საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს!

საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს!

მართალია, ქართული მართმადიდებლური ეკლესია პოლიტიკური პროცესებისგან გამიჯვვნას ცდილობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერი და ბერი წინასაარჩევნო ბატალიებშია ჩართული. საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი იმ სასულიერო პირებიდან ერთ-ერთია, ვინც ხელისუფლების ქმედებებს ხმამაღლა და დაუფარავად აპროტესტებენ. სხვათა შორის, მამა ტარიელი მხოლოდ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო აქციებს კი არ ესწრება, არამედ, ავტომობილის საქარე მინაზე “ქართული ოცნების” პლაკატი აქვს გაკრული, საგურამოში კი, მონასტრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს. მამა ტარიელს “ქართული სიტყვა” საგურამოში ესტუმრა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

_ მამა ტარიელ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თითქოს მცხეთის მაჟორიტარობა შემოგთავაზათ, მაგრამ უარი იმ მოტივით განაცხადეთ, რომ ეკლესია და პოლიტიკა გამიჯნულია...
_ ასეთი რამ პირველად მესმის. დამერწმუნეთ, რომ შემოეთავაზებინა, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერ შემოთავაზებას დავთანხმდე! უარს იმიტომ კი არ ვიტყოდი, რომ დეპუტატობა მინდა, ჩავთვლიდი, რომ მთხოვეს სამშობლოს სამსახურში ჩადგომა და ამას რა ფორმით გავაკეთებ, მნიშვნელბა არ აქვს. დეპუტატად კი არა, თუ ქვეყანას დასჭირდა, პრეზიდენტადაც წავალ! ისე, მღვდლობა ღვთისაგან ბოძებული ყველაზე დიდი მადლია!

_ შემოთავაზება მართლა რომ ყოფილიყო, დეპუტატობას საეკლესიო კანონი არ აგიკრძალავდათ?
_ არ მგონია... ეს უფრო პატრიარქზეა დამოკიდებული.

_ სინოდის განჩინებით, სასულიერო პირებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა შეეზღუდათ, თუმცა ზოგიერთი მოძღვარი ამბობს, თუ საჭირო იქნება, კაბასაც გავიხდი და ქვეყნის სამსახურში ჩავდგებიო. თქვენც ღიად დაუპირისპირდით ქვეყნის მმართველ ძალას, ანუ სინოდის გადაწყვეტილებას ეურჩებით?
_ კიდევ ვიმეორებ: თუ ჩემს ქვეყანას რამეში წავადგები, ყველაფრისთვის მზად ვარ! არასოდეს ვეწინააღმდეგები სინოდის, მით უმეტეს, უწმინდესის დადგენილებას. ერთს გეტყვით: რაც უწმინდეს საქართველოსა და პირადად ჩემთვის უნდა, ის მომცეს ღმერთმა და მთელ ერსაც ამას ვუსურვებ!

_ გამოდის, რომ უწმინედესი არ გიკრძალავთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას. მამა ტარიელ, როგორც ვიცი, პატრიარქის მოძღვარი ხართ და, ალბათ, ყველაზე უკეთ იცით უწმინდესის დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ...
_ უპასუხოდ არც ერთ შეკითხვას არ დავტოვებ, თუმცა იმაზე, ვარ თუ არა პატრიარქის მოძღვარი, პასუხს არაპირდაპირად  გაგცემთ: მე მისი მოძღვარი ვარ, ვინც თავის მოძღვრად მიმიჩნევს! ამაზე მეტს ნუღა მკითხავთ... ერთი  დანამდვილებით ვიცი: პატრიარქის გადმოსახედიდან კიდევ უფრო რთულია ეს ყველაფერი, ყველა მისი შვილი ვართ და ჩვენი რეალობა მისთვის ათასმაგად მტკივნეულია. ეკლესია ხომ “ნაციონალებისიცაა” და “არანაციონალებისაც”.

