"ჩემი ეზო მენატრება, ჩემი ნაწვალები სახლ-კარი, რომელიც დაკეტილი ყოფილა თურმე. ორჯერ დევნილობამ მოგვიწია: სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ, სოფელ გენწვისში, მეუღლის მშობლების სახლ-კარში დავბინავდით; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კი თბილისს შევაფარეთ თავი... ერთ დღეს ყვითელ ავტობუსში შეგვყარეს, - უკეთეს პირობებში იცხოვრებთ, მიწაც არის, გაზიც და გამართული სახლ-კარიცო. გზაში გავიგეთ, რომ გარდაბანში მივყავდით"... - ამბობს 75 წლის ნათელა ქოჩქიანი. "უკეთესი პირობების" ნაცვლად, გაუწყლოების პრობლემით დატანჯული, ნახევრად დანგრეულ სახლებში მცხოვრები ეკომიგრანტები დახვდნენ... როგორ გაგრძელდა ცხოვრება ომის შემდეგ, ამის შესახებ კოდორელი დევნილები გვიამბობენ...
მერი ოთხვანი, კოდორის ხეობის სოფელ გენწვიშის მკვიდრი:
- სოფელში დილიდან ავის მომასწავებელი სიჩუმე იყო. 10 აგვისტოს დილა იდგა. ყურმოკვრით გავიგე, რომ აფხაზები აქეთ აპირებდნენ ამოსვლას. ვიცოდი, რომ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ... ქათმები დავაპურე და ეზოდან გავედი. სოფელი კი იყო, მაგრამ იქაურობა ისე იყო გაკეთებული, ქუჩაში გამოსვლა მიხაროდა. სურსათის მაღაზიისკენ წავედი, რაღაცები უნდა მეყიდა. გზად სასაფლაო უნდა გამევლო. ჩემი მეზობელი, შვილმკვდარი დედა საფლავზე დამხობილიყო და მწარედ მოთქვამდა. ეჰ, ისე მიდის ჩვენი საქმე, იქნება საფლავებიც მოგვენატროს-მეთქი, - გამიელვა გულში... ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. სანამ მაღაზიამდე მივაღწიე, რამდენიმე ვერტმფრენმა გადაიფრინა. თვალი გავაყოლე და დავინახე, პირველი ჭურვი ჩემი ეზოს წინ ჩამოვარდა. მას სხვებიც მოჰყვა და რამდენიმე წუთში იქაურობა გამაყრუებელმა გუგუნმა მოიცვა. გახსენებაც კი არ მინდა. მშიშარა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იმ დღეს საკუთარმა უმწეობამ სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო, არ ვიცოდი, რა მექნა. ჩემი შვილების გამო ვდარდობდი, თორემ ჩემი თავი - ჯანდაბას! რამდენიმე წუთში ქუჩის თავში მეზობლები შევიკრიბეთ, ერთმანეთს ვეკითხებოდით, თუ რა უნდა გვექნა... იქვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელიც იყო, რომელიც გამუდმებით გვეუბნებოდა: საშიში არაფერიაო. ჩვენთან ახლოს სამხედრო შტაბი იყო განთავსებული და იქ ყოფნა უფრო მეტად საშიში იყო. ადგილობრივ ხელისუფლებას ვეკითხებოდით, რა ვქნათ-თქო? - ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო, - გვპასუხობდნენ. რისი იმედი ჰქონდათ, არ ვიცი...
- იქიდან როგორ წამოხვედით?
- რამდენიმე წუთში საიდანღაც სატვირთო მანქანებიც გამოჩნდა და ყველანი მასზე ავცვივდით. ჩემთან ერთად ჩემი შვილები და შვილიშვილები იყვნენ. მეზობლებიდან ზოგი საკუთარი სურვილით დარჩა, ზოგისთვის მანქანაში ადგილი აღარ დარჩა. არადა, სოფელი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მალე მეორე მანქანაც მოვა და იმას გამოჰყევითო, - უთხრეს... როცა სოფელი დავტოვეთ, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სახლიდან არაფერი წამოგვიღია. გზად არც ერთი სამხედრო ან პოლიციის თანამშრომელი არ შეგვხვედრია. არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოჩენილან; მგონი, ჩვენზე ადრე დატოვეს იქაურობა. მეგონა, შემდეგ, ყველას თავისი მიეზღვებოდა, მაგრამ შევცდი...
