პუტინმა საქართველოსთან ომის მზადების გეგმა „აღიარა“

პუტინმა საქართველოსთან ომის მზადების გეგმა „აღიარა“

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს აგვისტოს ომამდე ჰქონდა გეგმა სამხრეთ ოსეთში საქართველოს წინააღმდეგ. ამავე დროს, პუტინმა დღეს ყველა გააოცა იმით, რომ დაუპირისპირდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ერთი წლის წინანდელ განცხადებას.

ოთხშაბათს, 8 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს უმასპინძლა და შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა. კრემლის ლიდერმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო სამზადისის შესახებ ჟურნალისტებს ახალი დეტალები გააცნო და განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საქართველოს წინააღმდეგ ომის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს შეიმუშავა.

„გენერალური შტაბის მიერ გეგმა მომზადდა და სადღაც 2006 წლის ბოლოს თუ 2007 წლის დასაწყისში იგი ჩემ მიერ დამტკიცდა“, - განუცხადა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება რუსი სამხედროების მოქმედებას, პუტინის განცხადებით, საიდუმლო არც ის არის, რომ გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში მობილიზებული იყო ტექნიკა და სხვა ზომებიც გატარდა. ჟურნალისტების შეკითხვაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში პირადი მონაწილეობის შესახებ, პუტინმა ისე წარმოადგინა საქმე, რომ საბრძოლო მოქმედებები რუსეთის არმიამ მისი სატელეფონო ზარების შემდეგ დაიწყო.

„რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, დიახ, დავურეკე ორჯერ დმიტრი ანატოლის ძეს 7 და 8 აგვისტოს და თავდაცვის მინისტრსაც და ჩვენ განვიხილეთ პრობლემა.“

 ვლადიმირ პუტინის ეს განცხადება არ შეესაბამება რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის შარშანდელ ნათქვამს, რომლის თანახმადაც, საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების გადაწყვეტილება მან ერთპიროვნულად, ყოველგვარი სატელეფონო საუბრის გარეშე მიიღო:

„ გულწრფელად გეტყვით, არავის არავისთვის არ დაურეკავს. მე მას ერთი დღე-ღამის შემდეგ დავუკავშირდი. ყველა ბრძანება უკვე მქონდა გაცემული. იქ უკვე ყველაფერი იწვოდა.“

ეს განცხადება დმიტრი მედვედევმა 2011 წელს რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ და საქართველოში არსებულ რუსულენოვან „პიკ-ტივის“ კორესპონდენტებთან საუბარში გააკეთა. ჩანს, მცირე ძლევამოსილი ომი საქართველოსთან იმდენად მნიშვნელოვანია მედვედევ-პუტინის ტანდემისათვის, რომ თითოეულ მათგანს სურს თავად იყოს „გამარჯვებულის“ დაფნის გვირგვინის მფლობელი. თუმცა თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან ომის მეოთხე წლისთავზე ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს.

„ძალიან მოკლე დროში, ერთ პატარა გაელვებაში, აფხაზეთი და ქართლის შუაგული, ცხინვალის რეგიონი, გათავისუფლდება რუსული ოკუპაციისაგან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს გორის სამხედრო აკადემიის მსმენელთა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ნათესავების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.