"არასამთავრობოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი საარჩევნოდ მოსალოდნელ მაქინაციებზე საუბრობს. მმართველი გუნდის სურვილებზე მორგებული საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო სიები, ხმის დათვლის წესი და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა განწყობა - მათი აზრით, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება შედეგების გამოცხადების დროს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნებზე საკუთარ ხმებს დაიცავენ და კენჭისყრის შემდეგ მშვიდობიან აქციებსაც არ გამორიცხავენ. ცესკო კი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომელთაც გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მმართველ პარტიაზე მორგებული საარჩევნო კოდექსი / "სისტემა, ბარიერი და საარჩევნო კოდექსი აწყობილია მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის მიზნების სასარგებლოდ".
"ყველა რესურსი - საშინაო თუ საგარეო გამოყენებულია. ამასთან, ყველა უბანზე კანონის ფარგლებში ხმების დასაცავად 10 ადამიანი იქნება მობილიზებული. რეგიონებში ვითარებას აკვირდებიან გრძელვადიანი მისიები. თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, ჩვენ მრავალი სამართლებრივი გზა გვაქვს საკუთარი ხმების დასაცავად. შესაძლოა, გაასაჩივრო და თუ საჭიროება მოითხოვს, ხალხი შეკრიბო და პროტესტი გამოხატო. არა მგონია, დღეს რომელიმე პოლიტიკოსმა კონსტიტუციური უფლებების გამოყენებაზე უარი განაცხადოს" - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მანანა კობახიძემ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ 1 ოქტომბერს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება დრო და საშუალება შესაძლებლობები გამოავლინოს, თუმცა განსხვავებულად ფიქრობს "არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი - ის მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობის პირობებში "ნაციონალურ მოძრაობას" გაყალბების ძველი მეთოდების გამოყენება აღარ დასჭირდება და გამარჯვების დიდი შანსიც აქვს", - აღნიშნავს გამოცემა.
"თვითონ სისტემა, ბარიერი და საარჩევნო კოდექსი აწყობილია მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის მიზნებზე. ანუ ის, რაც შევარდნაძის დროს ხდებოდა: ძალით ჩაყრები, უბნებზე შევარდნა და ა.შ. ეს ყველაფერი დღეს დახვეწილად მიმდინარეობს. შედეგების დათვლის ფორმულა, იგივე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, საარჩევნო დავები, ხმების დათვლის პროცედურები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თავიდან ბოლომდე კანონით რეგულირდება ისე, რომ ფაქტობრივად მმართველ პარტიას შანსი აქვს მიიღოს უმრავლესობა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მმართველმა პარტიამ არაფრით არ დათმო მაჟორიტარული ოლქები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გამარჯვების შანსი აქვთ 30%-იანი ბარიერის პირობებში, მთელი სისტემა, თავისი საარჩევნო კოდექსით, მუშაობს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამას თუ დავუმატებთ კანონს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", რომელიც ხელისუფლების ხელში ფაქტობრივად ოპოზიციის საწინააღმდეგო ბერკეტი გახდა, სისტემა თავიდან ბოლომდე მიმართულია ერთი კონკრეტული პარტიის გამარჯვებისკენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.
"არ არსებობს მსოფლიოში იმ ფორმულის ანალოგი, რომლითაც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე შედეგების შეჯამება მოხდება. იმისთვის რომ გაყალბების შანსი ნაკლები იყოს, ჩვენი საარჩევნო სისტემების გათვალისწინებით, პირველ რიგში ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყოლოდათ ძალიან ძლიერი მაჟორიტარები რეგიონებში. შეიძლება პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს, მაგრამ მაჟორიტარული ოლქებიდან უმრავლესობა მოიპოვოს. აქედან გამომდინარე, მაჟორიტარულ არჩევნებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ოპოზიციამ პირველ რიგში უნდა შეარჩიოს ძლიერი კანდიდატები და შემდეგ ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეთ, რომ მოიპოვონ გამარჯვება 30%-იანი ბარიერის პირობებში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება მიმართავს ხმების გახლეჩის პრაქტიკას, ვხედავთ, რამდენი პარტია დარეგისტრირდა, რომლებიხ პოლიტიკურ ასპარეზზე საერთოდ არ ჩანდნენ, მაგრამ ისინი 10 ხმას აიღებენ თუ 5-ს, მხოლოდ ოპოზიციის ხმებს დააკლდება და არა ნაციონალურ მოძრაობას - როდესაც პარტიები საარჩევნო ოლქებში წარადგენენ კანდიდატებს, გამოჩნდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც ერთმანეთს წაართმევენ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება მოხდეს როგორც მინიმუმ დიდ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებსაც ასე თუ ისე რეიტინგი აქვთ, რომ ერთმანეთს ხმები არ წაართვან", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიები უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი პირებით, რომელთა გულწრფელობაში ეჭვი არ შეეპარებათ დამნიშნავ სუბიექტებს. ჩვენ გვსმენია, განსაკუთრებით რეგიონებში, რომ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატები ვერ უძლებდნენ ზეწოლას და აცხადებდნენ, რომ აღარ სურთ კენჭისყრა, მაგრამ ჩვენ არ გვსმენია, რომ ოლქის და უბნის წევრს გაეკეთებინოს განცხადება, რომ ზეწოლას ისიც ვეღარ უძლებს. მაჟორიტარზე თუ მოხდა ზეწოლა, ოლქზე და უბანზე არ მოხდა? -უბრალოდ, მან არ გამოთქვა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კადრების ყოლა, რომლებიც არ უღალატებენ ხმების დათვლის დროს. ასევე მნიშვნელოვანია, პარტიებს ჰყავდეთ კარგად მომზადებული დამკვირვებლები იმიტომ, რომ დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მან უნდა დაწეროს კვალიფიციური განცხადება და არ მისცეს საფუძველი საარჩევნო ადმინისტრაციას, განცხადება განუხილველად დატოვოს", - განმარტავს "არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი.
"მანიპულაციის საგანია საარჩევნო სიებიც, ვინაიდან როდესაც ქვეყანაში არის მიგრაცია, ეს ნიშნავს, როგორც წესი, რომ მიგრირებული ამომრჩეველი პროცესში არ მონაწილეობს. ვინაიდან შიდა მიგრაცია 700 000-მდეა, ეს ნიშნავს, რომ მათი დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ამას კიდევ ემატება ის, რომ გრიგოლ ვაშაძის ბრძანების საფუძველზე საზღვარგარეთ მყოფებსაც ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ჩანს, რომ რაც უფრო ნაკლები ხალხი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ამ ამომრჩევლებში მმართველ პარტიას ეყოლება დიდი პროცენტი, მით უფრო მაღალ შედეგს მიიღებს ის - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობა ოპოზიციურად იყოს განწყობილი. მთელი სისტემა, რეგულაციები შემუშავებულია ისეთ ტექნოლოგიებზე, რაც დაბლოკავს ოპოზიციური ამომრჩევლის მონაწილეობას არჩევნებში, ხოლო თავისი ამომრჩეველი "ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის ორგანიზებულად მიჰყავს. არც ისე ადვილია "ნაცმოძრაობას" წაართვა საარჩევნო ხმა, ოპოზიციური პარტიები ხმის წართმევას ერთმანეთისთვის ახერხებენ", - დასძენს კახი კახიშვილი.