- ახლა როგორ ცხოვრობთ?
- ვუძლებთ. წუწუნი არ მიყვარს. ყველაფერი გამოვიარეთ - შიმშილი, დამცირება, უსახლკარობა. კი ვამბობდით, მთავარია, ომი არ იყოს და ყველაფერს ავიტანთ-თქო, მაგრამ არ ყოფილა ასე... იქიდან ქუთაისში ჩამოვედით და ნახევრად დანგრეულ, ყოფილი ავტოკოლეჯის შენობაში დაგვაბინავეს. ერთ ოთახში 7-8 სული ვიყავით შეყრილი. მერე თბილისში, ყოფილი ამიერკავკასიის სარდლობის შენობას შევაფარეთ თავი. უცნობებს ზოგს საჭმელი, ზოგს ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები მოჰქონდათ. იქ ორ წელზე მეტხანს დავყავით. ზოგმა გარე ვაჭრობას მიჰყო ხელი. ბევრმა გაუსაძლისი პირობები ვერ აიტანა და კოდორში დაბრუნდა...
ერთ დღესაც ყვითელი ავტობუსები და სატვირთო მანქანები მოგვადგნენ და გარდაბანში წაგვიყვანეს. ჩვენი ჭერი კი გვაქვს, მაგრამ სახლი, რბილად რომ ვთქვათ, კარგად მისახედი იყო. ორგანიზატორმა, ვინც იქ მიგვიყვანა (ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი იყო), ღიმილით გვითხრა, - სვანები მშრომელი ხალხი ხართ და მჯერა, აქაურობას ააყვავებთო... ისე, მიწა კი გვაქვს, მაგრამ სარწყავი სისტემები არ არის და ძალიან ვწვალობთ. ნაყოფიერი მიწაა, მაგრამ ჩემი ულამაზესი ხეობა მენატრება, თავისი გრილი ზაფხულითა და მკაცრი ზამთრით. არ მინდა, კოდორში დაბრუნების იმედი საბოლოოდ დავკარგო, არადა, რაც დრო გადის, ის ხავსიც კი არ ჩანს, რომელსაც ჩავებღაუჭებით.
გიული გელბახიანი, კოდორის ხეობის მკვიდრი, 53 წლის:
- 15 წელი ხეობას კბილებით ვიცავდით. 2008 წელს კი რამდენიმე საათში ყველაფერი დავკარგეთ. არადა, სანამ დაბომბვა დაიწყებოდა, ე.წ. ზემო აფხაზეთის ხელმძღვანელობა ამბობდა, თბილისიდან ვაგვარებთ საქმეებს, რუსი კი არა, ჩიტი ვერ შემოფრინდებაო. როგორც კი პირველი ჭურვი ჩამოვარდა, მათთვის თვალიც აღარ მოგვიკრავს. რუსებს ჭურვები რომ არ ჩამოეყარათ, იქიდან ფეხს არ მოვიცვლიდით, მაგრამ სული მწარეა, შვილო... 15 წლის ნალოლიავები უცებ ქარს გავატანეთ და დღეს მის დაბრუნებაზე, როგორც ვატყობ, ფიქრიც ზედმეტია. ხეობას თუ დავიბრუნებთ, სოხუმთან ერთად უნდა დავიბრუნოთ.
- თქვენი სახლის შესახებ რა იცით?
- კარგი არაფერი, შვილო - ჩემი სახლისგან მხოლოდ კედლებიღა დარჩენილა. სანამ აფხაზები სატელეფონო კოდებს შეცვლიდნენ, რამდენჯერმე დავუკავშირდით ჩვენს იქაურ მეზობლებს, გულისტკივილით გვითხრეს, - ხეობას რუსები აკონტროლებენ, აფხაზი ათასში ერთხელ თუ გამოჩნდებაო. არადა, აფხაზთან უფრო შეიძლება საერთო ენის პოვნა...
