გვიხარია, რომ აქ ამდენი ადამიანი გამოთქვამს სურვილს დახმარება გაუწიოს სამშობლოში ხელისუფლების ქმედებებით უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ ოჯახებს

გვიხარია, რომ აქ ამდენი ადამიანი გამოთქვამს სურვილს დახმარება გაუწიოს სამშობლოში ხელისუფლების ქმედებებით უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ ოჯახებს"

"ემიგრანტები საერთაშორისო ფონდს აფუძნებენ, რომელიც კოორდინირებას საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ქველმოქმედებას გაუწევს. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ იდეას საზღვარგარეთ და რატომ დატოვა საქართველო "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთმა გამოკვეთილმა ფიგურამ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს? ამ და სხვა საკითხებზე ყოფილი მოსამართლე და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენელი ზაურ გურგენიძე "რეზონანსს" ესაუბრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ემიგრანტთა 80 პროცენტი არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს" / ზაურ გურგენიძე: "დავით კირკიტაძემ საიდუმლო წერილი გადმომცა".

"ფონდის შექმნის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა უკვე გავმართეთ, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია ფონდის მიზნებისა და მომავალი საქმიანობის თაობაზე. მართალი გითხრათ, ასეთ რეაქციას არ ველოდი - დღეს დილიდან ფაქტობრივად მიჯაჭვული ვართ ინტერნეტსა და ტელეფონს. ერთის მხრივ, გვიხარია, რომ აქ ამდენი ადამიანი გამოთქვამს სურვილს დახმარება გაუწიოს თავის სამშობლოში ხელისუფლების ქმედებებით უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ ოჯახებს. თან დათრგუნულიც ვარ - 21,-ე საუკუნეში, პოლიტიკური მოტივაციით ოჯახებისთვის სახლების ჩამორთმევის გამო რომ გვიწევს ქველმოქმედი ადამიანებისა და ჯგუფების კოორდინირება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაურ გურგენიძე.

"გამოხმაურებაა კონკრეტულ დაზარალებულთა მხრიდანაც, თბილისიდანაც და უცხოეთიდანაც. ავსტრიიდან დამიკავშირდა თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორის ყოფილი მოადგილე ტარიელ ხიზანიშვილი და ტირილით მომიყვა შემაძრწუნებელ ამბავს - მისი თქმით, თავის დროზე ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამო გაუყიდეს სახლი, მეუღლეს - მზია ხიზანიშვილს კი გამოგონილი ბრალდებით მიუსაჯეს 5 წელი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ქუჩაში დაუტოვეს. ეს კაცი გვთხოვს, იმის საშუალება მიეცეს, რომ აქედან გაგზავნილი საცხოვრებელი ვაგონი ჩადგას სადმე, რომ მის შვილებს ღამის გასათევი ჰქონდეთ. ყოველივე ამის ფონზე, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რაც შეიძლება მაქსიმუმი გავაკეთოთ, იქნებ შევძლოთ და გავუწიოთ დახმარება ანალოგიურ დღეში ჩავარდნილ ადამიანებს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"გეთანხმებით, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ყველანაირი ფინანსური აქტივობა სერიოზულად კონტროლდება - მინდობილობით ანგარიშია გახსნაც კი აიკრძალა უცხოეთიდან ქართულ ბანკებში. ამიტომ ჩვენი ყველა ქმედება იქნება აქაურ და ქართულ კანონმდებლობასთან მკაცრ შესაბამისობაში. ფონდის გამგეობაშიც სხვადასხვა ქვეყნიდან ნეიტრალური პოზიციის ადამიანები არიან წარმოდგენილები, რაც ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობის გარანტი იქნება. არ ვაპირებთ ვინმესთან ან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან რამე გარიგებაში შევლას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მხოლოდ ნებაყოფლობით შემომწირველებს დავეხმარებით რათა ადრესატებს მიაწვდინონ თავიანთი ქველმოქმედება. არავის მივცემთ საბაბს, ჩაითვალოს ჩვენი საქმიანობა კანონდარღვევად. თუმცაღა იმასაც ვითვალისწინებთ, როგორ დამოკიდებულებაშია აუდიტის სამსახური და მთლიანად ხელისუფლება კანონთან და სამართალთან", - განმარტავს ზაურ გურგენიძე.

