ჩეხეთის ელჩი - საქართველოს დღევანდელი ოპოზიცია გაცილებით ძლიერია

ჩეხეთის ელჩი - საქართველოს დღევანდელი ოპოზიცია გაცილებით ძლიერია

ჩეხები დიდი კულტურული ტრადიციებისა და თავისუფლებისმოყვარე ხალხია. როცა 1968 წელს პრაღაში, ევროპის გულში, საბჭოთა ტანკები შევიდნენ, მათ წინ ჩეხი ქალები და ბავშვები გადაუდგნენ, რითაც მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახვეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი... ჩეხეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ივან იესტრაბი გვესაუბრება.

- როგორ აფასებთ დღევანდელ ქართულ-ჩეხურ ურთიერთობებს და თქვენი აზრით, რა სფეროში შეიძლება იყოს ის უფრო ნაყოფიერი?
- ქართულ-ჩეხური ურთიერთობები ძალზე მჭიდროა. ორი ქვეყნის პოლიტიკოსები საკმაოდ ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, რაც აქტიურ თანამშრომლობას უწყობს ხელს. ყველა საკითხზე ღიად, გულწრფელად ვსაუბრობთ, მათ შორის, საკმაოდ მგრძნობიარე თემებზეც. ასე რომ, ამჟამინდელი ქართულ-ჩეხური ურთიერთობებით კმაყოფილი ვარ. ჩეხეთი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკია გათავისუფლდა, კვლავ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, დავუბრუნდით ევროპულ ოჯახს, რაშიც არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და დღეს მორალურ ვალდებულებას ვგრძნობთ თქვენი ქვეყნის წინაშე, ასევე დაგეხმაროთ პრობლემების გადაჭრაში.

- თქვენ "მგრძნობიარე საკითხები" ახსენეთ, უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობდით?

- მაგალითად, საქართველოს შიგაპოლიტიკური განვითარების საკითხს. ბოლო წლებში თქვენმა ქვეყანამ საკმაოდ რთული გზა გაიარა, პრობლემები იყო და არის, თუმცა აღებული კურსი, ორიენტირი სწორია. ბევრს მიაღწიეთ, ამასთანავე, არის მტკივნეული საკითხები, რომლებსაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს და ამ საკითხებზე ჩვენ გულახდილად ვსაუბრობთ.

- ახლახან იმყოფებოდით აფხაზეთში, სადაც საქართველოს იურისდიქცია დე ფაქტო არ ვრცელდება, რა შთაბეჭდილებით დაბრუნდით?

- ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი აფხაზეთში 35-წლიანი პაუზის შემდეგ, როცა იქ სულ სხვა გარემოებათა გამო აღმოვჩნდი. 17 წლის ვიყავი, საშუალო სკოლის მოსწავლე და სპორტულ შეჯიბრებაში (სპორტულ ტანვარჯიშში) გამარჯვების გამო, პრიზთან ერთად, სოჭში საგზურით დამაჯილდოეს და სოხუმი, აფხაზეთიც მოვინახულე. მოვიხიბლე იქაური ბუნებით, ადამიანებით. და ახლა, როცა კვლავ მომეცა იქ წასვლის საშუალება, დიდი მოლოდინი მქონდა. ამჯერადაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აფხაზეთის ბუნება მართლაც ულამაზესია. თუმცა, ამჯერად ჩემი მიზანი არა მარტო ნახვა, მოსმენაც იყო. მინდოდა გამეგო, რა თვალსაზრისი აქვთ, რას ფიქრობენ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. გავესაუბრე უბრალო ადამიანებსაც, რაც რუსული ენის ცოდნამ გამიადვილა. ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის წევრი-ქვეყნის წარმომადგენელი აფხაზეთის ამჟამინდელ დე ფაქტო ლიდერებს გულახდილად ვესაუბრე ჩვენი პოზიციის შესახებ, რაც მათთვის სიახლე არ ყოფილა, მაგრამ, ამასთანავე, მათგან საკმაო ინტერესი ვიგრძენი ამ თემაზე საუბრისადმი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაწყვეტა რთული, საკმაოდ გაჭიანურებული პროცესი იქნება და დიდი მოთმინებაც დასჭირდება ორივე მხრიდან. როგორ, რა გზით უნდა გადაიჭრას კონფლიქტი? - ეს ძნელი სათქმელია. ამ წლების განმავლობაში კონტაქტი, ადამიანური ურთიერთობები დაიკარგა და დღეს აფხაზებმა ისევე ცოტა იციან ქართველების ცხოვრებაზე, პრობლემებზე, როგორც ქართველებმა - აფხაზების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შორის აღდგეს უშუალო, არაფორმალური ურთიერთობები. მდინარე ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს უნდა მიეცეთ ერთმანეთის ნახვის, თუნდაც ვაჭრობის საშუალება. იქ ყოფნისას შევხვდი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ლაკერბაიას, საგარეო საქმეთა მინისტრ ჩირიკბას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვიყავი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თვითონ აფხაზეთში თვალშისაცემია რეგიონული განსხვავებები - სოხუმისა და გალის მცხოვრებლებს სრულიად განსხვავებული პრობლემები აქვთ, მათი განზოგადება ძნელია.

