"იმის გამო, რაც იმ დღეს მოხდა კვირიკობის დღესასწაულზე, ესენი ნამდვილად იმსახურებენ დასჯას. ის საზიზღრობა, რაც ზაზა გოროზიამ და მისმა ამოყვანილმა ხალხამ ჩაიდინა, ყოველგვარ შეფასებას სცდება. სვანებმა ეს პროვოკაცია შეაფასეს რეალურად და არ აყვნენ - მოგეხსენებათ, ეკლესიის მსახურნი ჩადგნენ შუაში. მათ ეკლესიის მსახურთაც მიაყენეს შეურაცხყოფა - ეს იყო ზონდერბრიგადა, რომელიც საშინელებას სჩადის. სვანები გააცოფა იმ მიდგომამ, როგორც მიუდგა ადგილობრივ მოსახლეობას კრიმინალთა ჯგუფი და ბანდა. მათ სამეგრელოს რეგიონიდან ამოიყვანეს არაადგილობრივი მოსახლეობა და მესტიაში გვეძახდნენ - წადი, წადიო! თუ ვინმე ჯერ კიდევ თავის პოზიციას არ გამოხატავდა, იმასაც დააწყებინეს გინება. ამ ფაქტმა ძალიან დიდი უკურეაგირება გამოიწვია. თუ ნორმალურთან მიახლოებული არჩევნები ჩატარდა, ამ ხელისუფლებისთვის სვანეთში არჩევნები დიდი პრობლემა იქნება", - აცხადებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მესტიის რაიონში ვიქტორ ჯაფარიძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სვანები გაცოფებულები არიან! თუ ვინმე ჯერ კიდევ თავის პოზიციას არ გამოხატავდა, იმასაც დააწყებინეს გინება..."
"ადრე განვაცხადე, რომ ამდენი ინვესტიცია, რაც აქ შემოდის სვანეთს არ ღირსებია, მაგრამ მთელი სვანეთი ხედავს, რომ თანხებს დაპატრონებული არიან მხოლოდ ორი ფირმა: "დაგი" გოროზიას კომპანია და "ენგური" კანდიდ კვიციანის კომპანია. ეს კომპანიები ძალიან დიდ ფულს აკეთებენ სვანეთში. შეგიძლიათ ახლა გამოიაროთ ბეტონის გზაზე და ნახოთ, თუ რა დღეშია ბეტონის გზა - ეს გზა ორ წელსაც ვერ გასძლებს. დიდი ფული კეთდება სვანეთში და ამიტომ უჭირთ ზაზა გოროზიასა და კანდიდ კვიციანს სვანეთის დათმობა. სხვათა შორის, შემოთავაზება იყო, მონაწილეობა მიმეღო კონკრეტულ პროექტებში, მაგრამ ფულზე არ ვიყიდები... რაც შეეხება ჩემს შესაძლო კონკურენტს ნაციონალური მოძრაობიდან - ბაჩო ახალაის მოადგილე სუბელიანს, სოზარ სუბარის ნათესავს. მინდა გითხრათ, როგორც პიროვნება ის არის ძალიან კარგი კანდიდატი, ასევე შესანიშნავი სამხედრო, თუმცა არ ვიცი, ყველაფერი მისი გადასაწყვეტია - ამ ეტაპზე ამ პიროვნებაზე დადებითის გარდა, არაფრის თქმა არ შემიძლია, უბრალოდ სასაცილოც კი არის კანდიდ კვიციანთან მისი შედარება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ჯაფარიძე.