სინოდის სხდომაზე მისი უწმინდესობა არ გულისხმობდა, რომ სასულიერო პირს არ აქვს უფლება თავისი პოლიტიკური შეხედულება გამოხატვის, ეს ნამდვილად ვიცი. რაც შეეხება მიტინგებზე ჩემს სიარულს, არ ვეთანხმები გამოთქმას, როცა ამბობენ, იმიტომ მივდივარ აქციაზე, რომ ივანიშვილს დავუდგე გვერდშიო. პირიქითაა _ თვითონ ბიძინა მოვიდა და გაჭირვებულ ქართველ ერს დაუდგა გვერდში, ხელი გამოგვიწოდა, თავი განსაცდელში ჩაიგდო და შენ გინდა ამ დროს გვერდზე გადგე?! რა ძალა ადგა, თუ არა ერისა და სამშობლოს სიყვარული, მის ბედზე წუხილი და ზრუნვა?! როცა ასეთი ადამიანი მართავს შეხვედრას და გეპატიჟება, არწასვლა ძალიან დიდი უვიცობა, სიბრიყვე და ქვეყნის მტრობაა!
_ მოძღვრები, ვინც ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავთ, უმცირესობაში ხართ... სხვა სასულიერო პირების განწყობაც გეცოდინებათ...
_ დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ჩემნაირად ფიქრობს უმრავლესობა, უბრალოდ, ღიად ბევრი ვერ გამოხატავს.

_ ეს შიშის ბრალია თუ ზღვარს იცამენ?
_ ალბათ, უფრო ზღვარს იცამენ, რაღაცებს ანგარიშს უწევენ.

_ ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს წვლილი საგურამოს ილია მართლის მონატრის მშენებლობაშიც აქვს შეტანილი...
_ ამ მონასტერში _ არა. საუბარია საგურამოს ცენტრში მშენებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე, რომელსაც ვეღარ ვასრულებდით და ივანიშვილის ფონდი დაგვეხმარა. ეკლესია ჯერ მოსახატია, მანამდე ბიძინაც მოვა და ყველაფერი კარგად იქნება.

_ ივანიშვილს პირადად იცნობთ?
_ არა... საპატრიარქოში შევხვედრივარ და ერთმანეთს მხოლოდ მივსალმებივართ.

_ ბოლო დროს მეუფე იობის მისამართით ე.წ. ნაციონალურ არხებზე ცინიკური სიუჟეტები მზადდება. მეუფეს სოლიდარობა გამოუცხადეთ. ამ სიუჟეტების ავტორებს რას ეტყვით?
_ იცით, რა არის? _ ძალიან გულსატკენია, ადამიანის სახეს რომ კარგავ და მეუფეს, რომელიც სანიმუშოა, ბინძურად შეეხები, მაგრამ ნათქვამია, ქვეყანა გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარაო. სამწუხაროდ, საზოგადოება, თავის ჟურნალისტებიანად, ორ ბანაკადაა გაყოფილი. ვისურვებდი, ეს ზედაპირული იყოს და სიღრმეში არ შევიდეს. არჩევნებისთვის ვემზადებით, მთავრობის ქმედებებიდან ჩანს, რომ ძალიან დიდ პროცენტს უნდა თავის შველა, მათ შორის, სააკაშვილსაც და ამიტომ დარბიან გამწარებულები. ახლა ისეთი ინერციით მიდის ეს წინასაარჩევნო პერიოდი, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მეტ დანაშაულს ჩაიდნს მთავრობა. ამტომ, რაც მალე წავლენ, უკეთესი იქნება ხალხისთვის და მათთვისაც, თორემ უბედურება უბედურებაზე დატრიალდება, რადგან დიდი ცოდვა ტრიალებს ქვეყანაში!

_ ამბობენ, რომ ხელისუფლებამ შეიძლება ძალაც გამოიყენოს...
_ არ გამოვრიცხავ... ამბობენ, სისხლი არ დაიღვაროსო, მაგრამ სისხლი უკვე დაღვრილია და ძალასაც იყენებენ: ადამიანი არ დაღუპულა, მაგრამ ქვების სროლას შესაძლოა, ესეც გამოეწვია. ნამდვილად არ მინდა, სერიოზული დაპირისპირება მოხდეს, თუმცა არაფერია გამორიცხული აგონიური რეჟიმისგან. მთავრობა ყველანირად ეცდება თავის დაცვას, ვერ დაარეგურილებს თავის მდგომარეობას და თავდაცვის დროს რამე სისულელეს აუცილებლად ჩაიდენს. ღმერთმა ქნას, ეს არ იყოს იარაღი და ასცდეს ქართველ ერს მსხვერპლი.
არ მინდა, თავი ცოტნე დადიანად გამოვაცხადო, მაგრამ ჩემი აქციებზე სიარულის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ტყვია თუ ქვა, რომელიც შესაძლოა, ჩემს სულიერ შვილს ესროლონ, მე მომხვდეს. მონასტრიდან, სოფლიდან რომ მიდიან აქციებზე, ყველა ჩემი შვილია და მე აქ ვიჯდე და მათი ბედი არ მაინტერესებდეს? _ ეს წარმოუდგენელია! შესაძლოა, ვინმემ თქვას, მოძღვარი ხარ და შეგიძლია, მონასტერში ილოც ამ ადამიანებისთვისო, მაგრამ მათ ვეტყვი: ლოცვა ყველგან შეიძლება _ აქციაზეც და მონასტერშიც. თანადგომაც ასეა: შესაძლოა აქ ვიდგე, მაგრამ მირჩევნია, იქQ ვიდგე, ადამიანი ვარ და მირჩევნია, თუ ლოცვაა, იქვე ვილოცო და თუ დაცვაა, იქვე დავიცვა!

