«ვარდების რევოლუციის» შემდეგ, 2004 წლიდან, საქართველოში მიწის ერთიანი ბალანსის შედგენა და დამუშავება შეწყდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიწის აღრიცხვისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული მექანიზმი აღარ არსებობს. ცალკეული ინფორმაციები მიწების გასხვისების სრულ მასშტაბს ვერ ასახავს, თუმცა მართლაც საგანგაშო ხასიათს ატარებს.
ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე დაახლოებით 675 ათას ლარად 3 მილიონ 692 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი აქვს გასაყიდად გატანილი. ტყეებისა და საძოვრების გასხვისების ინიციატივით გამოსვლის შემდეგ მთავრობა სახნავ-სათეს მიწებს აქტიურად ასხვისებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის პირველ ექვს თვეში 3200 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება განახორციელა, რომლის საერთო ღირებულებამ 2 მილიონ 605 ათასი ლარი შეადგინა.
ყველაზე მეტი ფართობი _ 5 639 102 კვ.მ. კი დედოფლისწყაროს რაიონში გაიყიდა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სავარგულების უდიდესი ნაწილი უცხოელმა ინვესტორებმა: არაბებმა, ინდუსებმა და ბულგარელებმა შეისყიდეს.
ეკონომიკის სამინისტრომ საგარეჯოს 7 სოფლის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ჩამოართვა და სიმბოლურ ფასად ირანული წარმოშობის პირებს მიჰყიდა. კერძოდ, 5,2 ათასი ჰექტარი მიწა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ტაიებ რაშიდმანეშიმ იყიდა. ჟურნალისტების მიერ მოძიებული ინფორმაციით, ამ სახელისა და გვარის ადამიანს კალიფორნიაში ჰქონდა კომპანია, რომელიც გადასახადების გადაუხდელობისა და მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის გამო დაუხურეს. ეს ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ართმევს მიწებს და საეჭვო პირებზე ყიდის.
საგარეჯოს გამგეობა კი თავს იმართლებს: «მოსახლეობის მიწა არავის გაუყიდია. ეს იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები და სახელმწიფომ გაყიდა. არსებული 10 ათასი ჰექტრიდან 5 ათასი ჰექტარი ირანელმა ბიზნესმენმა რაშიდ მანეშმა 6 მილიონ ლარად იყიდა. დარჩენილი 5 ათასი ჰექტრით, ვიდრე გაიყიდება, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს».
ზეღდულეთში 75 ჰექტარი მიწა კანადელმა ინდოელმა ჯანგპალ სინგჰმა იყიდა.
დიასპორის სამინისტროში დაადასტურეს, რომ კახეთსა და ქვემო ქართლში ბურებმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები იყიდეს, ხოლო ჩინელები კახეთში მიწების შეძენაში 40 მილიონის დახარჯვას აპირებენ.
2011 წლის 29 ნოემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და «სინძიანის ხუალინის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფს» შორის თბილისში «ხუალინის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონის» შექმნის თაობაზე.
მემორანდუმის თანახმად, «სინძიანის ხუალინის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფი» ვალდებულებას იღებს, რომ თბილისში, «ხუალინის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში», 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატის ჩასატარებლად მოწყობილ დამხმარე საცხოვრებელ სასტუმროს ააშენებს, რომლის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 65 ათას კვადრატულ მეტრს. ჩინური მხარის ინვესტიცია უნდა შეადგენდეს არანაკლებ 150 მილიონ აშშ დოლარს.
თავის მხრივ, ქართული მხარე წამოწყებული ინვესტირების განხორციელებისა და პროექტის მშენებლობის უზრუნველსაყოფად ჩინელ ინვესტორებს უშუამდგომლებს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე არანაკლებ 420 ჰექტარი მიწის ფართობის შეღავათიან ფასებში მიყიდვაზე.
მიწების გასხვისებამ საქართველოში მართლაც გიგანტური მასშტაბი მიიღო. ლიბერალების საყვარელი ფორმულა ასე ჟღერს: «მიწას ხომ ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და ვერ წაიღებს»! გამოვტყდები, კარგა ხანს მეც მიმაჩნდა, რომ მიწის გაყიდვით დიდი არაფერი შავდებოდა; როგორც სხვა ბევრი რამის, ამ საკითხის გააზრებაც ასაკზეც და უამრავი სხვა მასალის გაანალიზებაზეც არის დამოკიდებული.
მიწის ზურგზე მოკიდებას რაც შეეხება, კოსოვოში ალბანური სახელმწიფოს შექმნამ და აღიარებამ სულ სხვა რეალობა წარმოშვა, როცა მოსულმა და გამრავლებულმა ეთნოსმა სერბეთს საკუთარი მიწა მოაგლიჯა; მიწა კი არავის წამოუკიდებია ზურგზე, მაგრამ მისი პატრონებისა რომ აღარ არის, აშშ-მა და დასავლეთ ევროპამ მისი აღიარებით დაადასტურეს.