მერაბ გერლიანი, კოდორის ხეობის მკვიდრი:
- აფხაზებს უღელტეხილზე საგუშაგო გაუხსნიათ. აფხაზების სახელი ჰქვია, თორემ ჩემებმა მითხრეს, ყველაფერს რუსები აკეთებენ. დღე და ღამე მუშაობენ, ყველანაირი სამხედრო ტექნიკა შემოაქვთო. ომამდე, ქოფჩარის ტყეებიდან მოდიოდნენ, ჩვენს ახალგახსნილ მაღაზიებში პირველადი მოხმარების ნივთებს ყიდულობდნენ. ერთმა პირველად ნახა, როგორ გამომქონდა ფული ბანკომატიდან და გაოცებული კარგა ხანს მიყურებდაო... არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ჩვენები ამბობენ, რუსებს რაღაც ნაკრძალის თუ პარკის გაკეთება უნდოდათ, რომელიც ტურისტებისთვის საინტერესო ზონა იქნებოდა, მაგრამ ხელისუფლების მიერ მის გასაკეთებლად გადმორიცხული ფული აფხაზებმა და რუსებმა გაიყვეს და ხეობის ერთი ნაწილის ნაკრძალად გადაკეთების გეგმა დროებით ჩავარდა... ჩემი სახლის გვერდით რუსული ბაზა აუშენებიათ. მეზობლებმა მითხრეს, შენს სახლში ჩინოვნიკების საცხოვრებელი გააკეთესო. 10 წელი თავდაუზოგავად ვშრომობდი, ვაკეთებდი იმ სახლს. ჩემი შვილები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მსახურობდნენ. ერთ-ერთი ერაყის სამშვიდობო მისიაში ორჯერ იყო და მათი ხელფასით ორივესთვის სამყოფი, დიდი სახლი ავაშენე და მოვაწყვე... მაშინ ისე მოკლე დროში მოხდა ყველაფერი, გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, თორემ რომ მცოდნოდა, რა უბედურება გველოდა, ჩემს ნაწვალებს ჩემივე ხელით დავწვავდი... რუსებს ჩვენს ქუჩაზე 4 ხუთსართულიანი კორპუსიც აუშენებიათ. მშენებლობაზე სამუშაოდ აფხაზები სოხუმიდან და ოჩამჩირიდან გადმოდიანო. რუსი სამხედროები ომარიშარასა და ქოფჩარაში არიან განლაგებული. კოდორიდან ჭუბერისკენ სამი გზა მოდის, სამივეს რუსები აკონტროლებენ თურმე.
- ადგილობრივებთან, ქართველებთან როგორი ურთიერთობა აქვთ?
- თავიდან ცდილობდნენ რაღაცებს, რუსული პასპორტების აღებას აიძულებდნენ, მაგრამ შემდეგ შეეშვნენ. ახლა ხეობაში აფხაზური მთავრობაა. იმ კოტეჯებში არიან შესახლებული, რომლებიც რუსეთის ჭურვებს გადაურჩა. აფხაზებს იქ ცხოვრება არ უნდათ, რადგან მიწაზე მუშაობა არ უყვართ, მაგრამ იმის ეშინიათ, რომ რუსები იქაურობას კიდევ ერთ სამხედრო ბაზად აქცევენ და ჩვენებს ეხვეწებიან, ჩამოდით, აქ იცხოვრეთ, თქვენს თავს არავის დავაჩაგვრინებთო. იმათ, ვინც 90-იან წლების ომში მონაწილეობდა, არ ეპატიჟებიან... აქ ცხოვრება ძნელია, ჩვენი ხელისუფლება ადამიანებად არ გვთვლის, მაგრამ მაინც არ წავალ - იქ ცხოვრებას, ამ "ფუტკრის სკაში" ცხოვრება მირჩევნია... მთელ ხეობაში სულ 100-მდე ჩვენებური ცხოვრობს, რომელთაც უბრალოდ, სხვა გამოსავალი არა აქვთ.
