ზაზა პაპუაშვილი:

ზაზა პაპუაშვილი: "თუ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ, რუსთაველის თეატრი კი არა, მთელი საქართველო გაიყიდება"

რუსთაველის თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი ზაზა პაპუაშვილი კარგა ხანია ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას ებრძვის, თუმცა, დღეს, შეიძლება ითქვას, "ქართული ოცნების" რიგებიდან პირისპირ შეეჯახა ხელისუფლებას, რადგან თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს.

- ამ ნაბიჯის გადადგმამდე საკმაო ხანს ვიფიქრე, რის გაკეთებას შევძლებდი ჩემი ხალხის საკეთილდღეოდ. ამიტომაც არ ვთქვი ამ შემოთავაზებაზე უარი და მიმაჩნია, რომ შემწევს საქმის კეთების ძალა. მხოლოდ ინტერვიუები, საუბარი ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობასა და პრობლემებზე მოსაბეზრებელი გახდა. ხოლო როდესაც საქმესთან ახლოს მივედი, მივხვდი, რომ მარიფათით, მონდომებითა და სიყვარულით შემიძლია საქმის კეთება. გამოჩნდა საშუალება, რომ დავიძრათ ქვეყნის გადასარჩენად და ამ ხელისუფლების გაფუჭებული საქმე გამოვასწოროთ. გაჩნდა დიდი შანსი, რომ წესიერი ადამიანი გახდეს მინისტრი, დეპუტატი და ა.შ. ჩემს წუხილს აქამდეც გამოვხატავდი, ახლა თუ საქმითაც შევძლებ პრობლემების მოგვარებას, კარგი იქნება. ბევრი ვინმე იბრალებს პოლიტიკოსობას, მაგრამ რა ხეირი მოუტანეს ქვეყანას? არ ვამბობ, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებ და ვნახოთ, რა გამომივა. ეს ნაბიჯი იმიტომაც გადავდგი, რომ ძალიან მინდა ეს ხელისუფლება მოშორდეს აქაურობას. მსურს, ამაში წვლილი მეც შევიტანო. ტყუილსა და სიყალბეში ცხოვრება აღარ გამოდის. უკვე გაცნობიერებული მაქვს, რა არის დეპუტატის საქმე და როგორ უნდა ემსახუროს ხალხს. ვინაიდან ჯერ არ მაქვს სადავეები და ვერაფერს ვწყვეტ, ამიტომ არც ისეთ დაპირებებს ვიძლევი, როგორსაც ხელისუფლება, რომ "გასაკეთებელი კიდევ ბევრია" და "საქმე ლაპარაკის ნაცვლად"... ასეთი პრიმიტიული დაპირებების მიცემას არც ვაპირებ.

- მაინც რას ჰპირდებით ამომრჩეველს?
- ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ხალხს კი არ სძულს და წყევლის, არამედ უყვარს, ეიმედება და პატივს სცემს. დეპუტატს არსებობისთვის კანონიერი და თავისუფალი გარემო სჭირდება. როდესაც ადამიანს ჰპირდები: მილს შეგიღებავ, წამალს მოგიტან და ათასი ლარით დაგეხმარებიო, სწორედ ეს არის ქრთამი და მოსყიდვა. მე კი ქრთამის არც აღებას ვაპირებ და არც მიცემას. ყველა საკითხი კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. პრობლემა უკანონოდ და თავკერძად არ უნდა გადავწყვიტოთ. ამომრჩეველთან პროფესიონალებთან ერთად უნდა მივიდე, მათ ამ პრობლემებზე დასკვნა უნდა დამიდონ, ეს ყველაფერი გაიწეროს ბიუჯეტში და შემდეგ უნდა შევუდგე საქმიანობას. აი, ამ კომპასით უნდა ვიხელმძღვანელო. ძლიერი ბიუჯეტი და კანონიერება უნდა იყოს დეპუტატის საყრდენი. დეპუტატის ვალი კი ფარად დადგომაა იმ რაიონისა, რომელიც მას აირჩევს.

- რა პრობლემების წინაშე დგას მთაწმინდის რაიონი?
- სრულიად საქართველოში რაც ხდება, ყველამ კარგად იცის. თბილისში კი ყველა უბანს თავისებური, სპეციფიკური პრობლემები აქვს. ვიცი, რაც ხდება ამ უბანში, თუმცა ჯერჯერობით ხალხთან შეხვედრები არ დამიწყია. ადამიანებს მოენატრათ სიყვარული, სიმშვიდე, სამართლიანობა და კანონიერება. აი, ამის გარანტიას ვიძლევი და სწორედ ეს არის ჩემი დაპირება. როდესაც მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ფეხზე წამოდგება და პრობლემებზე დაიწყებს საუბარს, მისი სიტყვები ქვას უნდა ხეთქავდეს. მსურს, ადამიანებში ისეთმა ლამაზმა და ლაღმა გრძნობებმა გაიღვიძოს, რომელიც არ იქნება წილნაყარი შიშთან და უპერსპექტივობასთან. მინდა, უკვე ემზადებოდნენ ბედნიერი ცხოვრებისთვის, რომელიც ძალიან მალე, 2 თვეში დაიწყება საქართველოში.

- მთაწმინდის რაიონში როგორი კონკურენტული გარემოა?
- თუ ვინმე ღირსეულ კონკურენციას გამიწევს და ხალხისთვის თავს გადადებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, სიამოვნებით დავუთმობ გზას, მაგრამ არ მგონია, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს შესწევდეთ იმის ძალა, რომ დიდი საქმეები აკეთონ. ამიტომ "გვეშინია, გვეშინიას" ძახილს, სჯობს, არჩევნების დღეს ერთი საათით გამოვიჩინოთ ვაჟკაცობა, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და სამარადჟამოდ დავამთავროთ ეს შიში და ავი სიზმარი. აირჩიეთ თქვენი მომავალი და შემდეგ თქვენს არჩევანზე აგეთ პასუხი.რატომ ლაპარაკობს დღეს მთელი საქართველო ჩურჩულით და რატომ თიშავენ საუბრისას მობილურ ტელეფონებს? ხომ ხედავთ, რა ხდება, სამარშრუტო ტაქსებში რადიოები ამოდღლიზეს, სატელიტურ თეფშებს ომი გამოუცხადეს, ჟურნალისტებს აწიოკებენ... ამიტომაც გამოფხიზლება გვმართებს ამ შავი ჭირის მოსაშორებლად!

- რუსთაველის თეატრიდან წამოსვლას ხომ არ აპირებთ?
- არ მაქვს ამ საკითხზე პასუხი და რა გითხრათ?

- ბატონმა რობერტ სტურუამ ახლახან განაცხადა, ხელისუფლება რუსთაველის თეატრს ყიდისო...
- ამის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ დღეს რა საქმეშიც ვარ ჩართული, თუ ბოლომდე არ მივიყვანეთ, რუსთაველის თეატრი კი არა, მთელი საქართველო გაიყიდება. ამიტომ საზოგადოების ყურადღება, მხარდაჭერა და არჩევნების სამართლიანად ჩატარებაა საჭირო. ამას რომ მივაღწევთ, მერე ყველაფერს ეშველება.