საიდან ჰყავს

საიდან ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას" ვერტმფრენი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქარაძემ მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა დაიწყო და ორი დღეა, რაიონებს სამსახურის მანქანით, ხან კი ვერტმფრენით სტუმრობს. ორი დღის წინ პარლამენტის სპიკერი თეთრიწყაროს, ბოლნისსა და დმანისს სამსახურის მანქანით ესტუმრა და ამ რაიონების მოსახლეობას სამი საკმაოდ მდიდარი მაჟორიტარი წარუდგინა. გუშინ კი ბაქრაძე კახეთის სამ რაიონში ვერტმფრენით ჩაფრინდა და თან პარლამენტის თანამშრომლებიც ახლდნენ.

ინტერნტეტგამოცემა ფორ.გე, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს, აღნიშნავს, რომ ვერტმფრენი ბაქრაძეს არ ჰყავს და იქვე ვარაუდს გამოთქვამს - "შესაძლოა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერტმფრენი დაიქირავა და ამისთვის თანხა გადაიხადა, მაგრამ, კანონის მიხედვით, ეს პარტიის ხარჯებში უნდა აისახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა".

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პარტიას ვერტმფრენი არ ჰყავს. პარტიის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ კი არ იცის, არის თუ არა საფრენი აპარატი მათ მიერ დაქირავებული.

"არ ვიცი, უნდა ვნახო... თუკი მსგავსი ხარჯი არსებობს, მონაცემები კონტროლის პალატას ექნება გადაგზავნილი," - ამბობს პატარაია.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიეთრობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის, მაკა გიგაურის თქმით, ის საქმის კურსში არ არის და თან, გადაადგილებები და ფინანსები მას არ ეხება, ეს "ნაციონალურ მოძრაობაში" უნდა გაირკვეს.

ჯერჯერობით ინფორმაციას არც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფლობს. როგორც პრეს-სამსახურში აცხადებენ, "ნაციონალური მოძრაობა" ხარჯებთან დაკავშირებულ დეკლარაციებს პერიოდულად აწვდის და თუკი ვერტმფრენის ხარჯი დოკუმენტში ასახული არ იქნება, ისინი რეაგირებას მოახდენენ. ისინიც ამას პერიოდულად გამოაქვეყნებენ.

"როცა ინფორმაცია იქნება, ის საიტზე აუცილებლად გამოქვეყნდება," - ამბობს პრესსამსახურის უფროსი ფატი მამიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კახეთში ბაქრაძის ჩასვლის მიზეზი სამ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატების წარადგენას უკავშირდებოდა. ბაქრაძემ სამ რაიონში - ახმეტაში, ყვარელში და თელავში მაჟორიტარები წარადგინა. ახმეტაში კენჭს უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი იყრის, ყვარელში - დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი, თელავში - ამ რაიონის მოქმედი მაჟორიტარი ვასილ დავითაშვილი.

ორი დღის წინ კი პარლამენტის თავმჯდომარე თეთრიწყაროს, ბოლნისსა და დმანისს ესტუმრა და ამ რაიონების მოსახლეობას სამი საკმაოდ მდიდარი მაჟორიტარი წარუდგინა.

პარლამენტის თავმჯდომარე სამივე რაიონს პარლამენტის, ანუ სამსახურებრივი მანქანით, ესტუმრა. თან პარლამენტის თანამშრომლებიც ახლდა. ეს კი პირდაპირ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნევა.

მართალია, ბაქრაძე ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგრამ ის "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობს და ამას პარტიის სახსრებით უნდა აკეთებდეს და არა სახელმწიფოს ხარჯზე.

თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ბეჟუაშვილია, რომელიც სამი მოწვევის პარლამენტის წევრია. ბოლოს რითაც ბეჟუაშვილმა ადგილობრივებს თავი დაამახსოვრა, ის იყო, რომ პურ-მარილი გაშალა და ამის გამო არასამთავრობების ნაწილმა "ამომრჩევლის მოსყიდვის" ფაქტზე კონტროლის პალატას მიმართა. ამ ხმაურის მიუხედავად, ის კვლავ ამ რაიონის მაჟორიტარად არის დასახელებული.

ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი კი მილიონერი დეპუტატი კობა ნაყოფიაა. მან დეპუტატობამდე კაპიტალი რუსეთში დააგროვა. ის ფილმის - "აგვისტოს 5 დღის" მთავარი დამფინანსებელია.

დმანისში კი ბაქრაძემ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი წარადგენა, რომელიც პარლამენტში მოხვედრამდე შპს "პე-ეს-პეს" გენერალური დირექტორი იყო.

არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება, რომ მათ მართლა დაიქირავეს ვერტმფრენი. თუკი ეს ხელშეკრულება არ არსებობს, ეს უკვე დარღვევაა.

"საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ხარჯი საარჩევნო კამპანიის პერიოდში მხოლოდ პარტიის ანგარიშიდან უნდა ფინანსდებოდეს. ადრე ეს საარჩევნო კამპანიის ფონდებიდან ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილება შევიდა, პარტიასაც აქვს უფლება ასეთი საქმიანობის დაფინანსება, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ხედშეკრულების საფუძველზე და მხოლოდ პარტიიდან გადარიცხული თანხების მეშვეობით. თუ ეს ასე არ არის, ცალსახად იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

"ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს. ბაქრაძე პოლიტიკური თანამდებობის პირია და ის რომ რომელიმე რეგიონში სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ისე ჩაფრენილიყო, ამაზე საუბარი არ იქნებოდა. მაგრამ, როცა საქმე მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენას უკავშირდება, გამოდის, რომ ის კონკრეტულ შემთხვევაში წინასაარჩევნო აგიტაციაში არის ჩართული, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ბაქრაძემ პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობა სახელმწიფო რესურსებით არ უნდა მიიღოს," - ამბობს კახიშვილი, თუმცა იქვე დასძენს, რომ მისი ვარაუდით, "ნაციონალური მოძრაობა" ვერტმფრენთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მალე გამოაჩენს.

"თუ გახსოვთ 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, გადამდგარი პრეზიდენტი ვერტმფრენით სარგებლობდა, 31-ე ქარხანასთან საიჯარო ხეშეკრულება არსებობდა და თბილისიდან ბათუმში რომ გაფრინდა, 16 ათასი ლარი იყო გადარიცხული. ასევე მანქანაც, რომლითაც წინასაარჩევნოდ გადაადგილდებოდა, იჯარით ჰქონდა აყვანილი," - იხსენებს კახიშვილი.

მისი თვალსაზრისით, იმდენად სასაცილო ჯარიმებია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, რომ ფაქტობრივად ეს სანქციებიც არ ატარებს პრევენცილ ზომებს, ამიტომ არავის არ აბრკოლებს და უბრალოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს.

"ამ დროს კი ჩვენ ვიცით, როგორ უდგება სახელმწიფო აუდიტის სამსახური უკანონო შემოწირულობების საკითხს და რამდენად დიდი სანქციებია გამოყენებული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, რომელთა ანალოგიც არ არსებობს მსოფლიოში.

"არასამთავრობოებმა ვიცით, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ხელისუფლება საკუთარ უფლებამოსილებას სათავისოდ იყენებს და მსგავსი საჩუქრების თემაც ხშირად გახმოვანებულა. ისიც კარგად გვესმის, რატომ გადაიყვანეს ლევან ბეჟაშვილი კახეთში სააკორდინაციო შტაბის ხელმძღვანელად. დღეს ისეთი ადამიანები მონაწილეობენ დახმარებების დარიგებაში, რომლებიც მოგვიანებით მაჟორიტარებად დასახელდებიან.

"მინდა აღვნიშნო, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რაც უფრო მეტი მასალა დაგროვდება, არჩევნების შეფასების კუთხით ძალიან მძიმე სურათი გამოიკვეთება. სხვადასხვა ორგანიზაციები მსგავს მონიტორინგზე მუშაობენ და შეიძლება ახლა ეპიზოდურად ჩანდეს, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველა მასალა არჩევნების შეფასების საბოლოო დასკვნაში აისახება და ის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადაეგზავნება. თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ძალიან დიდი დოზით გაიკვეთება, მმართველ პარტიას მით უფრო გაუჭირდება ამ რესურსის ლეგიტიმაცია", - აცხადებს კახა კახიშვილი.