"ივლისში კახეთს სტიქია დაატყდა. დასეტყვილი კახეთის მოსანახულებლად სახელმწიფოს პირველი პირები და ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ჩავიდნენ. კახეთში ჩაბრძანდა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქი ალავერდის მონასტერში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. იმავე პერიოდში კახეთს სტუმრობდა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც. ალავერდის მონასტერი მანაც მოილოცა. ამ ფაქტს საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა - ხალხს საეჭვოდ მოეჩვენა, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი თითქმის ერთდროულად მივიდნენ ალავერდის მონასტერში", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ალავერდში სააკაშვილი პატრიარქს შეეკამათა? / რა მოხდა დახურულ შეხვედრაზე.
"ალავერდში პრეზიდენტის და მეოცნებეთა ლიდერის ფარული შეხვედრის შესახებ განცხადებები, ლეიბორისტების გარდა, სხვებმაც გააკეთეს. ვიღაცებმა ისიც აღნიშნეს, რომ პრეზიდენტს პატრიარქთან ცოტა უსიამოვნო საუბარი ჰქონდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალავერდში გამართული დახურული შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტი კათოლიკოს-პატრიარქს დაუპირისპირდა - "პრეზიდენტმა უწმინდესი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ხმამაღლა ყვიროდა, ძალიან გაბრაზებული იყო, პატრიარქს ხელიც კი მოჰკიდა, არაფერი შეგეშალოსო" , - აცნობა საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა თვითმხილველმა. სასულიერო პირის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა ალავერდის ეპარქიას კომბაინი წაართვა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ალავერდში პატრიარქის და პრეზიდენტის ერთად ყოფნის კადრები ყველა ტელევიზიამ აჩვენა. ვნახეთ, როგორ დაათვალიერეს მათ ალავერდის მარანი. მარნის დათვალიერების შემდეგ პატრიარქი და პრეზიდენტი ერთმანეტს ეპისკოპოსისი რეზიდენციაში შეხვდნენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა თვითმხილველმა აცნობა, პატრიარქმა პრეზიდენტი ტრაპეზზე მიიწვია - "პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილი მოკრძალებულ ტრაპეზზე მიიწვია მან კი ჯერ ექიმებს შეამოწმებინა საჭმელი, მერე კი პატრიარქს სუფრა დაუწუნა და უთხრა, რომ ეს პრეზიდენტის შესაფერი სუფრა არ იყო", - განაცხადა თვითმხილველმა. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირების შემდეგ პრეზიდენტმა ალავერდი დატოვა, რამდენიმე წუთში გაემგზავრა პატრიარქიც", - დასძენს გამოცემა.
"ძნელი სათქმელია, რა მოხდა ალავერდში, მაგრამ ახმეტაში დღეს ბევრს საუბრობენ, რომ ცისკარიშვილმა მონასტერს ტექნიკა წაართვა. ახმეტაში ხუმრობენ, ცოტა ხანში იმ ჯიპებსაც წაართმევენ ეკლესიას, რომლებიც მეუფეებს 2007 წლის ბოლოს აჩუქესო. სხვათა შორის, მაშინ ამ ჯიპებზე უარი მხოლოდ რამდენიმე მღვდელმთავარმა თქვა. მათ შორის იყო მეუფე იობი. ძალიან მალე ნაჩუქარ ჯიპებში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. ალავერდში მომხდარ ინციდენტზე ალბათ კიდევ ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდება. მეუფე იობს არასდროს დაუმალავს, რომ ეს ხელისუფლება არ მოსწონდა. მეუფე არც ხელისუფლებას მოსწონს - მასზე ათასგვარ ჭორს ავრცელებენ... ჭორაობენ იმაზეც, რომ ხელისუფლება რატომღაც ალავერდს ყურადღებას არ აქცევს - სტიქიის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ მონასტერს დატბორვა ემუქრება - შარშან მონასტერი ორჯერ დაიტბორა. მოსალოდნელ საფრთხეზე ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია, ალავერდი ისევ საფრთხის წინაშეა", - წერს სტატიის ავტორი.