მოსახლეობა ვითარების გართულების მოლოდინში იყო. რიგი საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ "ადგილობრივებმა ცხინვალიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გაყვანა დაიწყეს". გავრცელებულმა ხმებმა კონფლიქტის ზონასთან საკმაოდ ახლოს მდებარე სოფელ ქიწნისის და სოფელ ნიქოზის მკვიდრნიც საკმაოდ შეაშინა. მათ კარგად ახსოვთ, რომ ოთხი წლის წინანდელ საომარ მოქმედებებს ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გაყვანა უძღოდა წინ. კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში გავრცელებულმა ამგვარმა ხმებმა ცხინვალშიც შეაღწია და ახლა იქიდანაც წამოვიდა პანიკა..." - აღნიშნავს გამოცემა.

"ძალიან რთული დღეები გადავიტანეთ, აგვისტოს მოვლენების დროს აქ ერთი ტყვიაც არ გავარდნილა, მაგრამ ძალიან გვეშინოდა, რადგან ჩვენი პატრონი არავინ იყო. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი უკან მოუხედავად გაიქცა და ოჯახობაც წაიყვანა. ვრეკავდით ყველგან, მაგრამ არავინ არაფერს გვეუბნებოდა. ცალკე ეს გაურკვევლობაც გვკლავდა და ცალკე უზარმაზარი შიში იმისა, თუ რა მოგველოდა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ადგილობრივი ქალბატონი. ადგილობრივებს ყოველივე ამის გახსენება უკვე მეოთხე წელიწადია უწევთ, ოთხი წლის განმავლობაში მათ გარკვეულწილად უკვე მოახერხეს არსებულ პირობებთან ადაპტირება. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, რუსი სამხედროებიც ცდილობენ ახალგორელებთან ადაპტაციას და საამისოდ საყველპურო ქართულის სწავლაც არ ეზარებათ. სწორედ მათი ოჯახების გამოჩენამ ახალგორში, რომლებიც ხან სკვერში სეირნობენ, ხან კი ქსანზე გრილდებიან, ახალგორელებს გაუქრო ის შიში, რომ აქ რამე სამხედრო შეტაკებაა მოსალოდნელი", - დასძენს გამოცემა.

"დღეს ახალგორში, რომელსაც თბილისამდე სულ რაღაც 40 კილომეტრი აშორებს, ყველა ორგანიზაცია-დაწესებულება ცხინვალის ბიუჯეტით მოქმედებს. ზოგსაც ჯერ კიდევ შემორჩენია თბილისიდან დაფინანსება, ზოგს კი თავად თბილისმა გაუუქმა და მხოლოდ ცხინვალის ბიუჯეტზეღა დარჩა. აქ ომის შემდეგ ერთი შეხედვით თითქოს არაფერი შეცვლილა და ცხოვრებაც ჩვეულებრივ რეჟიმში მიდის იმ განსხვავებით, რომ ყველა ადმინისტრაციული შენობა-დაწესებულების სახურავზე უკვე მეოთხე წელია ოსური დროშა ფრიალებს", - წერს სტატიის ავტორი.