_ მამა ტარიელ, დღეს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ეკლესიაა და მას ნდობას მოსახლეობის 97%-ი უცხადებს. მრევლის დიდი ნაწილი, ანტიმართმადიდებლური ქცევის გამო, კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ. ამის ფონზე, პოლიტიკური რეიტინგები არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება, მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მრევლი დიდი ძალაა...
_ მართმადიდებელი მრევლის 99%-ი ივანიშვილის მიმართ კეთილგანწყობილია იმ ქრისტიანული საქციელის გამო, რაც წარშულში გაუკეთებია. სამებაა, ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მკაფიო სიმბოლო მისი დიადი საქმეების. სხვათა შორის, არა მარტო ქართველები და მართმადიდებლები არიან ბიძინას მიმართ დადებითად განწყობილნი. ორთაჭალაში ვცხოვრობ და ეთნიკური არაქართველებიც იმედით შეჰყურებენ “ქართულ ოცნებას” და ამას, არ მგონია, ჩემთან პირფერობის გამო ამბობდნენ! “ქართული ოცნება” არა მხოლოდ ქართველების ოცნებაა, ეს მთელი საქართველოს ოცნება, ხმა ღვთისა და ხმა ერისაა! რეიტინგებსა და ასეთ ხრიკებზე კი, კომენტარს ვერ გავაკეთებ.

_ მამაო, განკითხვა ხომ ცოდვაა, ზოგი მოძღვარი კი, პრზიდენტს არამარტო განიკითხავს, მას “სატანასაც” უწოდებს. ეს ქრისტიანულ მორალში ჯდება?
_ იცით, რა? _ ადამიანზე ვერ იტყვი, სატანააო, მაგრამ ის ადამიანი, ვინც ღვთის საქმეს კი არა, პირიქით, ეშმაკისას აკეთებს, ბოროტის მსახურია!  მთელი მთავრობა, სამწუხაროდ, ამაში ერთმანეთს ეჯიბრება! სიმართლის ართქმაც უდიდესი დანაშაულია. ამიტომ, სამსჯავროზე უნდა გამოვიტანოთ მათი საქციელი და დავგმოთ, ამ განკითხვას მოგვიტევებს ღმერთი! ხელისუფლებას რომ საღი აზროვნების უნარი ჰქონდეს შერჩენილი, უნდა ნანობდეს ჩადენილ დანაშაულებს. თუ გაჩერდებიან და მოინანიებენ, მე, როგორც ერთი რიგითი მოძღვარი, მზად ვარ, მივუტევო ის ცოდვები, რაც აქამდე ჩაიდინეს, თუ არ მოინანებენ, მე კი არა, ღმერთიც ვერ უშველით! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დანაშაული ჩაიდინეს, კიდევ მეტი რომ არ ჩაიდინონ, უნდა შეჩერდნენ, ან შევაჩეროთ!

_ მამა ტარიელ, საეკლესიო წრეებში კარგი სახელი გაქვთ. ამბობენ, უკე დაიწყო იმ მოძღვრებზე კომპრომატების შეგროვება, ვინც “ქართული ოცნების” აქციებზე დადისო. ელოდებით, რომ თქვენი სახელის შელახვასაც ეცდებიან?
_ რატომ მარტო სახელი, გვარიც კარგი მაქვს (იცინის)?! ველოდები მხოლოდ სახელის კი არა, თავის გატეხვასაც! ყველაფერია მოსალოდნელი ბოროტების მსახურებისგან და ყველაფრისთვის მზად ვარ. 20 წელია, თბილისში საეკლესიო სახელოსნოს ვხელმძღვანელობ, ახლა კი, რომ გაიგეს ჩემი პოლიტიკური პოზიცია, მომივიდა შეტყობინება, საეკლესიო სახელოსნოები უნდა შევამოწმოთო. მიპოვნიან შეცდომას, ამის მოძებნა არ გაუჭირდებათ და დამაჯარიმებენ, დამაყადაღებენ, რა ვიცი, კიდევ რა მოხდება!  

_ შესაძლებელია, საპატრიარქოს მოსთხოვონ და მონასტერიც დაგატოვებინონ? მონასტრის ეზოში მოფრიალე “ქართული ოცნების” დროშა, ალბათ, “ნაციონალების” გაღიზიანებას იწვევს...
_ ტაძრის წინამძღოლი ვარ, საკუთარი აზრი გამაჩნია და ჩემს ეზოსა და ჩემს ოთახში ვის დროშასა და ვის სურათსაც მინდა, იმისას დავკიდებ! მოთხოვნა არა, მაგრამ ერთხელ, დაისვა სინოდის სხდომაზე საკითხი, რომ სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობისგანო, მაგრამ ამას მიტინგსა და აქციას არ ვუწოდებ, ეს არის მოწვევა კეთილი ძალისაგან, სამოქალაქო საზოგადოების ერთობას კი, სიამოვნებით ვუერთდები.

_ პრეზიდენტმა რომ მიგიწვიოთ აქციაზე, წახვალთ?
_ იცით, რა?! _ ახლა ნამდვილად აღარ წავალ, რატომ უნდა წავიდე იქ, სადაც ბოროტრებაა? სხვები ხომ დადიან, ხომ იწვევს სხვა სასულიერო პირებს, ეს პარტიულ საქმიანობაში ჩარევაა? არ ვამბობ, რომ იმ სასულიერო პირებზე უკეთესი ვარ, ვინც ჩნდება “ნაციონალების” აქციებზე, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს.

_ ალბათ, დამეთანხმებით, რომ საზოგადოებისთვის ცოტა დამაბნეველია, როცა ერთი ეპისკოპოსი პრეზიდენტს წმინდანს ადარებს და დავით აღმაშენებელს უწოდებს, მეორე კი, _ ეშმაკის მსახურს. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში განხეთქილებაა?
_ ეს ჩვენი ადამიანური შეხედულებები და პიროვნული დამოკიდებულებაა. ვფიქრობ, რომ ეს რეჟიმი საქართველოსთვის სასჯელია. სხვა კი, ფიქრობს, რომ წყალობაა. სხვადასხვა აზრის გამოთქმა ნამდვილად არ ნიშნავს განხეთქილებას. იმასაც, რომ აქციაზე არ წავიდეს ზოგი მოძღვარი ეთანხმება, ზოგი _ არა. ჭეშმარიტება ერთია და აუცილებლად გაიმარჯვებს ოქტომბერში!

სხვათა შორის, ერთ ამბავს მოგიყვებით: შევარდნაძე რომ გადადგა, ორი თვის შემდეგ, დაბადების დღეზე, მისმა უწმინდესობამ სიმბოლურად ვერცხლის ჭიქა აჩუქა და ეხუმრა, ჩაი ამით დალიე ამიერიდანო. მოგეხსენებათ, ნათლიაა პატრიარქი გიორგი (ედურდის). ანუგეშა პატრიარქმა მაშინ ნათლული და ურჩია, არ წასულიყო საქართველოდან, თქვენს მიწაზე დარჩითო, უთხრა. ამ ვიზიტისას პატრიარქს ვახლდი, მათ საუბარში ჩავერიე უნებურად და ვეხუმრე შევარდნაძეს, დარჩით ბატონო ედუარდ, ისე ვითარდება მოვლენები, ხელახლა გვეყოლებით ასარჩევი-მეთქი. მაშინ შემრცხვა, რომ ასე ჩავეკვეხე პატრიარქს საუბარში, არც ვიცი, რამ მათქმევინა ის სიტყვები, წინასწარმეტყველების ნიჭით ნამდვილად არ ვარ დაჯილდოებული, მაგრამ ეს უნებურად წარმოვთქვი. ძველ ხელისუფლებას არ მივტირი, მაგრამ ფაქტია: ახლა ვინც სააკაშვილის მთავრობას დაუჭერს მხარს, ძალიან ბრიყვია, ან _ ძალიან ბეცი, ან აშკარად საქართველოს მტერი და ძალიან შტერია!

