ყველაფერი პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული - თუ რამდენად შეასრულებს დადებულ პირობას

ყველაფერი პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული - თუ რამდენად შეასრულებს დადებულ პირობას

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია პიკს უახლოვდება. პოლიტიკური პარტიები ძალისხმევას არ ზოგავენ, დაარწმუნონ ამომრჩეველი თავიანთი პარტიის უპირატესობაში. თუმცა როგორ არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა და რომელ პარტიას მისცემს ხმას, ეს უკვე 1-ელ ოქტომბერს არჩევნებზე გამოჩნდება. მანამდე კი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კლიმატსა და წინასაარჩევნო გარემოზე "ჯი-ეიჩ-ენთან" ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი საუბრობს.

_ ბატონო სოსო, საპარლამენტო არჩევნებამდე, ფაქტობრივად, ორი თვეა დარჩენილი. როგორ შეაფასებთ ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს. პოლიტიკურ პარტიებს რამდენად თანაბარ პირობებში უწევთ საქმიანობა?

_ სამწუხაროა, რომ ბევრი დაპირების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა ვერ მოახერხა დემოკრატიული თვალსაზრისით წინასაარჩევნო გარემოს შეცვლა, რაც სახარბიელო ნამდვილად არ არის.

_ უმრავლესობის წარმომადგენლები, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. ადგილობრივების დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ ერთგვაროვანი არ არის. რითი ხსნით ამ გარემოებას? შესაძლოა თუ არა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს დამოკიდებულება უფრო გამწვავდეს?

_ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე რეგიონში ვიმყოფებოდი და კარგად ვიცი, რა განწყობაა. ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ აგრესიული და გამწვავებულია. ახლა მმართველი გუნდი ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ საარჩევნო კუთხით ყველაფერი მოწესრიგდება და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად. ვფიქრობ, მმართველ ძალას მოსახლეობის დარწმუნება ამ მიმართულებით ძალიან გაუჭირდება.

_ როგორ ფიქრობთ, არჩევნებში წარმატების მისაღწევად რამდენად სწორი ტაქტიკით მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი?

_ რომ არა სწორი ტაქტიკა, რასაც "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები ამჟღავნებენ, ასეთი თვალსაჩინო არ იქნებოდა ის დამოკიდებულება, რასაც მოსახლეობა მმართველი გუნდის მიმართ იჩენს.

_ რისი თქმა შეგიძლიათ "ნაციონალურ მოძრაობის" წინასაარჩევნო ტაქტიკის შესახებ?

_ "ნაციონალური მოძრაობა" გახდა სახელმწიფო სტრუქტურების ტკიპა, რომელიც ბიუჯეტს მიეკრა. ამიტომ მოსახლეობის ინფორმირებულობაა აუცილებელი, თუ რა არის ბიუჯეტი, რა შედის მასში და რომ ბიუჯეტთან მმართველ პარტიას არაფერი ესაქმება.

_ ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილმა სამთავრობო ცვლილებები განახორციელა. ახლახან მან სახელმწიფოს მთავარი აუდიტორი კახეთში პრეზიდენტის წარმომადგენლად დანიშნა, მაშინ, როცა კახეთს ჰყავს პრეზიდენტის რწმუნებული. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ლევან ბეჟაშვილის საკადრო გადაადგილება?

_ ბეჟაშვილი თავისი საქმიანობის განმავლობაში რაიმე სახის პრინციპულ გადაწყვეტილებებში შემჩნეული არ არის. შესაძლოა, უპრინციპო ბეჟაშვილი უფრო მეტად პრინციპული აღმოჩნდეს კახეთში თავისი საქმიანობის განხორციელებისას, ვიდრე მისი თანამდებობა მოითხოვს.

_ ივანიშვილმა, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა. უმრავლესობის თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ "ქართუ ბანკის" გადარჩენას ემსახურებოდა. როგორია თქვენი პოზიცია და რას ფიქრობთ, რამდენად მართებული ნაბიჯი გადადგა ივანიშვილმა?

