"გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე დიდი ხნის ჩამოსულები უნდა იყვნენ და ჩამოსულები ჯერაც არ არიან"

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ცესკო-დან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის განაცხადი შეტანილი აქვს 4 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიხაზიას. ესენია: "საერთაშორისო ქალთა პოლიტიკური რესურსების ცენტრი", "საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი", "გადაარჩინე სიცოცხლე" და "ამომრჩეველთა ლიგა" ამ დროისთვის ცესკო-სთვის სარეგისტრაციოდ არ მიუმართავს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას. საიას აღმასრულებელ დირექტორ ეკა ფოფხაძის ინფორმაციით, განაცხადის წარდგენას უახლოეს დღეებში აპირებენ. არ შეუტანია ჯერ განაცხადი არც ორგანიზაციას "სამართლიანი არჩევნებისთვის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია აღარ გამოდის / ვინ დააკვირდება პირველი ოქტომბრის არჩევნებს.

"საარჩევნო კოდექსის თანახმად, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ არჩევნების დღემდე 10 დღით ადრე - ეს არის ვადა. ანუ ჩვენ დრო 21 სექტემბრამდე გვაქვს. ბუნებრივია, ბოლო დღეს არ დაველოდებით და განაცხადს რეგისტრაციის თაობაზე უახლოეს პერიოდში შევიტანთ. 200-250 დამკვირვებელი გვეყოლება. ეს რიცხვი საკმარისი არ არის, რომ მთელი საქართველო მოვიცვათ, თუმცა, შევარჩევთ გარკვეულ საარჩევნო ოლქებს როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. არჩევნების დღეს ასევე გვეყოლება მობილური ჯგუფები, რომლებიც ყველა უბანს დააკვირდება. რეგიონებში ძირითადად მოხდება იმ საარჩევნო ოლქების დაკვირვება, სადაც ჩვენი ოფისებია გახსნილი - ასეთი სულ 7 ოფისი გვაქვს. ასევე გავითვალისწინებთ წარსულის გამოცდილებას და ძირითადად შევარჩევთ საარჩევნო ოლქებში შემავალ იმ პრობლემურ უბნებს, რომელიც წარსულში იყო", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ფოფხაძე.

"უახლოეს პერიოდში შევიტანთ განაცხადს ცესკოში და დავრეგისტრირდებით სადამკვირვებლო ორგანიზაციად. არჩევნებს დავაკვირდებით ყველა საარჩევნო ოლქში. წინასაარჩევნო პერიოდში გვეყოლება 73 დამკვირვებელი, ხოლო არჩევნების დღეს - დაახლოებით 1000-ზე მეტი, ვინც დააკვირდება ყველა საარჩევნო პროცესს - უბნის გახსნის მომენტიდან, შედეგების შეჯამებამდე, როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისთვის" თავმჯდომარე ნინო ლომჯარია.

"მიმდინარეობს დოკუმენტების შეგროვება და ცესკო-ში განაცხადს ამ დღეებში შევიტანთ. გვეყოლება დაახლოებით 250 დამკვირვებელი, აქედან, 50 საერთაშორისო დამკვირვებელი, საზღვარგარეთ არსებული ჩვენი ოფისების წარმომადგენლები. ჩვენი დამკვირვებლები არჩევნების დღეს დააკვირდებიან ძირითადად იმ ოლქებს, სადაც არიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და ასევე დიდ ოლქებს, მაგალითად, ზუგდიდს. ამ დღეებში ზუგდიდში ჩვენი ოფისი გაიხსნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

"რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამკვირვებლების გამოსაგზავნად სპეციალური მოწვევა 50 ქვეყანას უკვე გაუგზავნა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით, ეუთოს სადამკვირვებლო მისია მალე გამოგზავნის გრძელვადიან, ხოლო შემდეგ მოკლევადიან დამკვირვებლებს. ასევე ჩამოვლენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები. "ქართული ოცნების" პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ხელისუფლება "მთელ მსოფლიოს ეპატიჟებოდა, სინამდვილეში კი ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ისინი დროზე არ ჩამოსულიყვნენ", - წერს სტატიის ავტორი.

"ეუთოს მისია ყოველთვის აკვირდება არჩევნებს და მათი დამკვირვებლები ალბათ ახლაც ჩამოვლენ საქართველოში, მაგრამ როდის ჩამოვლენ, არ ვიცით. 8 კვირა დარჩა არჩევნებამდე, ამიტომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო პროცესი, როგორც ჩანს, აღარ გამოვა - ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, გრძელვადიანი მისიის წარმომადგენლები უკვე დიდი ხნის ჩამოსულები უნდა იყვნენ. საქართველოს მთავრობამ როდესაც გაგზავნა მოწვევის წერილები, ეს გააკეთა არა თებერვალში, არამედ ბევრად უფრო გვიან - აპრილში და თანაც ამ წერილებში არ მიუთითა თარიღი, თუ როდის ჩატარდებოდა არჩევნები. ამან ეტყობა გაართულა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების გამოგზავნის პროცესის დაგეგმვა. შედეგად მივიღეთ ის, რომ უკვე დაწყებულია საარჩევნო კამპანია, არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები დარჩა და საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოსულები არ არიან - ამით ნათლად ჩანს ხელისუფლების განცხადებების სიყალბე. ისინი ეპატიჟებოდნენ, მთელ მსოფლიოს სინამდვილეში კი ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ისინი დროზე არ ჩამოსულიყვნენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ფანჯიკიძე.