ბოლო თვენახევარში

ბოლო თვენახევარში "ელვა მარკეტის" პრესის ჯიხურები 10-ჯერ გაიძარცვა, პოლიცია კი კვალს ვერ პოულობს

"ბოლო პერიოდში თბილისში პერმანენტულად იძარცვება "ელვა მარკეტის" ჯიხურები. ამ ჯიხურებში გაზეთები, წიგნები, თამბაქო, საღეჭი რეზინი და სხვა წვრილმანები იყიდება. უკანასკნელი ძარცვა 6 აგვისტოს ღამეს აფრიკის დასახლებაში მოხდა. "ელვა მარკეტი" მედიაჰოლდინგ "პალიტრას" მფლობელობაში არსებული პრესის გამავრცელებელი ჯიხურების ქსელია, მის კუთვნილებაში 22 ობიექტია. ბოლო თვენახევრის განმავლობაში "ელვა მარკეტის" 8 ჯიხური გაიძარცვა და აქედან ორი 2-2 ჯერ გატეხეს. "რეზონანსი" "ელვა მარკეტის" დირექტორ ვახტანგ მაისურაძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიციამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიაკვლია დამნაშავეს. პირველი ძარცვის შემდეგ 14 წლის მოზარდი დააკავეს, რომელმაც დანაშული აღიარა. იგი მოგვიანებით არასრულწლოვანების გამო გაათავისუფლეს. დანარჩენი 9 შემთხვევა კი განსხვავებული იყო პირველისგან და ძალიან ჰგავდა ერთმანეთს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვიღაც თბილისში პრესის ჯიხურებს ძარცვავს / 10 ძარცვა ბოლო თვენახევარში.

" მე არ ვფიქრობ, რომ იმ ბავშვს სხვა ძარცვებშიც აქვს მონაწილეობა მირებული. პირველი შემთხვევა განსხვავებული იყო. დანარჩენი 9 შემთხვევა კი ერთი ხელწერითაა შესრულებული - ვიტრინას ტეხავენ და შედიან. იმდენად კარგად გეგმავენ უკან დასაბრუნებელ გზას, რომ კვალს არ ტოვებენ. თავიდან ობიექტებზე არ ეყენა დამცავი მექანიზმები, ბოლოს უკვე დაცვის პოლიციის მომსახურებით ვსარგებლობდით. უკანასკნელი ძარცვის დროს ობიექტზე დამონტაჟებული იყო სიგნალიზაცია, მოძრაობისა და მსხვრევის დეტექტორები, თუმცა, რატომღაც არ ჩაირთო. მიაქვთ წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, საღეჭი რეზინები, თამბაქო, სასმელები, კონდიციონერი და ცოცხიც კი... აფრიკის დასახლებაში გაძარცვული ფილიალიდან მხოლოდ "კვირის პალიტრის" მიერ გამოცემული წიგნები წაიღეს, რაც დაახლოებით 150 ლარის ოდენობის იყო, საერთო ჯამში კი ჩვენი ზარალის ოდენობამ 13-14 000 ლარს მიაღწია. ყოველი ძარცვის მერე მოდიან გამომძიებლები, ჟურნალისტები, პატრული, კინოლოგები, კრიმინალისტები, მიჰყვებიან კვალს, მაგრამ კვალი მალევე იკარგება და გამოძიებაც ერტ ადგილზე იყინება. ფაქტია, ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისურაძე.

"რეზონანსი" შეეცადა დაკავშირებოდა იმ გამომძიებლებს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე მუშაობენ და მათგან შეგვეტყო, არის თუ არა არამე სიახლე. "ელვა მარკეტის" გაძარცვის საქმეზე სხვადასხვა უბნის რაიონული პოლიციის სამმართველო მუშაობს. ჩვენტან საუბარს მხოლოდ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის გამომძიებელი დათანხმდა, რომელიც თემქაზე გაძარცვული ორი ობიექტის გამოძიებას ხელმძღვანელობს და გვითხრა, რომ გამოძიებაში ახალი არაფერია, არ არსებობს თითის ანაბეჭდები, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებს არ აქვთ ღამის ხედვის ფუნქცია დააქედან გამომდინარე, გამოძიება წინ ვერ მიდის" - აღნიშნავს გამოცემა.