"2-3 თვე უნდა გავიჭირვოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქმე გამარჯვებამდე მივიყვანოთ. თუმცა, არათანაბარ პირობებში გვიწევს ბრძოლა. ხელისუფლება უწესოდ გვებრძვის, ჩვენ კი წესებს ვიცავთ. ამ შემთხვევაში მსაჯის როლი სასამართლომ, ცესკომ, ადმინისტრაციულმა სტრუქტურებმა და ტელევიზიებმა უნდა შეასრულონ, ეს ყველაფერი კი ხელისუფლების ხელშია. სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი აქტივი, რაც ხელისუფლებას არ გააჩნია - ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა და სიმართლე, რასაც ვერც სასამართლო, ვერც ცესკო და ვერც სახელისუფლებო ტელევიზიები ვერ წაგვართმევენ", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალური საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს დათმობა".
"პრემიერი თუ პრეზიდენტი აქეთ-იქით კამერებით დარბიან და რაღაც დაპირებებს იძლევიან. ეს ყველაფერი ისეთი ყალბი, გახუნებული და გაცრეცილია, რომ რამდენი ფიცარიც უნდა გაიდოს მიხეილ სააკაშვილმა მხარზე, ცრემლი აღვარღვაროს მოსახლეობასთან და სახურავმოგლეჯილი სახლების გვერდით სკვერები აკეთოს, ვეღარავის მოატყუებს. საზოგადოებაში სახელი აქვთ გატეხილი, რაც მათთვის ყველაზე მტკივნეულია. სხვათა შორის, საზოგადოებაში შიშიც ნელ-ნელა ქრება. ბოლო ათი დღის განმავლობაში 15 ათასი კაცი გაწევრდა პარტია "ქართულ ოცნებაში". საზოგადოებაში ნიჰილიზმიც ქრება. აღარ ამბობენ, ამ ხელისუფლებას მაინც ვერავინ მოერევა, კვლავ გააყალბებენ არჩევნებსო და ა.შ. თუმცა ამათ არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებული აქვთ, სახელისუფლებო ტელევიზიები გაასმაგებული ძალისხმევით მუშაობენ და საზოგადოებას ტყუილს ტყუილზე აწვდიან, მაგრამ ხალხის ძალას და ნებას ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც მისი კრიმინალური ჯგუფი წინ ვერ აღუდგება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბროსას დავით საგანელიძე.
"სააკაშვილს მოუწევს დათმობა. ოღონდ, შეიძლება ამას შეეწიროს მისი ისედაც შერყეული ფსიქიკა და საპრეზიდენტო სავარძლიდან პირდაპირ სამკურნალო დაწესებულებაში აღმოჩნდეს... სააკაშვილისთვის ძნელი იქნება ერთპიროვნული მმართველობის შემდეგ ყველაფრის დატოვება და პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებსაც აქამდე თავს არიდებდა. სხვა რომ არაფერი, ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტის და სამთავრობო ფონდებიდან ასეულმილიონობით ლარი სად მიდიოდა, ვერავინ გაიგო. ჩადენილ კრიმინალურ მოქმედებებზეც, ბუნებრივია, პასუხის გაცემა მოუწევთ. ამას კარგად ხვდება სააკაშვილიც და მისი გუნდიც. ვერ წარმომიდგენია, მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძესავით დაჯდეს თავის რეზიდენციაში და მემუარების წერა დაიწყოს. სააკაშვილი ან ქვეყანას დატოვებს, რადგან აქ არ დაედგომება, ან თავის ცხოვრებას სამკურნალო დაწესებულებაში გაატარებს, რადგან ეს ყველაფერი მისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთული გადასატანი იქნება", - განაგრძობს რესპონდენტი
"პროფესიით ექიმი ვარ და სააკაშვილი პირველად 1999 წელს რომ ვნახე, მაშინვე დავუსვი დიაგნოზი: მისთვის არათუ ქვეყნის, ორი ბატის ჩაბარებაც დანაშაული იქნებოდა. მაინცდამაინც ანალიზის პასუხები არ არის საჭირო, რომ მიხვდე, რა სჭირს ადამიანს. მის სულიერ მდგომარეობაზე მიხრა-მოხრა, სიცილი, ჭამის მანერა, ჟესტიკულაცია და ა.შ. მეტყველებს. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ეს თავიდანვე ვერ დაინახა და ასეთი დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია, სწრაფი აღქმის უნარი აქვს, მაგრამ ეს არის ბოროტი ნიჭი, და როდესაც ასეთ ნიჭს ძალაუფლებას უგდებ ხელში, ქვეყანას საშინლად უბრუნდება. და კიდევ - ხელისუფლების მხრიდან იქნება მცდელობა, რომ გარე ფაქტორებზე გაამახვილოს ყურადღება, რადგან შიგნით ყველაფერი წაგებული აქვს, მაგრამ არჩევნებს მაინც ვერ გაექცევა და იძულებული გახდება, მისი შედეგები აღიაროს. არჩევნების შედეგები კი, გარწმუნებთ, ნამდვილად არ იქნება მისთვის სასიკეთო...", - დასძენს დავით საგანელიძე.