"მინდა გითხრათ, რომ კუდ-ის თანამშრომელი გეგი ჩხეტიანი საშინელებას სჩადის სვანეთში. არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხო, ასე შეაზიზღო ხალხს თავი, ტერორში ჰყავს მთელი საჯარო მოსამსახურეები მესტიის რაიონში, იბარებს, ემოქრება, ტერორის ქვეშ ჰყავს ხალხი არის თუ არა საჭირო, ყველას ემუქრება. რასაც ვერ ვიტყვი პოლიციელებზე. ამ ეტაპზე პოლიციელებს ნეიტრალური პოზიცია უჭირავთ. თუმცა პოლიციელებმა ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვეს სოფელ იფარში. მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით ვთხოვო შსს-ს, იფარის პოლიციის განყოფილებას, სერიოზულად გადახედონ კადრებს, სანამ რამე უბედურება არ მომხდარა. იფარში მთვრალმა პოლიციელებმა სცემეს მოქალაქე, რომელსაც გამიექომაგა შემდეგ მთელი მოსახლეობა, რაიონის სამმართველოს უფროსი და რიგითი თანამშრომლები ავიდნენ, მოსახლეობას სთხოვეს, ეს ფაქტი არ გაეხმაურებინათ, ხალხს დაპირდნენ, რომ იმ პოლიციელებს დაითხოვდნენ სამსახურიდან. როგორც ვიცი, იმ პოლიციელების ნაწილი გადაიყვანეს., ერთიერთი კი ძველ თანამდებობას ინარჩუნებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მათში ერთი გახლავთ კრიმინალი, დანმაშავე, რომელიც ცრუ მოწმედ დაუდგა დავით ჟორჟოლიანს და და საპატრულოში გამოამწყვდიეს იმი გამო, რომ ის იყო კახა ჟორჟოლიანის ძმა. ანუ ეს გახლდათ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება. მიმდინარეობს ყოველდღიური ტერორი, გამგეობაში იბარებენ ხალხს. საჯარო მოხელეებს ეუბნებიან, თითოეული მოქალაქის ბიულეტენი დაფიქსირდებაო, ეუბნებიან, რომ კაბინებს ფარული კამერები გადაიღებს, აფრთხილებენ - როდესაც შეხვალთ საარჩევნო კაბინაში და შემოხაზავთ ბიულეტენს, გადაურებთ ფოტოს "ხუთიანს", ასევე ეუბნებიან, სხვადასხვა ფერის კალმებს დაგირიგებთ და იმ ფერის კალმით შემოხაზეთ ბიულეტენიო", - ამბობს ვიქტორ ჯაფარიძე.
"არა მარტო მე, სვანეთის მოსახლეობის ასივე პროცენტი ითხოვს, სვანეთი იყოს ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, სვანეთი სამეგრელოზე მექანიკურად მიერთებული არ უნდა იყოს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სვანეთის ერთი ბოლოდან მეორემდე 180 კილომეტრზე მეტია. ხე-ტყი მასალის 76% არის სვანეთის ტერიტორიაზე და სატყეო მეურნეობა წალენჯიხის რაიონში - რა ხდება?! ერთ ზამთარს რომ მოთოვა ხე-ტყის მოჭრაზე ხალხმა გაზაფხულამდე ნებართვა ვერ აიღო, წალენჯიხაში ჩასვლა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთი არჩევნების წინ ხალხს გულის მოხაგებად დაჰპირდნნენ, რომ სატყეო სამსახურს ხაიშში ტგადმოიტანდნენ - მხოლოდ 16 დრეს და 12 საათი დაჰყო სატყეო მეურნეობამ ხაიშში, როგორც კი არჩევნები დამთავრდა, აიღეს გუდა-ნაბადი და წავიდნენ ისევ წალენჯიხაში. ისტორიულად სვანებს და მეგრელებს ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, მაგრამ აქ არის ელემენტარული რამ - გამოყოფა იმიტომ გვსურს, რომ სამეგრელო ვერ გვაქცევს ყურადღებას", - დასძენს მაჟორიტარობის კანდიდატი და შეკითხვას - "ბატონო ვიქტორ, რეალური ინფორმაციაა, რომ თქვენი ანგარიშები დაყადაღებულია?!" - პასუხობს:
"სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი საკრედიტო ბარათები იყო დაბლოკილი. მეგობართან ერთად ვიყავი სადილად, თანხის გადახდისას საკრედიტო ბარათიდან თანხა არ მოიხსნა, მაშინ, როცა ჩემს ბარათზე თანხა იდო. შემდეგ ვცადე მეორე საკრედიტო ბარათი - მომივიდა პასუხი, რომ საკრედიტო ბარათზე თანხა არ ირიცხება. საქართველოს ბანკში მივედი და ვიკითხე, რა ხდებოდა - მითხრეს, რომ ტექნიკური პრობლემა იყო და მეორე დღისთვის ეს აღარ განმეორდებოდდა, მაგრამ მეორე დღესაც იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. მე ჩემს საკრედიტო ბარათებს ვერ ვიოყენებ და გინდათ ამას ყადაღა დაარქვით და გინდათ დაბლოკვა. უამრავ პრობლემას გვიქმნიან, გვავიწროებენ, გვზღუდავენ, სიცოცხლის უფლება გვართმევენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გასტანს".