მეტი საქმე არ მაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადმოგაბაროთ და დაგანგრევინოთ

მეტი საქმე არ მაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადმოგაბაროთ და დაგანგრევინოთ

მეტი საქმე არ მაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადმოგაბაროთ და დაგანგრევინოთ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზემო აჭარაში, ბეშუმობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას, "წარსულის პოლიტიკოსებზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველთვის არსებობენ წარსულის პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ ძველი დრო სჯობდა.
"ახლა, ვინც წარსულიდან თავისი "მუმიფიცირებული ხელებით" ეპოტინება ჩვენს ახალ აღმშენებლობას, ვინც ურცხვად აცხადებს, რომ თურმე ძველი დრო უკეთესი ყოფილა, ვინც ტელევიზიით ყვება, რომ თურმე ახალი კურორტები მთის დამახინჯებაა, თურმე ახალი გზები ეს არის თქვენი ავთენტურობის შეურაცხყოფა, ის ხალხი, ვინც იძახის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ კორუმპირებული მოხელეები, ის ხალხი, ვინც იძახის, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ძველებური ცხოვრების წესი, ის ვინც გვეუბნება, რომ უნდა დავბრუნდეთ ძველი იმპერიული კონტროლის ქვეშ, რადგან იქ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ჩვენ მათ გვინდა ვუთხრათ - უკან წასასვლელი არსად აღარა გვაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო და მათ შორის აჭარა იმოძრავებს მხოლოდ წინ, უკეთესი მომავლისკენ.
მიხეილ სააკაშვლის შეფასებით, ყველაფრის დანგრევა ძალიან ძნელია, მაგრამ წარსულის პოლიტიკოსები ისეთი სპეციალისტები არიან, რომ მათ ეს არ გაუჭირდებათ.

"მაგათ ხელში რომ ჩაუგდო ჩვენი 50-სართულიანი ცათამბჯენები, შეიძლება 2 თვეში აღარაფერი დარჩეს. ნურას უკაცრავად, ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ახალი კურორტები, ახალი სკოლები, ახალი უნივერსიტეტები, არსებული გვაქვს გასაუმჯობესებელი. ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ საუკეთესო განათლება. ახალი სავადმყოფოები, ახალი ამბულატორიები, ყველა ხეობაში უნდა მივიდეთ კარგი გზით. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს კარგი დაზღვევა, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს გააგზავნოს, საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტში და უცხოეთში საუკეთესო უნივერსიტეტში.

ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ხალხს ზემოდან ქვემოთ კი არ უყურებს, რაღაც გორაკიდან კი არ მოგმართავთ, გიყურებთ ქვემოდან ზემოთ. თქვენ ხართ ზემოთ, მე ვარ ქვემოთ. იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ თქვენი ერთგული მსახურები" - აღნიშნა პრეზიდენტმნა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არასდროს არ ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის და ეს იმის დამსახურებაა, რომ ხალხიც ძლიერია.

"ხალხმა განიცადა ენერგეტიკული ემბარგო, ყველანაირი პროვოკაციები, ეკონომიკური ემბარგო, ბოლოს და ბოლოს ომი, იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით თავისუფლები. ერთი დღე არ გაგვიჩერებია მშენებლობა. ისინი დაეცნენ ფრონტზე და ჩვენ მათ სახელზეც ავაშენებთ ახალ აჭარას და მათ სახელზეც ავაშენებთ ახალ საქართველოს", - განაცხდა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხის მოტყუება ძალიან ძნელია.