მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობისა და არსებული საარჩევნო გარემოს პირობებში არჩევნების სამართლიანად ჩატარების იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს

მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობისა და არსებული საარჩევნო გარემოს პირობებში არჩევნების სამართლიანად ჩატარების იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს

საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს ავკარგიანობაზე, არსებულ პირობებში, რამდენად შესაძლებელია სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, "ინტერპრესნიუსი" საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, კახა კახიშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების დღედ პირველი ოქტომბერი განსაზღვრა. თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირებოდეს პრეზიდენტის მიერ არჩევნების დღედ 1-ლი ოქტომბრის განსაზღვრა?
- მოსალოდნელი იყო, რომ პრეზიდენტი არჩევნებს 1-10 ოქტომბრამდე დანიშნავდა. 5-ში და 7-ში ვერ დანიშნავდა, ვინაიდან 5-ში დანიშვნის შემთხვევაში აშკარად გამოიკვეთებოდა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება საკუთარი პარტიისთვის ზედმეტი აგიტაციის საშუალებად გამოიყენა. 7- ში, ბუნებრივია, იმის გამო ვერ დანიშნავდა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო ნომრად 7 აქვს მინიჭებული და ეს ძირითადი ოპონენტისათვის სასარგელოდ მიღებულ გადაწყვეტილებად ჩაითვლებოდა. რაც შეეხება 1-ელ ოქტომბერს, დაინიშნა იმიტომ, რომ ოპოზიციისათვის წინასაარჩევნო პერიოდი მაქსიმალურად შეემცირებინა.
სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნით ხელისუფლებამ ორი კურდღელი "დაიჭირა." ერთი - არჩევნებიდან ავტომატურად გამორიცხა ემიგრანტები, რომლებიც სამუშაო დღეს არჩევნებისთვის ვერ მოიცლიან და მეორე - სამუშო დღეს ხელისუფლება უფრო იოლად გააკონტროლებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ მოქმედებას.

გარდა ამისა, 1-ელ ოქტომბერს არჩევნების დანიშვნით ხელისუფლებამ ოპონენტებს საარჩევნო აგიტაციის საშუალების დრო აშკარად შეუმცირა, ვინაიდან აგვისტოს თვე ფაქტობრივად მკვდარ პოლიტიკურ სეზონად ითვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა საერთაშორისო სტრუქტურის თანამშრომლები შვებულებებში იმყოფებიან, ხოლო ისინი, ვინც არიან ამ ორგანიზაციებში დარჩენილები, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ. აგვისტოს თვეში ისვენებენ ჟურნალისტებიც და თითქმის ყველა პოლიტიკური თოქ-შოუ შეწყვეტილია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აშშ-ში არჩევნები ნოემბერში ტარდება და იმ დროს, როდესაც ჩვენთან ხმების შეჯამების ეტაპი დაიწყება, იქ ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ამინდს ქმნს საერთაშორისო პოლიტიკაში, აქტიურ საარჩევნო კამპანიაში იქნება ჩართული; შესაბამისად, ჩვენთვის არ ეცლებათ.
- ბატონო კახა, პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამდე საარჩევნო კანონმდებლობასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აქტუალურ თემებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დისკუსია აქტიურად კი მიმდინარეობდა, მაგრამ არც ოპოზიციური "რვიანისა" და შემდგომ არც "ექვსიანის" ფარგლებში შემუშავებულ საკითხებზე კონსენსუსი მიღწეული არ ყოფილა. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ამ საკითხებზე კონსულტაციები გაგრძელდა, მაგრამ რამდენადაც გვახსოვს, არც ერთ მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხზე ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამს. რა ცვლილებები იქნა მიღებული საარჩევნო კოდექსში? რას ითხოვდა ოპოზიცია და, საერთოდ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რა მოთხოვნა გაითვალისწინა ხელისუფლებამ და - რა არა?
- "რვიანის" მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე, ფაქტობრივად "რვიანის" დაშლით დასრულდა, რაც მოსალოდნელი იყო. 12 პუნქტიანი შეთანხმებით, რთულია ისაუბრო იმ მიზეზებსა და საფუძვლებზე, რომლებმაც რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიას განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დადებითი განწყობა შეუქმნა. პარტიებს შორის ხელმწერილი 12-პუნქტიანი შეთანხმებითაც თუ ვიმსჯელებთ, დარღვეულია ამ შეთანხმების პირველი და უმნიშვნელოვანესი პუნქტი, რომელიც იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების საკითხს შეეხებოდა. ამავდროულად, საქართველოს კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ", საარჩევნო კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსებში შევიდა ისეთი ცვლილებები, რომელთა საშუალებითაც, ხელისუფლებამ მოიპოვა უამრავი ბერკეტი ოპოზიციური პარტიებისა და მათი ელექტორატის მიმართ.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილს, რომელიც არეგულირებს საარჩევნო სისტემას, ბარიერს, პარლამენტში დეპუტატების პროპორციას (მაჟორიტარული, პროპორციული), საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობას და დაკომპლექტების წესებს - არაფერია შეცვლილი.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა უფრო გაიზარდა. გაფართოვდა იმ თანამდებობის პირთა წრე - გუბერნატორი, გამგებელი, რომლებსაც კანონმდებელი ანიჭებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებას. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსი გამგებელს აღიარებს პოლიტიკურ თანამდებობის პირად, იმ დროს, როდესაც კანონი ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ განმარტავს, რომ გამგებელი არის თანამდებობის პირი, რომელსაც კონკურსის წესით ირჩევს საკრებულო და, რომლის შერჩევაში ძირითად და გადამწყვეტ როლს თამაშობს არა პარტიული კუთვნილება არამედ რაიონის განვითარების გეგმა.

