„ელიტა ბურჯის“ ადვოკატი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო დაიჭირეს

„ელიტა ბურჯის“ ადვოკატი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო დაიჭირეს

ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანიების მითვისებას განაგრძობს. 6 აგვისტოს შპს „ბურჯის“ ოთხ ობიექტში (ორხევის სასაწყობე მეურნეობა, ნავთლუღში მდებარე მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამსახური, სოლოლაკის ხეივანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი, აგრეთვე საჩხერის რაიონში მდებარე ობიექტი), აღმასრულებლები შევიდნენ. შეგახსენებთ, რომ შპს „ბურჯი“ სახელმწიფო აუდიტის მიერ 10 მილიონ ლარამდე დაჯარიმდა. ბრალდება კი იყო ის, რომ კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ ავტომობილები შეღავათიან ფასად მიაქირავა. მოგვიანებით შპს „ბურჯი“ აუქციონზე გავიდა და 2 აგვისტოს მისი ქონება 8 761 513. 55 ლარად გაიყიდა, თუმცა 7 აგვისტომდე აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი არ იყო.

ამიტომაც 6 აგვისტოს, როდესაც კომპანიაში აღმასრულებლები მივიდნენ და „ბურჯის“ ქონების აღწერა დაიწყეს, კომპანიის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. მათი თქმით, ვინაიდან კომპანიის ახალი მესაკუთრის ვინაობა იმ დროისთვის ჯერ ცნობილი არ იყო, აღმასრულებლებს „ბურჯში“ შესვლის უფლება არ ჰქონდათ. ამ გაუგებრობაში ხელისუფლებისგან დევნილი მეორე კომპანია „ელიტა ბურჯიც“ მოხვდა, რადგან „ელიტა ბურჯს“, შპს „ბურჯისგან“ დაქირავებული აქვს მიწის ნაკვეთი სხვადასხვა შენობა-ნაგებობებით, სადაც განლაგებულია „ელიტა ბურჯის“ საწარმოო დანადგარები, მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და დაახლოებით 650-მდე ადამიანია დასაქმებულია.

როგორც ცნობილია, აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები მოითხოვდნენ შეჩერებულიყო მეტალოპლასტმასის და ხის გადამამუშავებელი საამქროს მუშაობა, თუმცა კომპანიის იურისტი ამბობს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, აღმასრულებლები ვალდებული იყვნენ წარმოედგინათ შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი, მაგრამ ბიუროს წარმომადგენელებმა ოფიციალური დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს და „ელიტა ბურჯის“ წარმომადგენლებსა და ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუწყვეტლივ უმეორებდნენ, „ჩვენს პრეს-სამსახურს მიმართეთო“.

მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებლები სრულიად უკანონოდ მოქმედებდნენ, „ელიტა ბურჯის“ ადვოკატი იმედა ნიკურაძე 7 აგვისტოს გვიან ღამით დააკავეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება წაუყენეს. დღეს დილით კი ადვოკატ ნიკურაძეს სასამართლომ 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. იმედა ნიკურაძის  ადვოკატი ალა კახნიაური ამბობს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან ნიკურაძეს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და საერთოდაც „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები საერთოდ არ იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, იმის ნაცვლად რომ უკანონოდ მოქმედი პირები დაესაჯათ, ადვოკატი დააპატიმრეს.

ალა კახნიაურის განცხადებით, „ბურჯსა“ და „ელიტა ბურჯში“ ადგილი ჰქონდა უცნობი პირების უკანონო ქმედებას.

„ეს ადამიანები შპს „ბურჯის“ ტერიტორიაზე შემოვიდნენ და ფართის განთავისუფლებას ითხოვდნენ, მაგრამ იმ პერიოდისთვის აღმასრულებელი არ იყო უფლებამოსილი, კომპანიის ტერიტორიაზე შესულიყო და რაიმე ქმედება განეხორციელებინა, რადგან ქონება კი გაიყიდა, მაგრამ ახალი მესაკუთრე ჯერ არ იყო რეესტრში რეგისტრირებული, ფული არ ჰქონდა გადახდილი და საერთოდ, ცნობილიც კი არ იყო მისი ვინაობა. შესაბამისად, აღმასრულებლების ქმედებაც და კომპანიის ტერიტორიაზე მათი ყოფნაც უკანონო იყო“, - აცხადებს ალა კახნიაური.

მისი თქმით, „ელიტა ბურჯის“ იურისტი იმედა ნიკურაძე აღმასრულებლებისგან ითხოვდა, წარმოედგინათ შესაბამისი დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ კომპანიაში აღმასრულებლები შევიდნენ და იქ რაღაც ქმედებების ჩატარების უფლებამოსილება აქვთ მინიჭებული. ხოლო ვინაიდან მათ მსგავსი დოკუმენტი არ წარმოადგინეს, აღმასრულებლები კომპანიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

„ასეთ შედარებას გავაკეთებ - თქვენთან ვინმე რომ მოვიდეს და თქვენს საკუთრებაში არსებული ბინის დაცლა მოგთხოვოთ, ხომ მოითხოვთ ამ ადამიანისგან საბუთს, რომლითაც დადასტურდება, რომ ის ამ ქმედების განხორციელებაზე უფლებამოსილია? ისინი კი გვეუბნებიან, რომ ამგვარი დოკუმენტაცია არ უნდა მოგვეთხოვა და ჩვენი კუთვნილი ფართიდან უსიტყვოდ უნდა გამოვსულიყავით“, - აღნიშნავს კახნიაური.

მისივე თქმით, იმედა ნიკურაძე სასამართლოში ისე მიიყვანეს, რომ მისი დაცვის მხარისთვის არც უცნობებიათ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკურაძემ პროცესის შეჩერება მოითხოვა, სასამართლო დაელოდა მის ადვოკატებს. ალა კახნიაური ამბობს, რომ მართალია მან და ნიკურაძის მეორე ადვოკატმა სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ წინასწარ იცოდნენ, რომ მოსამართლე მათ არგუმენტებს არ გაიზიარებდა. იურისტის თქმით, ახლა დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარს ამზადებს, მაგრამ იმაშიც დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლოც ამ საქმესთან დაკავშირებით ბრმად მიიღებს გადაწყვეტილებას.

აქვე ალა კახნიაური „ბურჯის“ ქონების შემძენი კომპანია „გამას“ დირექტორ გიორგი ყავლაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, დღეს ყავლაშვილმა განაცხადა, რომ შპს „გამა“ მზად არის შპს „ბურჯის“ მეიჯარეებს ხელშეკრულებები გაუგრძელოს. ალა კახნიაური ამბობს, რომ ვინაიდან „ბურჯი“ გაიყიდა, ახლა ეს საკითხი შპს „გამას“ გადასაწყვეტია და ალბათ „ელიტა ბურჯს“ და სხვა კომპანიებს, რომლებიც „ბურჯისგან“ ფართს ქირაობდნენ, ახლა უკვე შპს „გამასთან“ მოუწევთ ხელშეკრულებების გაფორმება.