შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორთან, კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნუკრი ქანთარიასთან საუბარი ქართულ თეატრში შექმნილ ვითარებაზე დავიწყეთ:
- ყველა ქვეყანას აქვს გამორჩეული ტრადიციული კულტურის კერა, რომლის სახე წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ასეთია თეატრი "გლობუსი" ლონდონში, "კომედი ფრანსე" პარიზში და ა.შ. ასეთივე მისია აკისრია რუსთაველის თეატრს: იქ შესული ადამიანი უნდა გრძნობდეს კავშირს იმ დიდ ხელოვნებასთან, ბუმბერაზ მსახიობებთან, რომლებიც ამ თეატრის სცენაზე იდგნენ, დღევანდელ მაყურებელს კი გაახსენდება, რომ რამდენიმე თვის წინ ეს ლეგენდური სცენა "ტანცპლაშჩადკად", საცეკვაო მოედნად იყო ქცეული, მეორე დარბაზში ქეიფი გაიმართა და ა.შ. ეს "აჯაფსანდალი" სამარცხვინოა!
- ბოლო ხანს გავრცელებული ინფორმაციით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რეჟისორების - გიზო ჟორდანიასა და დავით დოიაშვილის კანდიდატურები განიხილება.
- გიზო ჟორდანიას დიდ პატივს ვცემ. დოიაშვილი კი თავის თეატრში, მუსკომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრში მოღვაწეობს... არავის ვურჩევდი დღევანდელ ვითარებაში, ამ რეჟიმის პირობებში რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დათანხმებას.
- როგორ მოხდა თქვენი კანდიდატურის წამოყენება ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად? თავდაპირველად, თქვენ "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის არ სახელდებოდით.
- არ ვსახელდებოდი, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა. ვაქტიურობდი, უსამართლობის წინააღმდეგ ხმას ვიმაღლებდი, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, "ქართული აკადემიის" წევრი. თუმცა ხმამაღლა ვამბობდი იმასაც, რომ ახლა ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი დადგა და იქ კი არ უნდა ვიდგეთ, სადაც ჩვენ გვინდა, არამედ სადაც საჭიროა. დღევანდელმა ვითარებამ ასე მოითხოვა და, მზად ვარ საბრძოლველად. ისნის რაიონის მოსახლეობას უკვე ვხვდები და ვიმედოვნებ, არა მხოლოდ ამ რაიონში, სრულიად საქართველოში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს... ახლა მმართველი გუნდი მოსახლეობას დაპირებების კორიანტელში გაახვევს. ვანო მერაბიშვილი ახალ, კომიკურ ამპლუაში მოგვევლინა, უნდა კეთილი მილიციელის, ბიძია სტიოპას როლი მოირგოს, დადის და ბავშვებს ეფერება, ჰგონია, საზოგადოებას კოლექტიური სკლეროზი შეეყარა და დაავიწყდა მისი მინისტრობისას ჩადენილი უსამართლობა, სისასტიკე, მკვლელობების, დარბევების სერია. "ქართული ოცნების" რეალური დაპირებები ოთხზე გაამრავლეს და ააფრიალეს. ახლა მთავარია, მოსახლეობამ სწორად განსაზღვროს, ვის დაეჯერება: იმას, ვისაც რვა წელია, თითქმის არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია და ხალხი არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე გაახსენდა, მაშინ, როცა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა (თურმე სიღარიბე უკვე დაამარცხეს და ახლა მეტი სარგებელი უნდა მოუტანონ ხალხს), თუ იმ პიროვნებას, ვინც ნაკეთები დიდი საქმეებით დაადასტურა ქვეყნის ერთგულება.
- ისანი თბილისის უძველესი, ტრადიციული, ამასთანავე, მრავალეროვანი რაიონია.