ამასთან, იმ პირების მიმართაც კი, რომლებსაც ამავე კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, არ ეძლევა აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, არ არის გათვალისწინებული ადეკვატური სანქციები, რომლის მიზანიც იქნებოდა შესაძლო დარღვევების პრევენცია და ეს იმ ფონზე, როდესაც დაფინანსების რეგულაციების დარღვევის გამო, პოლიტიკური სუბიექტების მიმართ გამოყენებულია ისეთი ოდენობის ჯარიმები, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - კანონმდებლებმა საარჩევნო კოდექსიდან ამოიღეს თითქმის ყველა ის რეგულაცია, რომელთა დარღვევის გამო საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა სუბიექტების მიერ იწერებოდა საჩივრები. ცვლილება შეეხო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებსაც. ფაქტობრივად, მოხდა მათი შევსების გამარტივება, პრობლემა, რომელიც იყო ყველა არჩევნების დროს, ვგულისხმობ ოქმის ბალანს, გადაჭრეს იმით, რომ ამოიღეს ის მონაცემების გრაფები, რომელთა გამო ვერ ადგენდნენ ბალანს და რაც თავისთავად იყო კრიტიკის საფუძველი. ცალკე აღნიშნის ღირსია ვიდეოთვალის განთავსების ვალდებულების ამოღება, რაც მანმადე ასევე წარმოადგენდა საჩივრების საფუძველს, იმის გამო, რომ ჩანაწერებს, როგორც წესი არ იძლეოდნენ.

ფაქტობრივად, მივიღეთ ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომლის მიზანი პირველ შემთხვევაში არის საჩივრების რაოდენობის ხელოვნური შემცირება (არ არსებობს რეგულაცია, შესაბამისად არ არის ამ რეგულაციის დარღევის საფუძველი), ხოლო მეორე შემთხვევაში დაწესებულია მკაცრი სანქციები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.
არსებითად არაფერია შეცვლილი დავათა განხილვის საკითხებში. "მასთ ქერის" და "მასთ ოფერის" პრინციპი ( პრინციპი, როდესაც საკაბელო მაუწყებლებს ევალებათ არაკონტროლირებადი მედიის ტრანსლირება) იმოქმედებს მხოლოდ კენჭისყრის დღემდე, რაც თეფშებთან ომის ფონზე, თითქოსდა ამსუბუქებს დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობას, მაგრამ მხოლოდ ვირტუალურად, ვინაიდან მოსახლეობას ართმევენ საშუალებას მიიღონ ალტერნატიული ინფორმაცია, როგორც თვითონ კენჭისყრის პროცედურებზე, ისე ხმების შეჯამების პერიოდის შესახებ.

საყურადღებოა საარჩევნო კოდექსის საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციის ნორმის ახალი რედაქცია. რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციის გამკაცრებულ საფუძვლებსა და პროცედურებს, ფაქტობრივად ცეესკოს, სხვადასხვა მიზეზებით საშუალება ეძლევა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია რეგისტრაციაში არ გაატაროს, რითაც ამ ორგანიზაციას არ მისცემენ არჩევნების დაკვირვების საშუალებასა და შესაბამისად არჩევნების შეფასების საშუალებას. (მუხლი 39).

ახალ რეგულაციებს მიეკუთვნება საარჩევნო კოდექსის 185 მუხლიც, რომელიც არეგულირებს ევროპის ქვეყნის მოქალქეების აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებებსა და მოვალეობებს. კერძოდ, ამ ნორმის შესაბამისად, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს და ხმის მიცემის უფლება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე. ამავდროულად, ასეთ პირზე, კანონის შესაბამისად, სრულად ვრცელდება საარჩევნო კოდექსით და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო ისინი ხმის მიცემის დროს საქართველოს პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნაცვლად გამოიყენებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტს.