"უბრალოდ სასაცილოა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის ოფიციალური მონაცემები, რომ საზღვარგარეთ 300 ათასამდე ქართველი იმყოფება. ყველამ მშვენივრად იცის, რომ დღეს უცხოეთში მილიონნახევრამდე ქართველია. სამწუხაროდ, ემიგრანტთა 70-80 პროცენტი არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. წინა რაჩევნებში ყველა ჩვენი ხმა მიჰქონდა ხელისუფლებას. დღეს ვითარება შეცვლილია, ემიგრაციის დიდი ნაწილი გააქტიურებულია. ამ ფონზე ხელისუფლებამ იპოვა მარტივი გამოსავალი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელით შეიტანა ცვლილებები კანონში, რითაც სავალდებულო გახდა საკონსულო აღრიცხვაზე ასაყვანად საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენა. ჩვენი მხრიდან დიდი პროტესტის შემდეგ, კვლავ შევიდა კოსმეტიკური ცვლილება კანონში, თუმცაღა არსებითად არაფერი შეცვლილა, ვინაიდან ემიგრანტთა უმრავლესობა აქ ცხოვრობს არალეგალურად და ისინი ვერანაირ დოკუმენტს ვერ წარადგენენ. ამასთან, არჩევნები დაინიშნა სამუშაო დღეს, რითაც დამატებით გამოირიცხა იმ მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა, ვინც აქ დასაქმებულია", - აცხადებს ზაურ გურგენიძე და შეკითხვას - "თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ მალევე გაემიჯნეთ სააკაშვილის ხელისუფლებას. რად გახდა ამის მიზეზი?" - პასუხობს:

"ვფიქრობ, მაშინდელი დაშვებული შეცდომების შედეგებს ვიმკით დღეს. გეტყვით, რომ მე ერთადერთი მოსამართლე ვარ ჩვენს ქვეყანაში, ვინც პოლიტიკური ზეწოლის გამო გადავდექი 2003 წელს ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან. ამავე წელს სააკაშვილისა და ადეიშვილის დაჟინებული თხოვნით, მოვხდი 2 ნოემბრის არჩევნების ნაციონალების საპარლამენტო სიაში და ფორმალურად გავხდი კიდეც პარლამენტის წევრი, ვიყავი "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ორგანიზატორი დღევანდელ "ნაც-ელიტასთან" ერთად. რასაც ახლა გეტყვით, პირველად ვამბობ საჯაროდ - ჩემი პირველი უთანხმოება დაიწყო მას შემდეგ, როცა ვიყავი საარჩევნო შტაბის უფროსი თერჯოლაში: არჩევნების წინა დღეს ჩამოვიდა დავით კირკიტაძე და გადმომცა ცენტრალური შტაბიდან საიდუმლო წერილი, რომლითაც მითითებდნენ, არჩევნების დღეს ყოველ ერთ საათში მომსვლელთა რა რაოდენობა აუნდა გადამეცა თბილისში, საბოლოოდ რამდენი უნდა დამეფიქსირებინა და მიუხედავად რეალური შედეგისა, რამდენი პროცენტი უნდა დამეწერა "ნაციონალური მოძრაობისთვის", ანუ ოქმები უნდა შემეცვალა - ასეთი წერილი მიიღო ყველა შტაბმა..."

"მე არ დავემორჩილე მათ მოთხოვნას და დავაფიქსირე რეალური მონაცემი, მით უმეტეს, მაშინ გაყალბება არც იყო საჭირო. მახსოფვს, რეალურად "მემარჯვენეებმა" მიირეს 12%, რაც ორჯერ აღემატებოდა იმ მაჩვენებელს, რაც ქვეყნის მასშტაბით დაუწერეს. ჩემმა ქმედებამ გააცოფა იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი დავით მუმლაძე და ტელეფონში პირდაპირ მომთხოვა ოქმები დამხია. რაღა თქმა უნდა, მასაც არ დავემორჩილე, რამაც საბოლოოდ დაძაბა ჩემსა და "ნაციონალურ მოძრაობას"
შორის ურთიერთობა. იმდენი მოვახერხეთ მე და ჩემმა მომხრეებმა თბილისში, მაშინდელ კანცელარიასთან 7-დღიანი აქციის შემდეგ, მუმლაძე გაათავისუფლა პრეზიდენტმა გუბერნატორობიდან. მალე მე და ჩემი თანამოაზრეები გავემიჯნეთ "ნაციონალურ მოძრაობას", - ამბობს ყოფილი მოსამართლე.

"ჩვენი ფონდის ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური შეფასებებისგან. თუმცაღა ჩემი და აქ მცხოვრები უამრავი ჩვენი მოქალაქის დამოკიდებულება დღევანდელი პოლიტიკისადმი ეყრდნობა იმ კონკრეტულ ფაქტებსა და მოვლენებს, რაც ყოველდღიურად ხდება და ჩვენს შეშფოთებას იწვევს. პირადად ჩემი, შვილებისა და ოჯახის უდიდესი სურვილია შევძლო ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლში დაბრუნება. რაც საფრანგეთში საარჩევნოდ ხდებოდა - ყოველდღე იმარტებოდა დებატები, სარკოზი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების სტუდიებში ჟურნალისტებისგან იყო გაწურული, ჩემს შვილებს ვერაფრით ვუხსნი რატომაა ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა... ვფიქრობ, პრობლემა ყველა ჩვენგანშია. ამიტომ უახლოეს ამოცანად ვთვლი საკუთარ თავში ინდიფერენტულობის, სხვისი ხელით საქმის კეთების სურვილი მოვიკლათ, ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე რაც შეგვიძლია და ოქტომბერში გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რომლის საშუალებასაც, იმედია, მოგვცემს დღევანდელი ხელისუფლება", - დასძენს ზაურ გურგენიძე.