2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა ერთგვარი მორატორიუმი გამოაცხადეს პოლიტიკურ დაპირისპირებაზე და შეთანხმდნენ, რომ წინასაარჩვენო კამპანიას ორი დღით - 7-8 აგვისტოს შეწყვეტდნენ. ეს იდეა ხელისუფლებას ეკუთვნოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს დღეები საკუთარი პიარკამპანიისთვის ყველაზე მეტად ხელისუფლებამ და მისმა მეთაურმა გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ ეს დრო სწორედ მოწინააღმდეგისთვის მორიგი დარტყმის მისაყენებლად გამოიყენა. საქმე ეხება ე.წ. "მე-9 არხის სკანდალს", როდესაც საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ერთი შეხედვით მექანიკური შეცდომა დაუშვა და რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა ლეგალურად მოიხსენია, რასაც ჯერ სახელისუფლებო არხების ისტერია მოჰყვა, შემდეგ კი თვითონ პრეზიდენტმა განაცხდა, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი და მისი ტელევიზია რუსეთის შემოჭრას კანონიერად მიიჩნევდნენ.
მალე გაირკვა, რომ ტელევიზიამ საინფორმაციო სააგენტოს ჯი-ეიჩ-ენის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოიყენა სიტყვა-სიტყვით, ისე რომ, წყარო არ მიუთითა, შეცდომა კი სწორედ სააგენტოს ინფორმაციაში იყო დაშვებული. როგორც ტელევიზიამ, ასევე სააგენტომ ამის გამო ბოდიში მოიხადეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ მე-9 არხზე ადრე ეს ინფორმაცია, ასევე უცვლელად, გამოიყენა ტელეკომპანია "იმედმა". საქმე ეხება 7 აგვისტოს "ქრონიკის" თერთმეტი საათიის გამოშვებას, სადაც ჟურნალისტი იგივე შეცდომას უშვებს და ისიც ამბობს "ლეგალურს". ამის გამო ჟრნალისტს ტელევიზიის დატოვება მოუხდა, როგორც "იმედის" ხელმძღვანელობა აცხადებს, მან ეს ნაბიჯი საკუთარი ნებით გადადგა. შექმნილ ვითარებას აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:
- თავდაპირველად გაჩნდა ვარაუდები - ხომ არ იყო, ეს მიზანმიმართულად დაშვებული შეცდომა, თუმცა დღეს, როდესაც უკვე ვიცით, რომ ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა გაიმეორა იგივე, ამგვარი ვარაუდის დაშვება გამოირიცხება. ეს რომ მხოლოდ ერთი ან მეორე არხის ჟურნალისტს ეთქვა, თანაც სააგენტოს როლიც გამორიცხული ყოფილიყო, მაშინ შეიძლება გვევარაუდა კონკრეტული ჟურნალისტის პოლიტიკურ წრეებთან კავშირისა და შეცდომის მიზანმიმართულად დაშვების შესაძლებლობა. დღეს ვხედავთ, რომ ორივე ტელევიზიაში სარიკსებურად გაიმეორეს ერთი და იგივე ტექსტი, რაც მარწმუნებს, რომ სწორედ თქვენი კოლეგების კომპეტენციაა ამ სკანდალური შეცდომის ერთადერთი მიზეზი. ძალიან საყურადღებო და სამწუხარო ფაქტია, რომ ასე ავტომატურად ხდება ერთი მედიასაშუალების ინფორმაციის მეორის მიერ გაზიარება. ჟურნალისტებმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალსიწინონ სამომავლოდ და ძალიან ფრთხილად იყვნენ, რადგან თქვენ უპირველესად საზოგადოების წინაშე ხართ პასუხისმგებელნი.
რაც შეეხება ჯი-ეიჩ-ენს, არა მგონია, ან ამ საგენტოში გაეკეთებინა ვინმეს ეს განზრახ, არ ეტყობა მედიასაშუალებას მაინც და მაინც ვინმეს მიმართ პოლიტიკური სიმპათიები. ვიმეორებ: სამწუხაროდ, იმდენად ხშირად გვხვდება ქართულ ჟურნალისტიკაში ასეთი ტიპის შეცდომები, როდესაც სიტყვას არადეკვატურად ხმარობენ, რომ მეტი მიზეზების ძებნა ამ შემთხვევაში უკვე ზედემეტია. საგულისხმოა, რომ ამგვარ შეცდომებს ჟურნალისტები ყველაზე მეტად პოლიტიკაზე საუბრისას უშვებენ, ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ პოლიტიკაში სიტყვას კი არა, ზოგჯერ წერტილ-მძიმეს აქვს მნიშვნელობა.
- რამდენად მორალური იყო ხელისუფლების მიერ ამ საკითხის ამგვარი პოლიტიზება და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, მით უფრო 7-8 აგვისტოს?
- მიმაჩნია, რომ მომხდარს ყველაზე მეტად ყურადდღება ოპოზიციამ უნდა მიაქციოს. რაც შეეხება ამ ამბის მორალურ კუთხეს, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკა ამას კარგა ხანია აღარ ცნობს და ზოგადადაც პოლიტიკაში ხშირად ადამიანური ეთიკა უკანდახეულია ხოლმე. პოლიტიკური ბრძოლა, მით უფრო ის, რომელსაც დღეს ვადევნებთ თვალს, ძირითადად წააგავს ბრძოლას წესების გარეშე. საქართველო ამ თვალსაზრისით მაინც და მაინც გამონაკლისი არ არის, რატომ არის, რომ საკუთარ ბიოგრაფიას ძალიან უფრთხილდებიან უცხოელი პოლიტიკოსები. ვიცით უმარავი შემთხვევა, როდესაც საძინებელი ოთახიდან გამოსულმა ამბებმა თუ სხვა ტიპის ინტიმური ურთიერთობის სკანდალებმა პოლიტიკოსთა კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ეს სატელევიზო სკანდალი თითქოს ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში წვრილმანები არ არსებობს, ეს კარგად იცის სახელისუფლო გუნდმა და ის ყველა წვრილმანს (სწორედ ამგვარი წვრილმანია ეს მექანიკური თუ უცოდინრობის შეცდომაც) ხელიდან არ უშვებს. ისეთივე შეცდომა უფრო ადრე დაუშვა სახელისუფლო არხმა, მაგრამ ოპოზიციამ არ გამოიყენა. არ გამოიყენა მორალური თვალსაზრისით თუ იმიტომ, რომ ვერ შეამჩნია? - მე ვფიქრობ, რომ ვერ შეამჩნია. გამოდის, რომ ხელისუფლება უფრო გულდასამით და ყურადღებით მოქმედებს და მერე იყენებს ყველა დეტალს სათავისო პროპაგანდისთვის.