- თუ არ ვცდები, ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემით დეპუტატები 30%-ით იქნებიან არჩეული. . .
- აბსოლუტურად გეთანხმებით, მაჟორიტარული სისტემის 30% ბარიერი, მიუხედავად ყველა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან 50% პლიუს ერთამდე გაზრდის მოთხოვნისა, უცვლელად დატოვეს. ფაქტობრივად 30%-იანი ბარიერის პირობებში, ხელისუფლების კანდიდატს მოგების დიდი შანსი აქვს, ვინაიდან ოპოზიციური კანდიდატები ერთმანეთს ართმევენ ხმებს, ხოლო მართველი პარტიის კანდიდატი ძირითად ეყრდნობა საკუთარ მყარ ამომრჩეველს, ადმინისტრაციულ რესურს და ამ სისტემით, იშვიათი გამონაკლისების გარდა, იგებს კიდევაც.

- თქვენ როგორ შეაფასებდით საარჩევნო კანონმდებლობას და რამდენად შეესაბამება იგი დემოკრატიული ქვეყნებში არსებულ კანონმდებლობას? და კიდევ, საარჩევნო კანონმდებლობისა და სისტემის გაუმჯობესების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ვენეციის კომისია. თქვენი შეფასებით, რა აზრისაა ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობაზე ვენეციის კომისია?
- 2004 წლიდან, ხელისუფლების მიერ აბსოლუტურად ყველა სფეროში, დამკვიდრდა ერთგვარი კანონის მორგების პრაქტიკა. არ არის გამონაკლისი საარჩევნო კანონმდებლობაც. წლიდან წლამდე, არჩევნებიდან - არჩევნებამდე ხელისუფლება აანალიზებს იმ რეგულაციებს, რომელთა გამო მათ ექმნებათ გარკვეული პრობლემები, იწერება საჩივრები და ამარტივებს პროცედურებს. სხვათა შორის, ამას არც მალავენ. მაგალითად, ამ კოდექსის განხილვის დროს, უნდოდათ მარკირების ამოღება, იმ მიზეზით, რომ მათი აზრით, მარკირების პროცედურა ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ამოცანას და ვინაიდან, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს ეშლებათ პროცედურა, მარკირების ფლაკონებიდან სითხე არ გამოდის, დაზიანებულია სპეციალური ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ხდება მარკირების შემოწმება, იწერება ბევრი საჩივრი. საბოლოოდ, აღნიშნული პროცედურა დატოვეს არასამთავრობო სექტორის დაჟინებული რეკომენდაციების გამო.

ვენეციის კომისიას არაერთი რეკომენდაცია ჰქონდა საარჩევნო სისტემის, ბარიერთან და სხვა პროცედურებთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნებიდან ითვალისწინიბეს მხოლოდ იმ ნაწილს, რომელთა მიღების გამო, მათ არჩევნებში მოგება სირთულეს არ შეუქმნის. არსებობს ისეთი პრაქტიკაც, როდესაც ამ კომისიას უგზავნიან რეგულაციის ერთ ვარიანტს, ხოლო ამ ვარიანტის მოწონების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში, იღებენ ამავე საკითხის რეგულაციის შეცვლილ ვერსიას, რომელიც კონკრეტულად მიზნად ისახავს მართველი პარტიის პოზიციების გამაგრებას.

- არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ცვლილებები იქნა მიღებული კანონში "მოქალაქეთა გაერთიანებების შესახებ"? ამ ცვლილებებით პრაქტიკულად რა გაუმჯობესდა?
- ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები დიდი ხანია, ვითხოვდით პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რაც ხელისუფლების მხრიდან უპასუხოდ რჩებოდა. აღნიშნული რეგულაციების დაწესების საჭიროება შემოიღეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს გაუჩდა პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი. ძალიან მცირე დროში კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ შემუშავებული და მიღებულ იქნა ცვლილებების ისეთი პაკეტი, რომელმაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა პოლიტიკური ოპონენტების საკმარისი დაფინანსება. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონის ნორმები იმდენად ბუნდოვანია და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა თავიდანვე ჩანდა, რომ ეს ნორმებიც დამატებითი ბერკეტის ფუნქციას შეიძენს ხელისუფლების ხელში, რაც სამწუხაროდ გამართლდა კიდევაც.

