"ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები ელოდება მსოფლიოს ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების ცენტრში. 2012 წლის 16-17 ივლისს თბილისში იყვნენ საერთაშორისო იურიდიული ფირმა "სკადენის" ვაშინგტონისა და ლონდონის" ოფისების წარმომადგენლები - სწორედ ამ იურიდიულმა ფირმამ ითავა ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლობა და დაცვა მისი დარღვეული საინვესტიციო უფლებების აღსადგენად, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შელახა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას უჩივის.
"ბიძინა ივანიშვილის უფლებების დასაცავად, შერჩეულ იქნა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტი, როგორიც არის მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონში. ამ სასამართლოს დებულების შესაბამისად, ფირმა "სკადენმა" ბიძინა ივანიშვილის სახელით მოამზადა იურიდიული დოკუმენტი, "უკანასკნელი შეტყობინება" დავის შესახებ" - ეს დოკუმენტი დავის დაწყებას მოასწავებს. დავა არსებობს "ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას შორის", რომელმაც გასული წლის ოქტომბრიდან მრავალი პოლიტიკურად მოტივირებული უკანონობა ჩაიდინა ივანიშვილის მიმართ", - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. 31 ივლისს ეს შეტყობინება უკვე ჩაბარდა საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს", - აღნიშნავს გამოცემა.
"პროცედურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას მიეცა გონივრული ვადა, 14 დღე, რათა მან აღიაროს ჩადენილი უკანონობანი და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით შეთანხმებას მიაღწიოს ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებთან მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე. ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემთხვევაში, საინვესტიციო დავა-განხილვის ცენტრს დაუყოვნებლივ წარედგინება საჩივარი-მოთხოვნა არბიტრაჟის დაწყების შესახებ, როს შემდეგაც დავას მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტული სამართალმცოდნეები განიხილავენ. განხორციელებული შეტყობინებებისა და სამომავლო ქმედებების შესახებ განმარტება ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა გააკეთა, რომელოიც ამ დავაში ბიძიანივანიშვილის ინტერესებს იცავს ზემოთ აღნიშნულ საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან ერთად. კბილაშვილის განცხადებით, "ყველა ის საინვესტიციო უფლება, რომელიც შეილახა გასული წლის ოქტომბრიდან, აღნუსხულია და მსოფლიო ბანთან არსებულ საინვესიტიო დავათა განხილვის ცენტრს წარედგინება განსახილველად", - დასძენს გამოცემა.
"კბილაშვილმა წარმოადგინა დარღვეული უფლებების ჩამონათვალი, რომელიც საინვესტიციო ასპექტში დაფიქსირდა გასული წლის ოქტომბრიდან მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობის დაწყების შესახებ განაცხადა. "ეს იყო ბანკ "ქართუსთან" დაკავშირებული მთელი რიგი უკანონობები, კერძოდ: კანონის შეცვლა, რომლის საფუძველზეც "ქართუმ" 119 მილიონი ლარის ზარალი ნახა და რომელიც შეეხებოდა იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი ქონების გაუფასურებას, რასაც საფუძვლად დაედო კანონის შეცვლა; ბანკის უკანონო დაჯარიმება, თითქოსდა იმ ბონუსების პოლიტიკური მოტივაციის გამო, რომელიც მან თანამშრომლებზე გასცა და 800 000 ლარს აღემატებოდა; შს სამინისტროს უკანონო რეიდი, როდესაც ფულის გათეთრების ბრალდებით საინკასაციო მანქანა დააკავეს, თანხა ამოიღეს, რომელიც 2 თვის თავზე დააბრუნეს; ძალოვანისტრუქტურების ზეწოლით ბანკიდან კლიენტების გადინება, როდესაც ოქტომბრის ბოლოს, 2 თვეში ბანკიდან გადინებულ იქნა 45 მლნ ლარი... არჩილ კბილაშვილის თქმით, ჩამონათვალი ასევე შეეხებოდა იმ სახელმწიფო ორგანოზაციებს, რომლებმაც იქ ანგარიშები დახურეს და ასევე ძალოვანი სტრუქტურების ზემოქმედებით ბანკი დატოვეს, შეეხებოდა ყადაღას, რომელიც დაედო "პროგრესბანკში" ბიძინა ივანიშვილის წილს", - წერს სტატიის ავტორი.
"უკანასკნელი შეტყობინება დავის შესახებ" იურიდიული დოკუმენტია, ის წარმოადგენს ფორმალურად აუცილებელ დოკუმენტს, რომელიც უნდა ჩაბარდეს მთავრობას დავის დასაწყებად. რასაკვირველია, არავის აქვს ილუზია, რომ დღევანდელი მთავრობა აღიარებს ჩადენილ უკანონობას და აანაზღაურებს, მაგრამ ეს არის აუცილებელი პროცედურული ნაბიჯი და საჭიროა შემდგომი ეტაპების განსახორციელებლად", - განაცხადა კბილაშვილმა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე თანხის მოცულობა არ არის დაზუსტებული, მაგრამ ის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი იქნება. "ყველა ის დარღვევა, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით ზიანი მომტანია, ოქტომბრიდან დაწყებული, როდესაც კონკრეტულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, უკვე მათ ერიცხება გარკვეული პროცენტები და როდესაც დავა დასრულდება, დასრულების დროს ანაზღაურებას დაექვემდებარება არა მხოლოდ უშუალოდ ის ზიანი, რომელიც დადგა, არამედ ამ თანხებზე დარიცხული პროცენტები, რომელიც ბანკთაშორისი ბირჟის მონაცემებით გაირკვევა. კბილაშვილი ვარაუდობს, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში, როცა დიდი ალბათობით ამოიწურება მთავრობისთვის განკუთვნილი ორკვირიანი ვადა, დავის ახალი სტადია დაიწყება", - დასძენს სტატიის ავტორი.