დიმიტრი მონიავა, "საქართველო და მსოფლიო"
დახუჭავს თუ არა თვალს ვაშინგტონი საქართველოში არჩევნების გაყალბებაზე? ბოლო თვეებია, ადგილობრივი კომენტატორების ნაწილი ამაზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს; მას არაპროპორციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საუბარი იმაზე, მოხდება თუ არა გაყალბება საერთოდ, პრაქტიკულად შეწყდა. ოპოზიციის გადასახედიდან არჩევნები აპრიორი გაყალბებულია და, საერთოდ, საუბარი პატიოსან არჩევნებზე ფალსიფიცირებული სიების, ადმინისტრაციული რესურსის აღვირახსნილი გამოყენების, ზონდერების ძალადობისა და მედიის შეზღუდვის ფონზე შეუძლებელია. საპირისპიროს მტკიცებით თავს არც ხელისუფლება იკლავს, რადგან ოპონენტის გადარწმუნება შეუძლებელია, თანაც ეს ერთობ დაემსგავსება ბორდელის მეპატრონის ლექციას კდემამოსილებაზე. ყველასათვის ცხადია, რომ ქვეყანა არა არჩევნებისკენ, არამედ ყოვლისმომცველი კრიზისისკენ მიდის და ორივე დაპირისპირებული მხარე ცდილობს, წინასწარ ამოიცნოს, რა განცხადებები გაკეთდება ვაშინგტონში, რათა ისინი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
ჭირვეულის მორჯულება-2
როგორც წესი, ოქტომბრის კრიზისის წარმოდგენის დროს, მასზე ძალთა დღევანდელი ბალანსის პროეცირება ხდება. არადა, სიტუაცია შეიძლება დრამატულად შეიცვალოს. არჩევნებამდე 1-1,5 თვით ადრე ივანიშვილი, ძალიან დიდი ალბათობით, «პენლების დარტყმას» დაიწყებს; ეს ძლიერი, მოულოდნელი და ეფექტური ნაბიჯების სერია იქნება, რომელიც მმართველ ძალას რეიტინგის სწრაფი ვარდნისა და რღვევის რეალური საფრთხის წინაშე დააყენებს. ამ დროს სააკაშვილს შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს და სრულიად ველურ რეპრესიებს მიმართოს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ პერიოდის შემდეგ ერთი ან მეორე ძალა არჩევნებამდე ნახევრადდაშლილ, დემორალიზებულ მდგომარეობაში მივა, ამიტომ, ალბათ, არამართებულია, კრიზისის პიკი მხოლოდ არჩევნების შემდგომ დღეებს დავუკავშიროთ; ბევრი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი რამ შეიძლება უფრო ადრე მოხდეს, ხოლო არჩევნების ბედი არჩევნებამდე გადაწყდეს.
ამ აუცილებელი შენიშვნის შემდეგ, ალბათ, «კანონიკურ» სქემას უნდა დავუბრუნდეთ, რომლის ფარგლებში სააკაშვილის ცესკო რაღაც პარანორმალურ ციფრებს გამოაქვეყნებს, ხოლო ოპოზიცია კონკრეტული ფაქტების აფრიალებით ტოტალურ გაყალბებაზე აყვირდება. ამ მომენტში ამერიკელების შეფასება ორივე მხარის შემდგომ მოქმედებაზე, განმსაზღვრელ თუ არა, ძალზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს ის, რომ უცხო სახელმწიფოს პოზიციას ასეთი დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა დღეს რეალობა ასეთია და მას ვერსად გავექცევით.