- თქვენ არაერთხელ გამოგითქვამთ მოსაზრება, რომ სისხლის სამართლის კოდექსშიც იმგვარი ცვლილებები იქნა მიღებული, რომ აშკარად პოლიტიკასა და არჩევნებზეა ორიენტირებული. შეგიძლიათ მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითები?
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ახალი ნორმა 124 პირველი პრიმა მუხლის სახით, რომელიც საშუალებას აძლევს პროკურატურას, აკონტროლოს პირის საბანკო ანგარიშები. აღსანიშნავია, რომ ბანკს ამ მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე ევალება, აცნობოს ოპერაციის (თანხის გატანა, გადარიცხვა) შესრულებამდე პროკურატურას, ხოლო მისგან თანხმობის მიღების გარეშე საერთოდ არ განახორციელოს ასეთი მოქმედება. პარალელურად, ცვლილება 374 პირველი პრიმა მუხლის სახით" შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, საბანკო ანგარიშის მონიტორინგის, მასზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების მონაცემების გახმაურების გამო. ფაქტობრივად იმ შემთხვევაში, თუ ბანკის თანამშრომელი ბანკის კლიენტს ეტყვის, რომ მისი ანგარიში არის დაყადაღებული ან იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, მიეცემა პასუხისგებაში და ასეთი სახის დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

- რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ხელისუფლების მცდელობით ემიგრანტთა უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს?
- 2012 წლის 11 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომელიც საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაციის შემთხვევაში ითხოვს ისეთი დოკუმენტის წარდგენას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მისამრთი იმ ქვეყანაში, სადაც ის აპირებს საკონსულო აღიცხვაზე დადგომას. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფებიან, საკონსულო აღრიცხვაზე ვერ დადგებიან, ვინაიდან ასეთი დოკუმენტი მათ არ გააჩნიათ. საინტერესოა, რომ ამ გადაწყვეტილების პირველ ვარიანტში, განკარგულება ითხოვდა საცხოვრებელი ადგილის ცნობის წარდგენას, რაც საერთოდ შეუძლებელი იყო, ვინაიდან ასეთი ცნობები ევროკავშირის ქვეყნებში არ გაიცემა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე. ამ ორი ნორმის ანალიზით, მივიდივართ იმ დასკვნამდე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩვენ თანამოქალაქეებს წაართვა კონსტიტუციით აქტიური საარჩევნო უფლება და ეს იმ ფონზე, როდესაც პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის საფუძველზე უცხო მოქალაქეებს უფლება მიეცათ, აირჩიონ საქართველოს ხელისუფლება. ამავდროულად, საარჩევნო სიაში არიან ისეთი თანამოქალაქეები, რომელთა საქართველოს პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მისამართის გრაფაში აღნიშნულია დონეცკი, ხარკოვი სხვა ქალაქები ან საცხოვრებელი მისამართი საერთოდ არ არის მითითებული.

ვინაიდან საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი მოქალაქე, როგორც წესი, ოპოზიციურად არის განწყობილი, რთული მისახვედრი არ არის ის მიზეზი, რის გამოც, ჩემი აზრით, მათ ართმევენ აქტიურ საარჩევნო უფლებას. კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოში არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობიდან. ვაშაძის გადაწყვეტილების მიზანია, დაბლოკოს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, რათა მათი საარჩევნო ხმები არ ჩაითვალოს არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობაში.

- რას იტყოდით საარჩევნო გარემოზე, რომლის გაუმჯობესებაზე როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ბევრს საუბრობდა? ის, რომ პოლიტიკური სუბიექტები აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან ამაზე საკუთარი აზრის ქონას, ექსპერტობა სულაც არ სჭირდება, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი კითხვა სავარაუდოდ ასე შეიძლება ჩამოყალიდბეს - არსებულ საარჩევნო გარემოსა და მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში რამდენად შესაძლებელია სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება?
- მე შევეცდები, ჩამოვთვალო ის პირობები, რომელთა ერთობლიობის პირობებში შესაძლებელია ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და, რომლებიც არეგულირებენ და აწესრიგებენ საარჩევნო გარემოს, როგორც არჩევნების, ისე არასაარჩევნო პერიოდში. ეს პირობებია: 1. თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო; 2. სამართლიანი საარჩევნო სისტემა და ოპოზიციისთვის გადასალახად შესაძლებელი ბარიერი, 3. ყველა დონეზე მიუკერძოებული და კვალიფიციური პირებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია, 4. რეალური საარჩევნო სია, რომელშიც მოწესრიგებული იქნება შიდა მიგრაციის, საზღვარგარეთ მყოფი და დაუდგენელი მისამართების ამომრჩევლების პრობლემა (ჩვენთან ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით, რაც გათვალისწინებული არაა), 5. დეპოლიტიზირებული პოლიცია და სპეცსამსახურები; 6. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მკაცრი კონტროლი, 7. თავისუფალი ბიზნესგარემო. 
მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობისა და არსებული საარჩევნო გარემოს პირობებში არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს.