ალეკო შალამბერიძე:

ალეკო შალამბერიძე: "გარეთ გამოდით, სანამ ყველანი დავუყადაღებივართ!"

"ჰაერში ყადაღის სუნი ტრიალებს. ამ დღეებში ხელისუფლებამ ბევრი დააყადაღა. ამბობენ, რომ არჩევნებამდე კიდევ ბევრი შემოეყადაღება. დაყადაღებულთა შორის "ქართული ოცნებისა" და "თავისუფალი საქართველოს" წევრები ჭარბობენ. პოლიტიკური პარტიებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით 17 პირის წინააღმდეგ სამართალდარღვევათა ოქმებით აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვიდმეტივე პირი გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდა. ერთ-ერთი მათგანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბეჟან ოდიშვილია, რომელიც 25 000 ლარით დაჯარიმდა. გარდა ბეჟან ოდიშვილისა, დანარჩენმა 16-მა პირმა დაჯარიმების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ალეკო შალამბერიძე: "გარეთ გამოდით, სანამ ყველანი დავუყადაღებივართ!"

"სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ბაციკაძეს დაეკისრა 135.750 ლარის გადახდა, ზაალ გუჯაბიძეს - 150.000 ლარის, კახა ჩაკვეტაძეს - 93.460 ლარის, ლევან ჩიჩუას - 24.987 ლარის, ლევან ჩქარეულს 20.000 ლარის, მარინა ნადირაძეს - 57.400 ლარის, ირმა დავითაძეს - 78.365 ლარის, ავთანდილ დავითაძეს 114.192 ლარის, გიორგი მოსიაშვილს 135.350 ლარის, მაია თანიშვილს 24.986 ლარის, ირაკლი ჭუბაბრიას 79.145 ლარის, ბეჟან ედიშერაშვილს 25.000 ლარის, ბადრი ცინცქილაძეს 40.100 ლარის და ალეკო შალამბერიძეს - 20.350 ლარის გადახდა. დაჯარიმებული ალეკო შალამბერიძე აცხადებს, რომ არც ის და არც სხვები ჯარიმას არ გადაიხდიან. ამის გამო კი ისინი შესაძლოა ბინისა და ქონების გარეშე დარჩნენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩვენ არანაირი უკანონობა არ ჩაგვიდენია. ვმოქმედებდით კანონის სრული დაცვით. ამის მიუხედავად, დაგვაჯარიმეს. არც ერთმა ჩვენგანმა ჯარიმა არ გადავიხადეთ. ამის გაკეთებას არც მომავალში ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის უკანონო ჯარიმა. ამის გამო მოხდა ჩვენი ქონების დაყადაღება. დაიწყება ქონების აუდიტი. როგორ იმოქმედებენ ამის შემდეგ, ნამდვილად არ ვიცი. როდის იყო, ესენი კანონის მიხედვით მოქმედებდნენ. მე არ ვიცი, რას მოიფიქრებენ ხვალ - მათ თავებში ათასი უკანონობა იბადება. ისინი ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლას წესების გარეშე აწარმოებენ. ამ ბრძოლამ განსაკუთრებით უწესო სახე ახლა მიიღო. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი სასამართლო იყო. ჩვენს სასამართლოზე არაფერი განუხილავთ, არგუმენტებიც კი არ მოისმინეს. არადა, ჩვენ წარმოვადგინეთ დოკუმენტები, რომლებითაც ვასაბუთებდით თანხის წარმომავლობას - საუბარია იმ თანხაზე, რომელიც ჩვენს პარტიებს შევწირეთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო შალამბერიძე.

"კონტროლის პალატაში, საერთოდ, მოწმედ მიმიწვიეს, მაგრამ რად გინდა. ახლა ჩვენი ქონება დაყადაღებულია, საქართველოში სიმართლის ძებნა ძალიან ძნელია. ბოლო წლების განმავლობაში ქონებადაყადაღებულებისა და ქონებაწართმეულების უფლებებს ვიცავდი, მათ გვერდით ვიდექი და მათთან ერთად ვაწყობდი აქციებს. ახლა მეც მათ მდგომარეობაში ვარ. ხვალ ჩემს დღეში შეიძლება ნებისმიერი პოლიტიკოსი აღმოჩნდეს, ამიტომ სანამ დროა, უნდა შევაჩეროთ ესენი", - დასძენს ალეკო შალამბერიძე და შეკითხვას - "როგორ აპირებთ მათ შეჩერებას?" - პასუხობს:

"აქციებით. მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს მძლავრი ტალღის ასაგორებლად. საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ. მათ უნდა დაინახონ, რომ მოსახლეობა და პარტიები აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ მიღებულ უკანონო კანონებს. რამდენიმე დღის წინ კონტროლის პალატის წინ საპროტესტო აქცია განმარტეთ, რაც საკმარისი ნადვილად არ იყო - 1500 ადამიანი მოვიდა. არადა, ამ კანონების წინააღმდეგ მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს. ეს კანონები ქვეყანაში ცხოვრებას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის. განსაკუთრებით მივმართავ "ქართულ ოცნებას" - ძირითადად "თავისუფალ საქართველოსა" და "ქართულ ოცნებას" აჯარიმებენ, სხვა პარტიებიც უნდა შემოგვიერთდნენ - ხმა თუ არ ამოიღეს, ყადაღა არც მათ ასცდებათ. დღეს ყადაღა ყველას გვაერთიანებს. სააკაშვილი საერთაშორისო დონის აფერისტია. ისე გაგვაცურებს, აზრზე ვერ მოვალთ. ამიტომ, სანამ დროა, რაღაც უნდა ვიღონოთ, სანამ ყველანი დავუყადაღებივართ, გარეთ გავიდეთ და აქციები გავმართოთ".