მიხეილ სააკაშვილი ობამას ადმინისტრაციისთვის არც ისე სასურველი პარტნიორია. მისი ზოგადი «პროამერიკულობა» ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია, ფაქტია, რომ სააკაშვილი, აგერ უკვე 5 წელია, საქართველოში სტაბილური მდგომარეობის მიღწევას ვერ ახერხებს და კრიზისების მუდმივ გენერაციას ახდენს. ის დაემსგავსა ჭირვეულ ბარტყს, რომელმაც ფრენა ვერ ისწავლა და ისევ ყურადღებასა და საკვების მიწოდებას მოითხოვს. სააკაშვილს მუდამ პრობლემები აქვს _ ჯერ პატარკაციშვილთან, შემდეგ გაერთიანებულ ოპოზიციასთან, შემდეგ ბურჯანაძესთან, ახლა უკვე ივანიშვილთან და, ხელისუფლებაში დარჩენა რომც მოახერხოს, ერთ-ორ წელიწადში ახალი, შესაძლოა, გაცილებით რთული პრობლემები შეექმნება. სხვანაირად ვერც მოხდება, როდესაც მმართველი ძალა პოლიტიკური სივრცის სრულ ოკუპირებას ცდილობს და თუნდაც საკვანძო საკითხებზე ეროვნული ერთიანობის მიღწევას ვერ ახერხებს; პრობლემა ამ შემთხვევაში არა სააკაშვილის ოპონენტებში, არამედ თავად სააკაშვილშია. ამასთანავე, «ნაცმოძრაობის» ბელადი ამ წლების განმავლობაში გამუდმებით ცდილობდა (ცხადია, მისი მოკრძალებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე) გაეღვივებინა დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთს შორის, ხოლო ობამას ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში ჯონ მაკკეინთან და რესპულიკელ მეგობრებთან ერთად, ფაქტობრივად, შანტაჟს მიმართავდა; ამის ილუსტრირება თუნდაც საქართველოსთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ეპოპეის მაგალითზე შეიძლება.
იქ, სადაც ვაშინგტონის პარტნიორი მუდამ ჭირვეულობს და პრობლემებს ქმნის, აშშ-ის ინტერესების გატარება ფერხდება და ამერიკელები იძულებულნი ხდებიან მიკრომენეჯმენტის ჭაობში ჩაეფლონ. სააკაშვილის ჩანაცვლება უფრო ადეკვატური ფიგურით ობამას ადმინისტრაციისთვის სასურველია, თუმცა დღეს ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არჩევანი საბოლოოდ ივანიშვილის სასარგებლოდ გაკეთდა; ამერიკელები ჯერ კიდევ ორჭოფობენ და ეს არაფორმალური საუბრების დროსაც დასტურდება. სიმპათია «ქართული ოცნების» ლიდერის მიმართ ნამდვილად იგრძონობა, მაგრამ არ ჩანს, რომ საბოლოო დასკვნა გამოტანილია, როგორც ეს 2003 წლის შემოდგომის დასაწყისში იყო. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ ერთ მშვენიერ დღეს ბარაკ ობამას დაურეკავენ და ეტყვიან, რომ სააკაშვილი საქართველოს მმართველი აღარ არის, ნაკლებად სავარაუდოა, განსაკუთრებული პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს.
