"არსებობს შიდა კულუარები, რომელზეც, როგორც წესი არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობა შემომთავაზა, თუმცა იმ ოლქს "ქართული ოცნება" ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებს. სადაც ჩემს წვლილს არ შევიტან იქ კენჭს არ ვიყრი. რეალურად ჩემსა და კოალიციის ლიდერს შორის არანაირ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი", - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბერძენიშვილმა ივანიშვილს მაჟორიტარობაზე უარი უთხრა / "არჩევნების შედეგების დასაცავად ქუჩაში გამოვალთ".
"კოალიციიდან არანაირი კულუარული ინფორმაცია არ გამოდის - ეს არის მიზანმიმართული შეტევა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა "რესპუბლიკური პარტია" ნომერ პირველ პარტნიორად დაასახელა, დარტყმის ობიექტები ჩვენ გავხდით. მთავარი ძალა კოალიციაში არიან "რესპუბლიკური პარტია" და ალასანიას პარტია. ამიტომ დაპირისპირების სამიზნე ეს ორი პარტია გახდა. სახელისუფლებო მედია-საშუალებებიც და ოპოზიციურიც ჩვენ გვებრძვის. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას მაჟორიტარების სიის გადახედვის შესახებ, სულ ერთ თუ ორ ოლქზეა საუბარი, შესაძლოა არც გახდეს გადახედვა საჭირო. გადახედვაზე ლაპარაკი სადაცაა, იქ არც ერთ ოლქში არ არის "რესპუბლიკელი" კანდიდატი. ვალერი გელაშვილის კანდიდატურის გადახედვას გამოვრიცხავ - მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.
"თბილისში იმაზე დიდი უპირატესობა გვექნება, ვიდრე ეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს ჰქონდა. ყველა რეგიონში აქტიურად ვიმუშავებთ, მაგრამ თბილისში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში და მცხეთა-მთიანეთში ველოდებით შესამჩნევ უპირატესობას. ბოლო ხანებში პროცესი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობს შიდა ქართლსა და კახეთში და არჩევნები ამ რეგიონებშიც ჩვენ უნდა მოვიგოთ. ქართლში ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია. რა თქმა უნდა ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსისა და წნეხის ამოქმედებას შეეცდება - ამის გამოყენების მეტი შანსია ქართლში, კახეთში, სამეგრელოში და ჯავახეთში. ჩვენ ასეთ რეგიონებს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. იქმნება სტერეოტიპი, რომ სააკაშვილს სამეგრელოში ადგილი გამყარებული აქვს. მაშინ როცა 2008 წელის გაყალბების ფონზე, არცთუ ისეთი უპირატესობა ჰქონდა, როგორც ამას ელოდნენ..." - განაგრძობს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი.
"მემარჯვენეებსა და ლეიბორისტებს არც ერთი კვლევის მიხედვით არ ესინჯებათ პულსი. ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ბარიერთან ახლოსაა, ეს არის "ქდმ", თუმცა მათაც გაუჭირდებათ, რადგან აქამდე ისინი სათბურის პირობებში მუშაობდნენ ხელისუფლების ხელშეწყობით. ახლა კი მათ ამის ფუფუფნება აღარ აქვთ, რადგან ხელისუფლებას მათთვის არ სცალია. დღეს ხელისუფლების მხარეს აღარ არის საერთაშორისო თანამეგობრობა - მის მხარდამჭერთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებულია და გაცილებით გაზრდილია სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილთა რიცხვი - ეს ფაქტორიც საჩვენოდ არის გაუმჯობესებული", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "რა იქნება იმ შემთხვევში თუ არჩევნებში დამარცხდებით? გია ნოდიას შეფასებით, დამარცხების შემთხვევაში "ოცნება" არჩევნების შედეგებს არ აღიარებს..." პასუხობს:
"ნოდიამ ყალბი ეგზიტპოლების გამოცხადების გამო 6-თვიანი მინისტრობა მიიღო. თუ იმას მეკითხებით მოგებულ არჩევნებს წაგებულად ვაღიარებთ თუ არა და შედეგებს შევეგუებით თუ არა, გეტყვით, რომ ვერ შევეგუებით შედეგების დაცვის ერთადერთი გზა აქცია არ არის - ჩვენ საზეიმოდ გამოვალთ ქუჩაში. კოალიცია ქვეყნის სამართავად ემზადება და რა თქმა უნდა, არ დაშილება. პირველ წლებში ყველა წევრის სურვილია, რომ მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში. ბუნებრივია, კოალიციიდან წასვლა არავის აინტერესებს. რამდენ ხანს იარსებებს კოალიცია, ეს სხვა საკითხია. იმიტომ, რომ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ პოლიტიკაში 2-3 წლით მოდის და პარტიებს შორის კონკურენცია უნდა გააძლიეროს. კოალიციური მმართველობა სადამდეც იქნება საჭირო, მანამდე იქნება ერთიანი".