"ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, რომლის ბრმა მოთამაშედაც იქცა სააკაშვილი"

"საქართველოს ომის აცილება შეეძლო ბოლო წუთამდე, ანუ მანამდე, ვიდრე ქართული ჯარი შევიდოდა ცხინვალში. ის მასირებული დაბომბვაც კი, რომელიც 7 აგვისტოს ღამით დაიწყო, შერჩებოდა საქართველოს მთავრობას, ცხინვალის მიმართულებით მძიმე ტექნიკის გადაადგილების გადაწყვეტილება რომ არ მიეღო", - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, რომლის ბრმა მოთამაშედაც იქცა სააკაშვილი".

"თუმცა ომისკენ სვლა საქართველომ დაიწყო 2008 წლის 3 ივლისს, როდესაც წვერიახოს მთაზე სანაკოევის ესკორტს დაესხნენ თავს. დღემდე არავინ იცის, ვინ განახორციელა ეს თავდასხმა. საქართველოს ხელისუფლებამ, ისე, რომ არც გამოიძია, განაცხადა, ეს თავდასხმა განახორციელეს ოსმა სეპარატისტებმაო და დაიკავა სარაბუკის მთა, რომლის დაკავებაც იყო ჟვანიასა და კოკოითის მიერ 2004 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევა. ამის შემდეგ დაიწყეს ოსებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა. 8 აგვისტოს მოვლენები შეიძლება განვითარებულიყო ნებისმიერ დღეს 4 ივლისიდან მოყოლებული. აშკარად ჩანს, რომ რუსეთი ითრევდა საქართველოს პროვოკაციაში, არწმუნებდა რა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ თმობდა ცხინვალის რეგიონს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

"ტალიავინის კომისიამ ხომ დაასკვნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ცხინვალის დაბომბვისა და იქ ქართული ჯარის ნაწილების შესვლის შემდეგ გახდა საომარი მოქმედებები შეუქცევადი. დიახ, შემდეგ მედვედევმა აღიარა, რომ ეს ომი რუსეთს სჭირდებოდა საქართველოს ნატოში გაწევრების შესაფერხებლად და ეს მართლაც ასეა, მაგრამ საქმე სხვა რამეა. მოსაზრება, რომ რუსეთს არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი, პირველად 2006 წლის მაისში გავიგე. ეს ამერიკაში, ჩვენს საელჩოში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე თქვა ქართული წარმოშობის რუსმა დიპლომატმა, რომელიც დღეს საქართველოშია. სხვათა შორის, იქ ჩემთან ერთად იმყოფებოდა დავით დარჩიაშვილიც. რუსეთი დიდხანს მუშაობდა იმაზე, რომ ეს დაეჯერებინა საქართველოს ხელისუფლებას. რომ არა ჩვენი დოყლაპიობა, ავანტიურიზმი და ვოლუნტარიზმი, რუსებს დიდხანს მოუწევდათ ამ ხაფანგში სააკაშვილის შესატყუებლად ლოდინი. ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, რომლის ბრმა მოთამაშედაც იქცა სააკაშვილი", - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.