თითქმის ყოველწლიურად, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში იწყება ხოლმე მითქმა-მოთქმა კონფლიქტის განახლების საფრთხის შესახებ. ეს ხმები როგორც ცხინვალში, ისე გორის რაიონში სწრაფად ვრცელდება და ადგილობრივი მცხოვრებლების შეშფოთებას იწვევს.
გორის რაიონის მოსაზღვრე სოფლებში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ცხინვალიდან ავტობუსებით ქალები და ბავშვები გაჰყავთ, გადაადგილდება რუსული მძიმე ტექნიკა და დე ფაქტო ხელისუფლება, რუს სამხედროებთან ერთად, კონფლიქტის განახლებისთვის ემზადება. ასეთ ინფორმაციას კომპეტენტური წყაროები, როგორც წესი, არასოდეს ადასტურებენ, ხმები და ჭორები მხოლოდ ხალხში ვრცელდება, ხალხიდან კი სოციალურ ქსელებში ინაცვლებს ხოლმე, მაგრამ ეს ჭორები პანიკის საფუძველს ნამდვილად ქმნის.
ჩვენი ცხინვალელი წყაროების ცნობით, ავტობუსებით ჯავის მიმართულებით ბავშვები რამდენჯერმე მართლაც გაიყვანეს, მაგრამ ეს ბავშვები გადათხრილ და მტვრიან ქალაქს ახალგაზრდულ ბანაკებში გაარიდეს. გადაცემა „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ცხინვალში ზარინა სანაკოევა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ასეთი ჭორები სათავეს საიდან იღებს. მისი თქმით, ანალოგიური ინფორმაცია ერთი თვის წინ ცხინვალშიც ვრცელდებოდა და იქ მცხოვრები ადამიანები საფრთხეს საქართველოს შეიარაღებული ძალებისგან ელოდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკაში პანიკა იმდენად დიდი იყო, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის დაწყნარება სცადა.
„ზუსტად ასეთივე ინფორმაცია ჩვენთანაც გავრცელდა და ახლაც შენარჩუნებულია პანიკა, თუმცა არსებითად ის უკვე განელდა. ეს ყველაფერი სადღაც მაისში დაიწყო და მთელი ზაფხული ხალხი დაძაბული იყო, მაგრამ გაურკვეველია, ეს ხმები საიდან მოდიოდა. ზუსტად იგივეს ამბობდა ყველა, რომ ქართულ მხარეს ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა და ომი იქნებოდა. რასთან არის ეს დაკავშირებული, ამ დრომდე ვერ გავიგე“, – აცხადებს ზარინა სანაკოევა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში კონფლიქტის განახლების საფრთხის შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას მსჯელობა ამ საკითხზეც იყო. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საზოგადოებაში შეშფოთება ნამდვილად შეინიშნება, მაგრამ ამის საფუძველი არ არსებობს. მისი განცხადებით, ასეთი ინფორმაცია ნათესაური კავშირების მეშვეობით ვრცელდება და დაძაბულობას ორივე მხარეს ქმნის.
„არის დაძაბულობა და ეს გამოწვეულია გავრცელებული ხმებით. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი კერძო ურთიერთობიდან მოდის, ნათესაური კავშირებიდან, რომლებიც ქართულ მხარეს არის. მე მგონია, რომ ეს დაკავშირებულია დაძაბულობასთან, რომელიც საქართველოს შიგნით არის, რაც, თავის მხრივ, წინასაარჩევნო ვითარებასთან არის კავშირში და ეს ყველა ინფორმაცია კერძო ურთიერთობისას ნათესავების მეშვეობით ვრცელდება“, – ამბობს ხოხ გაგლოითი.
ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება მძიმე მოგონების შედეგია. იგი იხსენებს 2004 და 2008 წლის ზაფხულის საომარ მოქმედებებს და ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში შიში ისევ არსებობს, თუმცა ეს შიში უსაფუძვლოა, რადგან კონფლიქტის ზონაში არც ტექნიკის გადაადგილება და არც ესკალაცია არ შეინიშნება.
რეპორტაჟის დასაწყისში სოციალური ქსელები ვახსენეთ. სენსაციის მოყვარულები უკვე იმასაც წერენ, რომ კონფლიქტი 12 აგვისტოს განახლდება. კონფლიქტის შესაძლო განახლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დუმილით უპასუხებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამ მისიას კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შეთანხმება იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ნაწილების გადაადგილების შემთხვევაში ევროპელი მონიტორები წინასწარ უნდა იყვნენ საქმის კურსში ჩაყენებულები. გარდა ამისა, თიბილოვის ხელისუფლებაც ცდილობს დააწყნაროს საკუთარი მოსახლეობა და აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.