თამარ გერლიანი, კოდორის ხეობის მკვიდრი:
- 28-ლარიანი დახმარება გვქონდა და ისიც მოგვიხსნეს: საკუთარი ეზო-კარი გაქვთო. წეროვანში ვინც ერთხელ მაინც ყოფილა, მიხვდება, თუ რამდენად უზრუნველად "ვცხოვრობთ" და როგორია ის "ეზო-კარი". შარშან შვილი სკოლაში ვერ გავუშვი, საშუალება არ მქონდა. დავიღალე მათხოვრობით. ახლობლებს ჩემს დანახვაზე ნაძალადევად ეღიმებათ. ვერავის გავამტყუნებ - ყველას საკუთარი თავი გასჭირვებია... ჩემი მეუღლე ჭუბერში მუშაობს. ნათესავმა იქვე პატარა მიწის ნაკვეთი აჩუქა და ფიცრულიც ჩაადგმევინა; ფუტკარიც ჰყავს. წელიწადში ორჯერ ზემო სვანეთში ავდივარ და იქიდან თაფლი ჩამომაქვს, რომელსაც კარდაკარ ვატარებ და ვყიდი. ასე ვარსებობთ. არ მინდა წუწუნი, დავიღალე. თან, ჩემ გარშემო მყოფებს ისე უჭირთ, სხვებს ის თაფლიც არა აქვთ, რომ თავი ირჩინონ... გულწრფელად გეტყვით - ბევრჯერ მიფიქრია, ისევ კოდორში დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ვიცი, იქ ცხოვრების გაგრძელება გამიჭირდება. ეს იცის ჩვენმა ხელისუფლებამ და იმიტომ გვექცევა ასე აგდებულად. მაგრამ ნუ მიგვიყვანენ იმ ზომამდე, ადამიანის სახე და ეროვნულობის განცდა დავკარგოთ... ჭუბერელები ამბობენ, კოდორის ხეობას ემზარ კვიციანის დისშვილი, ბაჩო არღვლიანი მართავსო. რუსებს გუბერნატორად ზაზა გურჩიანი დაუნიშნავთ, მაგრამ საქმეს ბაჩუკი აკეთებსო, რომელიც იქაურებს ძალიან უყვართ... ამბობენ, ბაჩუკი სვანების გადარჩენილ სახლებს ჰპატრონობს, რომ არავინ შესახლდესო. იქ დარჩენილი სვანები მის იმედზე არიანო.
თემური, სოფელ ომარიშარის მკვიდრი, 42 წლის:
- ჩემი სოფელი მთლიანად ცარიელია, რადგან თითქმის ყველა ოჯახის შვილი თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა... ამათი "ტრიპაჩობა" რომ არა, კოდორის ხეობას არაფერი ემუქრებოდა; ემზარ კვიციანმა 2008 წლამდე მოიტანა და როგორღაც იმ ომსაც გადავურჩებოდით... აფხაზები ჩვეულებრივად გადმოდიოდნენ და ერთი კვირის სამყოფი რძის ნაწარმი მიჰქონდათ: მათი შემოსავალი ზღვის სეზონზე გაკეთებული ფული იყო, რაც არაფერში ჰყოფნიდათ... მერე ეს ნაწარმი გასაყიდად ჩაჰქონდათ, სოხუმის სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში აბარებდნენ და პურის ფული რჩებოდათ. ბოლო დროს ისე გავშინაურდით, ნისიადაც კი ვატანდით... ერთ დღეს ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრა. ჩემი ახლობლები წეროვანში ცხოვრობენ, მათმა ახალმა, ახალგორელმა მეზობლებმა გვითხრეს, - თქვენ რა გიჭირთ, ომი მაინც არ გინახავთო. შეიძლება, გიჟი ვეგონე, მაგრამ მაინც ვუთხარი, - მენახა მაინც ომი, მეცოდინებოდა, რისთვის დავტოვე სახლ-კარი-მეთქი. სამხედროები და ე.წ. ზემო აფხაზეთის ხელისუფლება, თავის პოლიციის თანამშრომლებიანად, ჩვენზე წინ გამოიქცნენ იქიდან... ახლა მე და ჩემი შვილი ბაგებში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. ჩემი გოგონა სწავლობს, მე მშენებლობაზე ვმუშაობ. ცოლი და დანარჩენი 3 შვილი წეროვანში ცხოვრობენ და ასე ვართ დაფანტულები...