დღეს თავისებური ტრანზიტული პერიოდია, როდესაც ვაშინგტონში თანდათან იცვლება დამოკიდებულება წამყვანი ქართველი პოლიტიკოსების მიმართ და ეს ცვლილებები «ნაცმოძრაობისთვის» სასიკეთო არ არის. სააკაშვილის ამოცანაა, ივანიშვილი და «ქართული ოცნება» პოლიტიკურ სივრცეს მანამდე ჩამოაშოროს, ვიდრე ეს პერიოდი დასრულდება, თორემ გაწელილ «პოზიციურ» პოლიტიკურ ომში ივანიშვილთან არც საქართველოში, არც მის ფარგლებს გარეთ მას რამდენადმე რეალური შანსი არ აქვს. აქ საუბარია არა არჩევნების «მოგებაზე» რამდენიმე პროცენტით, არამედ მოწინააღმდეგე ძალის სრულ ანიჰილაციაზე, რადგან, თუ საქმე მხოლოდ «ქართული ოცნებისთვის» დაბალი პროცენტების დაწერით შემოიფარგლება, ის პოლიტიკურ არენაზე დარჩება და ბრძოლას გაზრდილი ენერგიითა და ახალი შესაძლებლობებით გააგრძელებს. «ქართული ოცნების» განადგურებას «ნაციონალური მოძრაობა», სავარაუდოდ, განიხილავს როგორც ხელისუფლებაში დარჩენის აუცილებელ წინაპირობას, თუმცა შიშობს, რომ ზედმეტად ხისტი მეთოდები რევოლუციას ან ამერიკელი პარტნიორების მკვეთრად უარყოფით რეაქციას გამოიწვევს. ოქტომბრის კრიზისის დროს მმართველი ძალა, სავარაუდოდ, შეეცდება, გამოიყენოს ის ტაქტიკური შესაძლებლობები, რომელთაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები მისცემს, რათა «ივანიშვილის პრობლემა» სამუდამოდ მოაგვაროს. რა შესაძლებლობებზე შეიძლება საუბარი ამ შემთხვევაში?
გილიოტინა აუტკივარი თავისთვის
მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ამერიკული არჩევნების გამო ოქტომბერში თეთრ სახლს «საქართველოსთვის არ ეცლება», არასერიოზულია, თუმცა რიგმა ფაქტორებმა შეიძლება სააკაშვილის სასარგებლოდ იმუშაოს.
ოქტომბერში შტატებში ობამასა და რომნის დებატები გაიმართება, ამ პერიოდში საგარეო პოლიტიკა, როგორც წესი, უკანა პლანზე გადადის, თუმცა არის გამონაკლისებიც; კრიზისმა უცხოეთში, რომელსაც ამერიკული საზოგადოება საკუთარ თავთან დაკავშირებულად აღიქვამს არჩევნების ბედზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ირანში ამერიკელების მძევლების აყვანასთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც ჯიმი კარტერს პრეზიდენტობის ფასად დაუჯდა. გარკვეული ზეგავლენა 2008 წლის წინასაარჩევნო განწყობებზე აგვისტოს ომმა მოახდინა, თუმცა ჯონ მაკკეინმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ამასთანავე, ერთია კონფლიქტი, რომელშიც უშუალოდ ჩართულია აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ისრაელი, და სულ სხვაა ლოკალური მნიშვნელობის გარჩევები, რომელიც ამერიკულ საზოგადოებას დიდად არ ანაღვლებს. მაგალითად, თუ 2008 წლის აგვისტოში დაიწყებოდა არა რუსეთ-საქართველოს, არამედ საქართველო-აზერბაიჯანის, უზბეკეთ-თურქმენეთის ან ვიეტნამ-ლაოსის ომი, ამერიკელი ამომრჩეველი მას განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია სამი პრობლემური მიმართულება გამოვყოთ:
1) ისრაელის საჰაერო იერიში ირანის წინააღმდეგ, ირანის მიერ ორმუზის სრუტის გადაკეტვა, მისი შეტევა ისრაელზე ან საუდის არაბეთზე; მოკლედ, ისეთი სიტუაცია, როდესაც ფართომასშტაბიანი ომის რეალური საფრთხე გაჩნდება და აშშ პროცესებში აქტიურად ჩაერევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სცენარებზე ბევრს საუბრობენ, იმის ალბათობა, რომ მსგავსი რამ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევამდე მოხდება არც ისე დიდია;
2) თუ ბაშარ ასადი შემოდგომამდე გაძლებს, რაც სათუოა, რომნიმ შეიძლება მწვავედ გააკრიტიკოს ობამა იმისთვის, რომ სირიულ ოპოზიციას აქტიურად არ ეხმარება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამერიკული საზოგადოება არ ემხრობა აშშ-ის ინტერვენციას სირიაში. ასე რომ, სპეკულაციებს ამ თემაზე გარკვეული ზღვარი აქვს. საერთოდ, სიტუაცია სირიაში რთულია, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მალე იქ კიდევ უფრო ტრაგიკული მოვლენები განვითარდება და დაიწყება ტოტალური სისხლისღვრა, რომელშიც არაერთი უცხო ქვეყანა ჩაერთვება;
3) რუსეთ-საქართველოს ახალი ომი, რომელიც რომნის შესაძლებლობას მისცემს, ობამას «გადატვირთვის» პოლიტიკას გადაუაროს. ობიეტურად თუ მივუდგებით, მისი დაწყების ალბათობა დღეს შედარებით მცირეა, თუმცა, ვინაიდან საქმე უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ მიხეილ სააკაშვილთან გვაქვს, სწრაფი ესკალაციის შესაძლებლობა, ალბათ, არ უნდა გამოვრიცხოთ.
