თინა კანდელაკი: საქართველო ახალი პრეზიდენტისთვის იბრძვის, რომელიც მას დაკარგულ ტერიტორიებს დაუბრუნებს

თინა კანდელაკი: საქართველო ახალი პრეზიდენტისთვის იბრძვის, რომელიც მას დაკარგულ ტერიტორიებს დაუბრუნებს

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ბლოგ-პლატფორმა livejournal.com-ზე საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. ჟურნალისტი 2008 წლის აგვისტოში მომხდარ მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ დღეს ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა. კანდელაკის თქმით, ქართველები უკვე ახალი პრეზიდენტისთვის იბრძვიან, რომელიც მათ დაკარგულ ტერიტორიებს დაუბრუნებს და რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას შეძლებს. ტელეწამყვანი საკუთარი სიტყვების დასტურად კოალიცია "ქართული ოცნების" აქციების ამსახველ კადრებს ავრცელებს.

"2008 წლამდე პოლიტიკით არასდროს დავკავებულვარ. პოლიტიკოსების ქმედებებზე კომენტარებს არ ვაკეთებდი. არ მინდოდა სხვისი ინტერესების ნაწილი ვყოფილიყავი, ვინაიდან კარგად მესმოდა, რომ პოლიტიკაში იმ პერიოდში პირადი ინტერესები არ გამაჩნდა. ჩემმა წარმატებულმა კარიერამ, წმინდა ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, კრემლის ზოგიერთი მობინადრის ყურადღება მიიპყრო - ქართველი გოგონა, აქტიური, შეიძლება გამოსადეგი იყოს. მაგრამ სერიოზულს, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს მთავაზობდა, ვინაიდან სერიოზულად არ აღმიქვამდნენ.

ზოგადად, კრემლს ეს განასხვავებს ყველასგან: ის ტრენდებს ვერ გრძნობს. აი, ახალგაზრდა პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი ჩემს მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინა. ხაზს ვუსვამ, რომ ეს განსაკუთრებული ურთიერთობა არ ყოფილა. ის წარმატებულ ქართველებს აგროვებდა და დაბრუნების მოტივაციას აძლევდა. მათგან დააკომპლექტა ახალგაზრდა მინისტრების კაბინეტი, ლამაზმანები მინისტრების თანამდებობებზე დანიშნა და პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე ყველაზე პროგრესული, ინფორმაციულად მიმზიდველი სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაიწყო", - წერს კანდელაკი.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ საქართველოში დაბრუნება და პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდის მხარდაჭერა მასაც შესთავაზეს, თუმცა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ იმედგაცრუებული დარჩა.

"დაბრუნება და პრეზიდენტის გუნდში შესვლა შემომთავაზეს. საქართველოში მოლაპარაკებებზე ჩავფრინდი. მოლაპარაკებებმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, ახალგაზრდა რეფორმატორმა მიშამ ერთხელ და სამუდამოდ გამიცრუა იმედი.

ამ შეხვედრის შესახებ დაწერასა და მოყოლას არ ვაპირებდი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ომის შესახებ იქ იყო საუბარი. ჩავთვალე, რომ ეს ბაქიბუქი იყო, რომლის რეალიზაციასაც სააკაშვილი ვერ შეძლებდა", - წერს ტელეწამყვანი.

კანდელაკი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებსაც იხსენებს და ამბობს, რომ, ომში დამარცხების მიუხედავად, საქართველო მორალურად ვერ გატეხეს და რუსებმა მისი დამონება ვერ შეძლეს.

"2008 წლის მოვლენებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. სააკაშვილი რუსეთთან ომზე წამსვლელი აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ თავის დაცვა ვერ შევძელით. ინფორმაციულად ეს ომი მთელი მსოფლიოს წინაშე წავაგეთ. მაშინ პირველად ვცადე მეამბო, იმის შესახებ, რაც მესმოდა, რასაც ვხედავდი და არ მინდოდა დაჯერება. ამ პოსტმა ბევრი ტკივილი და იმედგაცრუება მომიტანა. ჩემი მოსმენა ცოტას თუ უნდოდა. მთავრობა ინფორმაციულ თავდასხმებს სუსტად იგერიებდა, ოპოზიციამ ამაყი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ წასვლის არ შეეშინდა, კვარცხლბეკზე სიხარულით აიყვანა.

ვცდილობდი იმის შესახებ მეამბო, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში საქართველოში. ჩემს მეგობრებზე, რომლებიც ციხეში სხედან. ელიტარულ კორუფციაზე, რომელმაც სახელმწიფო ხასიათი მიიღო. მე არავინ მისმენდა. გლამურული ჟურნალისტები საქართველოში მიემგზავრებოდნენ და იხიბლებოდნენ პოლიციით, სუფთა ქუჩებით, გამარტივებული ფორმალური პროცედურებითა და, რაც მთავარია, ახალგაზრდა, მომხიბვლელი პრეზიდენტით, რომელიც ჟურნალისტებს ხელზე და ტუჩზე კოცნით ეგებებოდა, საჩუქრებს ჩუქნიდა და ვერტმფრენით პირადად ასეირნებდა.

არ ვმალავ, გული ძალიან მტკიოდა. ვამბობდი, რომ ქართველი ხალხი სერვილური არასდროს გახდებოდა. ჩვენ არავის მოვემსახურებით, არც ამერიკელებს, არც რუსებს. ჩვენ ასე ვართ მოწყობილნი. ქართველებისგან ამერიკელების მოსამსახურე პერსონალი ვერ შექმნეს", - წერს თინა კანდელაკი.

ჟურნალისტი საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა აღდგება.

"8 აგვისტოს, 2008 წლის საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტიდან ოთხი წელი გავიდა. ვწუხვარ ყველა დაღუპულის გამო. მიმაჩნია, რომ ყველა მსხვერპლი უაზროა, განსაკუთრებით ასეთ უაზრო ომში. ოთხი წელი გავიდა, ხოლო რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა კვლავ სასურველია უკეთესი იყოს. იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომელთა გამოც ეს კონფლიქტი დაიწყო, არაფერი შეცვლილა, ხოლო იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც მას ემსხვერპლნენ, უკვე ვეღარ დააბრუნებ. მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ვამბობდი, საქართველო იღვიძებს და ახალი პრეზიდენტისთვის იბრძოლებს, რომელიც ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებს. ეს ჩვენი მიწაა და არავის აქვს უფლება ის წაგვართვას. რუსეთი ხმელეთის 1/6 იკავებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკმარისზე მეტია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენის მჯერა. დღეს, მინდა ისეთი კადრები გაჩვენოთ, რომლებსაც ვერც ერთ მედიაში ვერ ნახავთ, ნახეთ, ამ ვიდეოზე დღევანდელი საქართველოა. საქართველო, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგია", - წერს კანდელაკი.