_ ჩემი აზრით, ივანიშვილის მხრიდან ეს იყო სწორი და გონებამახვილური ნაბიჯი. თუმცა შედეგს რაც შეეხება, შესაძლოა, ივანიშვილზე უარყოფითად იმოქმედოს, რადგან ხელისუფლება დაზარალებული მოსახლეობისთვის ივანიშვილის მიერ გადარიცხულ თანხას მმართველი გუნდის ძღვენის სტატუსით იყენებს და მას "ნაციონალური მოძრაობის" მადლი ჰქვია.

_ მაშინ, რამდენად მართებულია ივანიშვილის გადაწყვეტილება 80 მილიონის გადარიცხვის შესახებ?

_ ბიძინა ივანიშვილი ბუნებით ქველმოქმედია და თანხის გადარიცხვაც მხოლოდ და მხოლოდ სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით მოხდა. თუ დააკვირდით, ხელისუფლებამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოსთვის 160 მილიონი ლარი გამოყო. ამისთვის კი ხელისუფლება ივანიშვილის გადარიცხულ 80 მილიონს გამოიყენებს, ხოლო დანარჩენ 80 მილიონს იდუმალ ინვესტორებს შეაწერს, რომლებიც თურმე იმ იმედით ცოცხლობენ, რამენაირად კახეთი აღადგინონ. საინტერესოა, ვინ არიან ეს ინვესტორები?

_ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს რეგიონების უმეტეს ნაწილში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. როგორ შეაფასებთ, მაჟორიტარების შანსებს?

_ ყველაფერი პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული - თუ რამდენად შეასრულებს დადებულ პირობას და შექმნის დემოკრატიული წინასაარჩევო გარემოსა და უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. მაჟორიტარების საკითხს რაც შეხება, ჩვენ იმ რეალობის ტყვეობაში ვიმყოფებით, რომელსაც ჰქვია პოლიტიკური ლიდერის გავლენა ამომრჩეველზე. შესაბამისად, ამომრჩეველი პოლიტიკური პარტიის სამოქმედო გეგმას ნაკლებ ყურადღებას აქცევს, ვიდრე პოლიტიკურ ლიდერს. ამასთან, მაჟორიტარ კანდიდატებს მოუწევთ ამომრჩევლის დაარწმუნება, რომ ყალბი პროპაგანდის პროცესში არ მოექცნენ.

_ სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ "კარდაკარის" პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა, როგორია თქვენი დამოკიდებულება საარჩევნო სიისადმი?

_ ის, რაც საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ხდება, მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მაიმუნობა. კონკრეტული მაგალითის მოყვანაც შემიძლია: აშშ-ში საქართველოს საელჩომ რამდენიმე დღის წინ ყველა საბუთის გათვალისწინებით, უარი უთხრა ჩვენს მოქალაქეებს ამომრჩეველთა სიაში დარეგისტრირებაზე, რადგან თურმე ამომრჩევლების დასარეგისტრირებლად განაცხადის მიღება 23 ივლისს შეწყდა. როგორც ჩანს, საქართველოს საელჩოს მთავრობისგან ბრძანება აქვს მიღებული, რომ საქართველოს მოქალაქეების განაცხადი აღარ მიიღოს ამომრჩევლად დარეგისტრირების შესახებ. ეს დანაშაულია, რადგან გამოცხადებულია, რომ სიების დაზუსტება პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება. ამიტომ თუ აშშ-ში საქართველოს ელჩს, იაკობაშვილს, ღირსების რაიმე ნარჩენით მაინც უნდა სამშობლოში დაბრუნება, უნდა მიხედოს თავის მოქალაქეებს და არა ქურდულად დაყაროს.

_ ანუ სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მონაცემებს არ ენდობით?

_ სრული ნდობა გამიჭირდება, რადგან ბაზა, რომლითაც სახელმწიფო კომისიამ სამუშაო ჩაატარა, არის ის სია, რომელიც წლების განმავლობაში ჯერ "მოქალაქეთა კავშირის", ხოლო შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ყალბდებოდა. ვნახოთ, გამოქვეყნდება სხვა პოლიტიკური ძალების მიერ ჩატარებული "კარდაკარის" შედეგებიც და შედარება უფრო მკაფიოდ შეგვეძლება.