ფართომასშტაბიანი ომი კორეის ნახევარკუნძულზე, კონფლიქტები ჩინეთის მონაწილეობით ნაკლებად სავარაუდოა და მათ ცალკე არ გამოვყოფთ.
რაიმე სხვა, იქნება ეს პოსტსაარჩევნო კრიზისი საქართველოსა და ანგოლაში (ორივეგან მოსალოდნელია) თუ მონღოლი მწყემსების კონფლიქტი ბრაზილიელ მეთევზეებთან, ამერიკელ ამომრჩეველს, სავარაუდოდ, ვერ მიიზიდავს. მიუხედავად ამისა, ობამას ადმინისტრაცია არჩევნებამდე მაინც ეცდება, საჩოთირო სიტუაციებში გარკვეული სიფრთხილე გამოავლინოს, რათა მიტ რომნის კრიტიკისთვის დამატებითი არგუმენტები არ მისცეს; მისი ნაბიჯები შეძლებისდაგვარად ფრთხილი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რომნის საერთაშორისო ურთიერთობებში იმდენივე გაეგება, რამდენიც სააკაშვილს სამხედრო საქმეში (ეკონომიკაში, პოლიტიკაში, არქიტექტურაში და ა. შ.), მისი კონსულტანტები შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ. ეს, რამდენიმე თვით, სავარაუდოდ, ყველა პრობლემურ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობაზე აისახება და ჩვენ ვიხილავთ, ფრთხილ პოლიტიკას, რომლის ფორმირებასა და ტაქტიკურ მანევრირებაში უდიდეს როლს სახელმწიფო დეპარტამენტი შეასრულებს, იქ კი წინასაარჩევნოდ საკმაოდ საინტერესო სიტუაცია შეიქმნება.
კარს თუ გაიჯახუნებს?
ჰილარი კლინტონი მიდის არა მხოლოდ საგარეო უწყებიდან, არამედ პოლიტიკიდან. კრიზისი საქართველოში პიკს მაშინ მიაღწევს, როდესაც ის თანამდებობას კვლავინდებურად შეინარჩუნებს, თუმცა განსაკუთრებული ინტერესი უცხოეთში, ისევე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე პროცესების მიმართ, სავარაუდოდ, აღარ ექნება. სწორედ ამ პერიოდში ქართველი პოლიტიკოსების ლობისტები დაიწყებენ ბრძოლას იმ ყბადაღებული განცხადებისთვის, რომელსაც საქართველოში ასეთი მნიშვნელობა ენიჭება და შეეცდებიან, მიმავალი კლინტონის ფაქტორი სათავისოდ გამოიყენონ.
პირველი სიგნალი იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის ჯგუფმა შეიძლება ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყოს, სახელისუფლო პროპაგანდის მიერ ჰილარი კლინტონის ფაქტობრივი გაღმერთება გახდა საქართველოში მისი ჩამოსვლის შემდეგ, მეორე სიგნალად კი შეიძლება ერთ-ერთი ახალი ლობისტის, ყოფილი დემოკრატი კონგრესმენის _ დიკ გეპჰარდტის დაქირავება განვიხილოთ. როგორც ლობისტი, ის, შეიძლება ითქვას, ახალბედაა და განსაკუთრებული მიღწევები არ აქვს, თუმცა ის ნამდვილად მოიაზრება ადამიანად, რომელსაც კლინტონთან «შეესვლება და სიტყვაც ეთქმის».