- ისნის რაიონში იგივე პრობლემებია, რაც სრულიად საქართველოში - ოჯახები წელშია არიან გაწყვეტილი. ჩემი აზრით, უპირველესად, ოჯახები, ადამიანები უნდა დადგნენ ფეხზე და ღირსეული ცხოვრების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. საზოგადოება არ უნდა იყოს ილუზიების ტყვეობაში - იქ შადრევანი ამოხეთქავს, აქ ახალი ქალაქი აშენდება, ბათუმის ახალაშენებულ უნივერსიტეტში ეშმაკის ბორბალი დატრიალდება და მეც ავშენდებიო. ახლა ხელისუფლება ფოჩიან კანფეტებს უხვად დაარიგებს, ვიღაცებს სოციალურ დახმარებას აღუდგენს, საგადასახადო დავალიანებას ჩამოაწერს, მაგრამ ამ ფულს ხალხისგან არჩევნების მეორე დღესვე ასმაგად ამოიღებს... ისანი დედაქალაქის ძირძველი რაიონია, ჯერ კიდევ მე-9 საუკუნის ისტორიულ წყაროებში გვხვდება სახელწოდება "ისანი". ყველა იქ მცხოვრები, მიუხედავად ეროვნებისა, თავს ძირძველ თბილისელად მიიჩნევს და ასეც არის. სწორედ ამ მოზაიკაშია ისნის კოლორიტი. ისანი საკმაოდ დიდი რაიონია - 10 ზონას მოიცავს. უმუშევრობა, ჯანდაცვის პრობლემები აქაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სატკივარია. იქ განსაკუთრებით მწვავედ დგას ავარიული სახლების პრობლემა, ყოველი არჩევნების წინ ამ ადამიანებთან მიჰყავთ ეფემერული ინვესტორები, რომლებიც არჩევნების დასრულებისთანავე უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ახლაც იგივე ხდება.
- თქვენი კონკურენტი მმართველი პარტიიდან ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა, ამბობენ, რომ ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე იქნება, რომელიც ჯერ ისევ თანამდებობაზეა.
- ვაშაძე უკვე ხვდება ისნის რაიონის მოსახლეობას. ეს ახალგაზრდა კაცი გონიერებას მოკლებული არ არის, მაგრამ დღეს ის "ნაციონალური მოძრაობის", სააკაშვილის ყურმოჭრილ მონათა რიგშია ჩამდგარი და ამით ყველაფერია ნათქვამი. ცხადია, მას მაჟორიტარი დეპუტატობა დაავალეს. ახლა ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, თუმცა, მოვა დრო და სხვებზეც დაიწყებს ფიქრს.
თუმცა მისი შანსი ამ არჩევნებზე ისეთივე იქნება, როგორიც მთლიანად "ნაციონალური მოძრაობისა", რომელმაც უკვე დაიწყო წინასაარჩევნო ბრძოლა აკრძალული მეთოდებით - ციხიდან ხალხს უშვებენ და ეუბნებიან, არჩევნების დღეს უბნებზე უნდა ჩადგეთო; ამ მოტყუებულ ახალგაზრდებს ვეტყოდი - არჩევნების მეორე დღესვე, თუკი გაიმარჯვეს, ციხეში შეგაბრუნებენ, დროა, გონს მოეგოთ! წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ძნელია ზღვარის გავლება "ნაციონალების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და ამავე რაიონების გამგეობების საქმიანობას შორის, რაც დაუშვებელია.
- თქვენი ოპონენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთა შორის ხელოვნების, სპორტული სამყაროს არაერთი წარმომადგენელია.
- კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სუფთა წარსულის, სანდოობის პრინციპით შეირჩნენ. ამ ადამიანებმა წლების განმავლობაში ხალხის ინტერესებით იცხოვრეს, სამშობლო ასახელეს და ახლაც მზად არიან, ემსახურონ ხალხს. მათ სკამებისთვის არასოდეს უბრძოლიათ და სხვა რა არის დეპუტატობა, თუ არა ხალხის სამსახური?! განა არსებობს რამე ინსტიტუტი, რომლის დამთავრების შემდეგაც პარლამენტარები ხდებიან? დეპუტატობა ხალხის ნდობის მოპოვებას ნიშნავს. ეს სააკაშვილმა აქცია პარლამენტი დანიშვნების სამსახურად, კარიერის კიბის ერთ-ერთ საფეხურად. და კიდევ - ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის მთელი საქართველო მოვიარე - გურია, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და ჩემი თვალით ვნახე ადამიანების განწყობა, დამოკიდებულება ამ ხელისუფლებისადმი, რასაც ცხადია, ენ-დი-აის გამოკვლევებზე, ციფრებზე მეტად ვენდობი.