არის «მიწის ზურგზე მოკიდების» სხვა პრაქტიკაც, _ წმინდა ეკონომიკური. ამას კარგად მოწმობს თანამედროვე ბიზნესის ერთი ჭკუისსასწავლებელი მაგალითი: გერმანელი ჰელმუტ აურენცი ბავშვობაში მებაღის თანაშემწე იყო. ვისაც თუნდაც ქოთნის ყვავილებთან ჰქონია საქმე, კარგად იცის, რომ პერიოდულად მათ გადარგვა და მიწის შეცვლა სჭირდება. მიწა იფიტება როგორც ქოთანში, ისე ბაღებსა და ბოსტნებში. აურენცმა თავისი ბიზნესი სწორედ ამ მოთხოვნაზე ააგო. დღეს იგი ბაზრის ლიდერია საბაღე მიწისა და სასუქების მიწოდებაში. იგი მილიონობით კვადრატულ მეტრ მიწას ფლობს არა მარტო გერმანიაში, არამედ კანადაში, აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, ჩეხეთში, სლოვაკიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ესტონეთში. მისი საწარმოები სწორედ საბაღე და საყვავილე მიწას აწარმოებენ და სხვადასხვა ქვეყანაში ყიდიან. აურენცის წლიური ბრუნვა ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს. ამგვარად, ვისაც ჯერ კიდევ ჰგონია, რომ «მიწას ზურგზე ვერავინ მოიკიდებს», მწარედ ცდება.
მიწის მიმართ დამოკიდებულება საქართველოში ისტორიულად განსხვავებული იყო. ილია ჭავჭავაძე სტატიაში «ძველი საქართველოს ეკონომიური წყობის შესახებ» წერს: «სიკეთე ჩვენი ეკონომიური აგებულებისა და წყობისა იმაში ყოფილა, რომ მიწა, ე. ი. მამულ-დედული, ცოტად თუ ბევრად უფრო სამართლიანად მორიგებული ყოფილა ჩვენს ხალხში, ვიდრე სადმე სხვაგან. საკვირველია, რომ დღეს აქამომდე უმამულო, უბინაო კაცი ჩვენში თითქმის არსად მოიძევება. ამისთანა წყობამ მიჰმართა უსათუოდ ჩვენი ხალხი მიწათმოქმედებას, რომელიც უფრო დაუშრომელი და მკვიდრი წყაროა ხალხისა და ქვეყნის საზოგადოებისათვის, ვიდრე სხვა რამ. ხსნა ჩვენი ქვეყნისა ამ წყობაში უნდა ყოფილიყო, და ვიდრე ამ წყობას უფრთხილდებოდნენ ჩვენი მეფეები, იმ დრომდე ჩვენი ქვეყანა ღონიერი ყოფილა და გაძღოლია მტერს ასე თუ ისე... ტყისა და მინდვრის განსაკუთრება ხომ ყოვლად შეუძლებელი იყო და დღესაც აქამომდე ჩვენის ხალხის გონებაში ვერა თავსდება ის აზრი, რომ ტყე და მინდორი საკუთრება იყოს ვისიმე და არა სასოფლო».
დღესაც ყველაზე მძაფრ პროტესტს სწორედ მიწების, განსაკუთრებით კი საერთო სარგებლობის მიწების გასხვისების საკითხი იწვევს და ამაში გაუგებარი არაფერია. უმიწოდ დარჩენა საქართველოში გაცილებით უფრო მძაფრად აღიქმება, ვიდრე სხვაგან, მით უფრო, რომ ქართველებს 26 საუკუნის განმავლობაში «უბინაოდ» დარჩენილი ებრაელების მაგალითი თვალწინ ჰქონდათ და ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულებაში, მატერიალურის გარდა, წმინდა მენტალური და მეტაფიზიკური მიზეზებიც არსებობს.