_ მამაო, ზოგისთვის ივანიშვილი კერპია...
_ კერპად და ღმერთად არავინ უნდა ვაქციოთ, არც _ ივანიშვილი და არც _ პატრიარქი, ორივე დიდი პიროვნებაა, მისაბაძი მაგალითი და უდიდესი ავტორიტეტი, მაგრამ ღმერთივით არავინ უნდა განვადიდოთ! პატრიარქი, პრაქტიკულად, ჩვენი მეფეცაა, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ ეგრეა!

ახლა, წარმოიდგინეთ, უბრალოდ, ბიძინას გარეშე დღევანდელი მდგომარეობა. სხვა ვინ უნდა მოსულიყო, თუ არა ეს კაცი? ჯერ ერთი, თვალწინ გვყავდა და აზრად არავის მოსვლია, რომ ეხმო საშველად, თუმცა რა ვიცი, შეიძლება უხმეს კიდეც.

მახსოვს, სამების ტაძრის მშენებლობის დროს ისე იყო გასაიდუმლებული მშენებელის ვინაობა, მეც კი არ ვიცოდი. ვიცოდით, ვიღაც ქართველი ბიზნესმენი აშენებდა. მიკვირდა კიდეც, რატომ არავის უნდა სცოდნოდა მისი სახელი? _ ეს ხომ შესაშური თავმდაბლობაა?! პატრიარქსაც არ ვეკითხებოდით, ჩანდა, რომ არ სურდა ქველმოქმედს აფიშირება. ამ კაცმა ხალხს თავი გააცნო, უფრო სწორად, არც უნდოდა, გაეცნო როგორც ტაძრის მშენებელმა. ამ საცოდავებმა კი, ხელისუფლებაში მოსვლა ტაძრების ნგრევით დაიწყეს, აქეთ _ გლდანში, იქით _ ფერიის მთაზე. ღმერთი ახლა არჩევანს გვაძლევს _ წყალობით გვიცვლის სასჯელს! ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, კახეთის სტიქიური უბედურებაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ კახეთის კი არა, მთლიანად ჩვენი ცოდვების შედეგია! ასეთი მთავრობა, რომ გვყავს, ესეც ჩვენი დამსახურებაა და ამაშიც ღვთის ხელი ურევია _ ვისჯებით ასეთი მთავრობით. ვინც ამაზე თვალს დახუჭავს და ივანიშვილს არ დაუჭერს მხარს, ის ვერც ღმერთს ხედავს და ვერც _ ღვთის წყალობას.

ღმერთს ვთხოვ, რომ არჩევნებამდე მთელ ერს აუხილოს თვალი, გული და ყური. შეიძლება, არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ ღმერთს ვთხოვ, გულში ჩაუსახოს ჭეშმარიტება და სწორი არჩევანი გააკეთებინოს! ჩემს მრევლშიც ხომ არიან “ნაციონალების” მხარდამჭერი, თუმცა ასიდან _ ერთი და მასზე განსაკუთრებულად ვლოცულობ, რადგან დაკარგული ცხვარია. საინტერესო რამეს გეტყვით: ტაძარში, ნიკოლოზის ხატთან, ალბათ, შეამჩნევდით ყუთს, სადაც დიდი ხანია, მრევლი იდეებს, შენიშვნებს, სურვილებს და ოცნებებს ყრის. ხანდახან ისეთი რამე წერია, ტირილი მოგინდება, ღმერთს სთხოვენ ადამიანები, გაათავისუფლე საქართველო სააკაშვილისგანო... ისეთი მძიმე განწყობაა ხალხში, თითქოს ოსმალოს ვყავდეთ დაპყრობილი. ამ ფურცლების მიხედვით, პარაკლისს ვიხდით და ვლოცულობთ ყველა სურვილისა და ოცნების ახდენაზე!

მწამს ღმერთის და იმედია, მოიღებს წყალობას _ დააჯილდოვებს ჩვენს ქვეყანას ისეთი ადამინით, ვისაც ეყვარება საქართველო, ჩვენი ერი და გააკეთებს ქართულ საქმეს!
არ მინდოდა, პოლიტიკა შემოსულიყო ჩემს ინტერესში, მაგრამ ყოველდღიურად, გინდა თუ არა, ისეთ უსამართლობას წამოჰკრავ ფეხს, სული გიმწრდება და ხვდები, რომ ესაა სწორედ ცუდი პოლიტიკის შედეგი და გინდა, რამე შეცვალო!