საერთოდ, ობამას საგარეოპოლიტიკური გუნდი სამი ჯგუფის წარმომადგენლებისგან შედგება. დაყოფა, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, შემოიღო ჯეიმს მანმა თავის ძალიან საინტერესო წიგნში «ობამელები» და მას მკვლევართა უმრავლესობა იზიარებს. ხსენებულ გუნდში შედიან არაფორმალური «ასპენის სტრატეგიული ჯგუფის» წარმომადგენლები. ის საგარეო პოლიტიკის იმ ექსპერტებს აერთიანებს, რომლებმაც საკმაო ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს, მაგრამ მაღალ თანამდებობებზე ობამას მოსვლამდე არ უმუშავიათ. მეორე ჯგუფს ჯეიმს მანი «ობამელებს» ან «საკუთრივ ობამელებს» უწოდებს, ლიდერის ერთგულ, კლინტონების გავლენისგან თავისუფალ დემოკრატებს; მათ სათანადო გამოცდილება აკლდათ და სწავლა ბუშისა და კლინტონის ადმინისტრაციის «მამონტებისგან» მოუხდათ. მესამე ჯგუფს კი კლინტონების ოჯახთან დაახლოებული პირები შეადგენდნენ.
საქმე ისაა, რომ ბზარი ჰილარი კლინტონსა და გუნდის სხვა წევრებს შორის ყოველთვის ფიქსირდებოდა. ლამაზი სიტყვების მიუხედავად, «დიდი ერთობის» ჩამოყალიბებას ადგილი არ ჰქონია. ბოლო დროს მიმავალი ჰილარი კლინტონისა და თეთრი სახლის პოზიციას შორის სხვაობა არაერთგზის დაფიქსირდა. მაგალითად, ივნისში სირიისთვის რუსული იარაღის მიწოდების საკითხზე ორი მხარე აშკარად სხვადასხვა ტონალობაში საუბრობდა, შეიქმნა მყარი შთაბეჭდილება, რომ ობამას გუნდი სახელმწიფო მდივნის განცხადებების კომენტირება-კორექტირებას ახდენს.
ცხადია, სახელმწიფო დეპარტამენტი ჰილარი კლინტონის ფეოდალური სამფლობელო არ არის და მას არ შეუძლია აშშ-ის საგარეო პოლიტიკა საკუთარი ემოციების შესაბამისად წარმართოს, მაგრამ როდესაც ოქტომბერში, საქმე ქართული არჩევნების თაობაზე განცხადების გაკეთებას შეეხება, სააკაშვილის ლობისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ხსენებული «ბზარი», ითამაშონ კლინტონის განწყობაზე, რომლისთვისაც ბევრი რამ უკვე სულერთი იქნება, ისარგებლონ გარდამავალი სიტუაციით სახელმწიფო დეპარტამენტში და «გაათრიონ» რამდენიმე ფორმულირება, რომლებიც სააკაშვილის მხარდაჭერის ილუზიას შექმნის.
სააკაშვილის ჯგუფი ოცნებობს ასეთი ტიპის განცხადებაზე, რომელიც მას ხელებს გაუხსნის; ეს მისთვის ერთგვარ აკვიატებულ იდეად იქცა. იმას, თუ რა მოხდება ხელების გახსნის და ქნევის შემდეგ, ისინი, როგორც წესი, არ უფიქრდებიან.
თუმცა, ასე იქნება თუ ისე, მთავარია, ოქტომბერში არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ბედს ვწყვეტთ ჩვენ და არა ჰილარი როდჰემ კლინტონი ან თუნდაც ბარაკ ჰუსეინ ობამა.
1500
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85