ქართველისთვის მიწა არის სამშობლო, მიწა არის ის, რადაც სიკვდილის შემდეგ უნდა იქცეს იგი, მიწა არის ის, რადაც უკვე იქცნენ მისი წინაპრები და ის, რაც დღესაც კი უცხოეთში დიდი ხნით წასულ ქართველებს უჩუმრად თან მიაქვთ. ამდენად, მიწა ქართველისთვის მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობის საგანი არ არის. ეს რომ ნამდვილად ასეა, ილიას სხვა სტატიაში მოყვანილი ციფრებიც ცხადყოფს; ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, როგორც კი გლეხებს მიწის გამოსყიდვის უფლება მიეცათ, შეღავათიანი გრძელვადიანი საბანკო კრედიტის აღების ნაცვლად გლეხობამ ნაღდ ფულზე შეიძინა და დაიკანონა მიწა:
«მხოლოდ ქუთაისის გუბერნიაში, საცა გლეხობა ყველას უფრო ღარიბად მიგვაჩნია, 8 ათას 75-მა ნაყმევმა კომლმა შეისყიდა თვისი ნაჭერი ადგილ-მამულები ნაბატონართაგან და 1 მილიონ 104 ათას 870 მანეთი თავისი საკუთარი ჯიბიდამ მისცა. ასე რომ, მთავრობის შემწეობაც არ ითხოვა. გერმანიაში 27 წელიწადში ნაყმევთაგან მარტო მეოთხედმა ნაწილმა ძლივს დაიხსნა თავისი ადგილ-მამულები, ისიც მთავრობის შეწევნითა, და იმერეთში კი (გარდა სამეგრელოსი) ერთმა მესამედმა 10 წელიწადში გამოიხსნა თავისი მამულები»
ჩვენ კი გვასწავლიდნენ, რომ რევოლუციამდე ქართველი გლეხი არაფრის მქონე იყო და მხოლოდ რევოლუციამ გადაუწყვიტა მიწის საკითხი. თუმცა ეს ისეთივე მითია, როგორც საქართველოს ისტორიის «ვარდების რევოლუციიდან» დაწყება. არც ეს არის პიარ-ტექნოლოგიების ნოუ ჰაუ _ მხოლოდ გადამღერებული ძველი რევოლუციური რიტორიკაა.
ჩვენში ხშირად სწუხან იმაზე, რომ საქართველომ ვერც ერთი ფორმაცია თავიდან ბოლომდე ვერ გაიარა. რა მოხდა მერე, არც სკანდინავიის ქვეყნებს ჰქონიათ იმ ტიპის ფეოდალიზმი, როგორც საფრანგეთს, გერმანიას ან ინგლისს. ჩრდილოეთ ევროპაში ფეოდალიზმი ნელა ვითარდებოდა, საბატონო მეურნეობა სუსტი იყო, გლეხთა დამოკიდებულება ბატონყმურ ხასიათს ატარებდა. საკუთრების ძირითადი სახე სახელმწიფო საკუთრება იყო. განა ამან ხელი შეუშალა იმას, რომ სკანდინავიის ქვეყნები დღეს მსოფლიოში ყველაზე კარგი სოციალური ორგანიზაციით გამოირჩევიან და ყველაზე უკეთ დაცული მოსახლეობა ჰყავთ?
ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნეში იყო არჩილ სტეფანოზის ძე, ჯუანშერის მატიანეში მეფედ მოხსენიებული. მის სახელს უკავშირდება უმნიშვნელოვანესი რეფორმა _ ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. ამ რეფორმამდე ევროპა მხოლოდ შუა საუკუნეებში მივიდა.
საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში ყმა კონკრეტულ მემამულეზე იყო მიმაგრებული და არა მიწაზე, რასაც მიწის «ქართულ საკითხთან» არაფერი ჰქონდა საერთო. საქართველოში, ტრადიციულად, გლეხი მიწაზე იყო დამაგრებული. ერეკლე მეორეს აკრძალული ჰქონდა ყმის გაყიდვა მიწის გარეშე. მიწისადმი ამ დამოკიდებულებაზე იდგა ქართული სახელმწიფო და თავი შეინარჩუნა იმ გრძელ პერიოდებშიც კი, როცა სახელმწიფო სუვერენიტეტი დაკარგული ან შეზღუდული ჰქონდა.
სხვათა შორის, ეს დამოკიდებულება დღემდე შეინარჩუნეს ისრაელში, სადაც უცხოელის მიერ მიწის ყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ისრაელისთვის პრეტენზიები დასავლეთს არასოდეს წაუყენებია.
მოსეს ხუთწიგნეულში ღმერთი მოსეს ეუბნება, რომ მიწის სამუდამოდ გაყიდვა არ შეიძლება, «რამეთუ ჩემი არს ქვეყანა, რამეთუ მწირ და მსხემ ხართ თქუენ წინაშე ჩემსა» (მიწა ჩემია, თქვენ კი მოსულნი და დაბინავებულნი ხართ ჩემსას). თუ ძმა შენი გაღარიბდა და გაყიდა თავისი მიწა, მივიდეს მისი უახლოესი ნათესავი და გამოისყიდოს იგი. და თუ ასეთი ნათესავი არ აღმოჩნდა, განისაზღვროს ვადა, რომლის შემდგომაც მიწა მუქთად დაუბრუნდეს გამყიდველს (იხ. მოსეს ხუთწიგნეული, ლევიტელთა 25, 23-27).
საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. მისი გასხვისება მარტო ეკონომიკური პროცესი როდია. უმიწოდ დარჩენილი ქართველი ქართველობას ვერ შეინარჩუნებს. იგი ისევე დაიღუპება, როგორც ანთეოსი, რომელიც უძლეველი იყო, ვიდრე მიწაზე – საკუთარ დედაზე ედგა ფეხი. ჰერაკლემ იგი მიწას მოსწყვიტა და დაუძლურებულს იოლად ამოართვა სული.