- მზად არიან აფხაზი ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან დასასხდომად?
- არ მინდა, შუამავლის როლში ვიყო ბატონ ანქვაბსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ეს ჩემი მისია არ არის. აფხაზეთში ჩავედი როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის და არა თბილისის წარმომადგენელი და თბილისში დავბრუნდი, არა როგორც სოხუმის წარმომადგენელი.

- როგორ შეაფასებთ საქართველოს შანსს, გახდეს ევროკავშირის წევრი უახლოეს მომავალში?

- რას გულისხმობთ "უახლოეს მომავალში"?

- ორ-სამ წელიწადს. 
- ჩეხოსლოვაკიამ 1990 წელს ხავერდოვანი რევოლუციის დასრულებისთანავე გამოთქვა სურვილი, შესულიყო ევროკავშირში. ვიმედოვნებდით, რომ ეს საკმაოდ სწრაფად მოხდებოდა, ამასთანავე, იმხანად ჩეხეთს საქართველოზე უკეთესი სასტარტო პირობები ჰქონდა, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. დღეს გათვლა იმაზე, რომ საქართველო რამდენიმე წელიწადში გახდება ევროკავშირის წევრი, ილუზიაა. ევროკავშირში შესასვლელად არაერთი ამოცანაა გადასაჭრელი, ეს გაცილებით რთული გზაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს...

- რატომ მიიჩნევთ, რომ ევროკავშირში გაწევრება საქართველოსთვის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება?
- ბევრი ამოცანის გადაჭრა მოგიწევთ. მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე, ასევე, ევროკავშირის ასოცირებული წევრობა. კიდევ არაერთი ამგვარი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, შესრულდეს მოთხოვნები. ეს იმას ჰგავს, როცა ერთი მთის დაპყრობის შემდეგ წინ სხვა მთა აღიმართება. თუმცა, არც ევროკავშირში გაწევრებაა ყველა პრობლემის გადაჭრის პანაცეა. როცა ჩეხეთი 2004 წელს ევროკავშირის წევრი გახდა, ჩვენშიც ბევრს ეგონა, რომ ყველა სირთულე უკან დარჩა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. საქართველო არ უნდა შეუშინდეს სირთულეებს, რადგან დარწმუნებული ვარ, თქვენი ევროპული პერსპექტივა ძლიერია და ქვეყანა საბოლოოდ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი.

- ჩეხეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, სადაც მიმოქცევაში არ არის ერთიანი ვალუტა - ევრო. რატომ ამბობთ უარს მის შემოღებაზე?

- ევროკავშირში შესვლისას ჩეხეთმა ამგვარი ვალდებულება აიღო, მაგრამ ამჟამად ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩეხური კრონის პირობებში ქვეყნის ეკონომიკა უკეთ რეგულირდება, ამიტომ ჯერჯერობით საერთო ევროპულ ვალუტაზე გადასვლისგან თავს ვიკავებთ, ამას ემატება ევროზონაში, მაგალითად, ესპანეთსა და საბერძნეთში შექმნილი მძიმე ვითარება. 

- გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა უარი თქვა საკუთარი რეზიდენციის წინ ევროკავშირის დროშის აღმართვაზე, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება?
- დიახ, ასე იყო. ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ჩეხეთის პრეზიდენტია და არა ევროკავშირის, და იმ შენობის წინ, სადაც ის მუშაობს, ჩეხეთის დროშა აღიმართება.

- ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. როგორია ოფიციალური პრაღის დამოკიდებულება ამ არჩევნებისადმი და დაესწრებიან თუ არა მას მეთვალყურეები ჩეხეთიდან?
- ჩვენი პოზიცია ძალზე მკაფიოა: ეს საპარლამენტო არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ოქტომბრის არჩევნები სრულიად სხვა სიტუაციაში ჩატარდება, ვიდრე წინა, თუნდაც 2010 წლის თვითმმართველობის თუ 2008 წლის საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნები. ჩეხეთი, ევროკავშირის სხვა ქვეყნები, ხაზგასმით, დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი სურვილია ეს არჩევნები სრულიად დემოკრატიულად ჩატარდეს, რომ ამ არჩევნებით ხელისუფლებაში ლეგიტიმურად არჩეული პოლიტიკური ძალა მოვიდეს და ამისათვის არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას, მოთამაშეს თანაბარი პირობები და შანსი ჰქონდეს, ყველაფერი ქართველი ხალხის, ამომრჩევლის ნებამ გადაწყვიტოს. მე ვხვდები როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს და კმაყოფილი ვარ, რომ ყველა აცნობიერებს აუცილებლობას, რომ ამ არჩევნების დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. წინა წლებში ქართული ოპოზიცია დანაწევრებული იყო, დღეს კი მისი დიდი ნაწილი გაერთიანდა. რაც შეეხება ჩეხ დამკვირვებლებს, ისინი არჩევნებზე აუცილებლად იქნებიან - ჩამოვლენ როგორც ჩეხეთის პარლამენტის, ისე ევროპარლამენტის დეპუტატები, ექსპერტები.

- როგორ აფასებთ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას და რას მიიჩნევთ ქართული დემოკრატიის აქილევსის ქუსლად, მთავარ პრობლემად?

- ხშირად ადამიანები ზედმეტად კრიტიკულად ვუყურებთ იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ვფიქრობთ, რომ ესა თუ ის მოვლენა მარტო ჩვენში შეიძლება მოხდეს. საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა თანდათან პიკს აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია არ დაწყებულა, არც არჩევნების თარიღია ცნობილი. ამასთანავე, დღევანდელი ოპოზიცია გაცილებით ძლიერია. პოლიტიკური ცხოვრების პრობლემად მიმაჩნია ის, რომ აქ მოწინააღმდეგეს უყურებენ არა როგორც ოპონენტს, ვისაც სხვა აზრი და გეგმები აქვს, არამედ როგორც პოლიტიკურ მტერს. სამწუხაროდ, პოლიტიკოსების გამოსვლებში საომარი რიტორიკა ჭარბობს. თუმცა არის წინსვლაც, მაგალითად, იმავე საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, რომელსაც დამოუკიდებელი კომისია, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაცია ამოწმებს. საქართველოში 2008 წლიდან ვარ და კარგად ვხედავ, რა ხდება ქვეყანაში. "ვარდების რევოლუციის" დროიდან საქართველო ძირეულად შეიცვალა. უნდა გვახსოვდეს დრო, როცა არც ელექტროენერგია იყო, არც წყალი, კორუფცია ზეობდა და ქვეყანას "კანონიერი ქურდები" მართავდნენ; თუმცა მიღწეულ წარმატებებთან ერთად არის უმუშევრობის, სოფლის მეურნეობის პრობლემები, აუცილებელია მუდმივი ყურადღება ექცეოდეს მედიის საკითხებს. ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი მის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ერთად თანდათან ყველა პრობლემას გადაჭრის.