"სექტემბრის ბოლოს რუსეთი საქართველოს საზღვრებთან მასშტაბურ წვრთნებს აპირებს. "კავკაზ 2012"-თან დაკავშირებით, მშობლიური ხელისუფლების გარდა, შეშფოთება დასავლეთმაც გამოთქვა. ჩვენი შეშფოთება სავსებით ბუნებრივია, მაგრამ არა ისეთი, ბაჩუკი ქარდავას რომ ახასიათებს. ქარდავა კი ძალიან შემკრთალია. შემკრთალია ხელისუფლების ნაწილიც. შეშფოთება მაშინ უნდა გენახათ, როცა გაირკვა, რომ რუსეთი წვრთნების მოწყობას ოკუპირებულ რეგიონებშიც აპირებდა, ცხინვალსა და აფხაზეთში დამატებითი ძალებიც შეიყვანეს. თბილისი თან შეშფოთდა, თან გაიხარა - წინასაარჩევნოდ რუსულ აგრესიაზე საუბარი ხელისუფლებისთვის მომგებიანია ხოლმე", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით რუსეთმა უკან დაიხია / სექტემბრის ბოლოს ცხინვალსა და სოხუმში სამხედრო წვრთნები აღარ ჩატარდება.
"აფხაზეთსა და ცხინვალიდან რუსების შესაძლო შემოჭრაზე აწი ალბათ აღარ ილაპარაკებენ - რუსეთმა ცოტათი უკან დახევა გადაწყვიტა და ამ რეგიონებში წვრთნებს აღარ გამართავს. მოსკოვში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება "ზედმეტი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად" მიიღეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ რუსეთის გენშტაბის მოადგილემ ალეკსანდრ პოსტნიკოვმა აუწყა. კერძოდ, შეიცვალა პირველადი გეგმა და სწავლებას გამოეთიშებიან აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და სომხეთში განთავსებული რუსული ბაზების ქვედანაყოფები. გარდა ამისა, პოსტნიკოვის თქმით, სწავლებას უშუალოდ რუსეთის სამხედრო ძალები გაივლიან მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე. ანუ შეიცვალა ისიც, რომ წვრთნაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არმიებიც უნდა ჩართულიყვნენ და მანევრები ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიებზეც უნდა გამართულიყო", - აღნიშნავს გამოცემა.
"იმისთვის რომ გამოვრიცხოთ დამატებითი დაძაბულობა ჩვენს ზოგიერთ მეზობელთან ურთიერთობაში, სექტემბრის ბოლოს გამართული სწავლება არ იქნება ფართომასშტაბიანი. მასში 8 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო შეიარაღება, 100 ერთეული საარტილერიო დანადგარი, 10-მდე გემი და კატერი, ავიაცია კი 80-მდე გაფრენას განახორციელებს. ამ სწავლების მიმართულება არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა ქვეყნებისა და სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებისთვის. "კავკაზ 2012" -ის დროს მოხდება საბრძოლო გასროლები ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს "ისკანდერებიდან", - აცხადებს რუსი გენერალი. ბოლო დროს რუსეთს "კავკაზ 2012" -ის მოწყობისგან თავშეკავებისკენ არაერთხელ მოუწოდა დასავლეთმა. რამდენიმე დღის წინ სწავლების საერთოდ გაუქმება მოითხოვა აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ, რომლის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა კრის სმიტმა, აშშ-ისმ ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ მოუწოდა", - დასძენს გამოცემა.
"ეს ინფორმაცია ნამდვილად წაადგება ბაჩუკი ქარდავასგან დაზაფრულ საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც სულ კაკალ-კაკალ გვამცნო, როგოზინის კაბინეტში შემუშავებული შემოჭრის გეგმა. მაგრამ ვინ გაცლის გახარებას - ამჯერად სიხარული რუსმა პოლიტოლოგმა დიმიტრი შუშარინმა ჩაგვამწარა. იგი ვარაუდობს, რომ პუტინი საქართველოს ისევ დაესხმება თავს. "ომი საიმედო იარაღია და პუტინს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით შეუძლია უახლოეს მომავალში ისევ მიმართოს. ეს იქნება საქართველოში სრულმასშტაბიანი შეჭრა ბიძინას მოწოდებით ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურების მიზნით", - დაწერა თავის ბლოგში შუშარინმა. პოლიტოლოგი ხაზს უსვამს, რომ "ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით, მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური წყობა შეიძლება ჩაითვალოს თანმიმდევრულ დემოკრატიად და ამიტომ ის პუტინის რეჟიმისთვის რეალურ საშიშროებას წარმოადგენს. ასეთი მაგალითები აღარ უნდა არსებობდეს". შუშარინი დარწმუნებულია, რომ "დასავლეთი საქართველოს ჩააბარებს - ობამას უხალისო პრეზიდენტობა და ევროპელი ლიდრების უბადრუკობა არ იძლევა სხვა პროგნოზის საშუალებას". პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ რუსეთში ოპოზიციას ბოლოს მოუღებენ და ის მასებთან ერთად მხარს დაუჭერს ომს, თუნდაც თავისივე დუმილით", - წერს სტატიის ავტორი.