"ურეკში მოსახლეობასთან შეხვედრისას პრეზიდენტის განცხადება - "მითხარით ერთი, რას დაგპირდით, რა მოგატყუეთ და რა არ შეგისრულეთ?!" - არის ცინიზმი და მეტი არაფერი. სააკაშვილი ჰპირდებოდა ხალხს თავისუფლებას, დემოკრატიას, კეთილდღეობას. მისი მმართველობის 8 წლის შემდეგ კი მივიღეთ პოლიციური სახელმწიფო, თანაც ყველაზე მახინჯი ფორმით, აგრეთვე, მივიღეთ ზეიდეოლოგიზებული და ზეპოლარიზებული საზოგადოება, მოკლედ, მივიღეთ თანამედროვე "ოპრიჩნინა", სადაც მეგობრებისთვის ყველაფერი დაშვებულია, ოპონენტებისთვის კი - მხოლოდ კანონი და ისიც უსამართლო. შედეგად შეურაცხყოფილი და გაღატაკებულია საზოგადოება და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი გაწევრების პერსპექტივამ შორს გადაიწია", - აცხადებს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გაზეთი "ყველას სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ყადაღსტანად" გადააქციეს საქართველო" / "სააკაშვილი ცხოვრობს, როგორც აბრამოვიჩი და ცდილობს ილაპარაკოს მერაბ კოსტავას რიტორიკით".
"სახელმწიფოს ძლიერებაზე ჩვენში ხშირად ლაპარაკობენ ე.წ. ვითომ ლიბერალები, რომლებსაც ავიწყდებათ, რომ ლიბერალიზმის მთავარი პრინციპია: პატარა სახელმწიფო და დიდი ადამიანი, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა. სახელმწიფოც ადამიანისთვის უნდა იყოს, ბიუჯეტიც და ყველა დანარჩენი სიკეთეც. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა უდიდესმა ნაწილმა განათლება დასავლეთში მიიღო, მაგრამ გამოდის, რომ ვერაფერი ისწავლეს. მათ კარგად იციან: ადამიანების დამცირება, ჩაგვრა, პირდაპირი მნიშვნელობით "პარსვა". ადგნენ და შავი და თეთრი ბიუჯეტები გააერთიანეს, კორუფცია კი მათ ხელში დაიხვეწა. მაშინ, როდესაც საბიუჯეტო თანხების ხარჯვა არ კონტროლდება, იმ ფულს, ყოველდღიურად რომ ართმევენ ადამიანებს, სახელმწიფო ბიუჯეტს დაარქმევ თუ შავ სალაროს, უკვე პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილი.
"რაც შეეხება კრიმინალს, მან სახელმწიფო სტრუქტურებში გადაინაცვლა. ეს კარგად ჩანს ხოლმე არჩევნების წინ, ამის მაგალითად მარტო ბანკ "ქართუს" შემთხვევაც კმარა, რომელსაც ხელისუფლება ექცევა ყველაზე თავგასული ყაჩაღივით. ყაჩაღობაა, რაც ხდება ანტენების გამოც, როცა ყოველდღიურად ვიგებთ ახალ-ახალი დაყადაღების შესახებ, იცის საზოგადოებამ, რომ ჩემი საბანკო ანგარიშებიც დაყადაღებულია. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ-პოლიტიკურ აბსურდში, ფაქტობრივად, "ყადაღსტანად" გადააქციეს საქართველო. ეს არის სწორედ აღმოსავლური ტირანიებისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ხელისუფლება, რომლის ლიდერი სააკაშვილი ცხოვრობს, როგორც აბრამოვიჩი და ცდილობს ილაპარაკოს მერაბ კოსტავას რიტორიკით. ეს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე გასდიოდათ, დღეს ამგვარი მმართველობის სტილი დიდხანს ვეღარ იბოგინებს. რეჟიმი გაშიშვლდა, გაკოტრდა და მთავრდება, და ეს გარდაუვალია!" - მიიჩნევს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე.
"რაც შეეხება ჩემს ანგარიშებს, კაფკას "პროცესი" ტრიალებს ამ ქვეყანაში. მე და ჩემი ოჯახის წევრებს დაგვიყადაღეს საბანკო ანგარიშები, მათ შორის ისეთიც კი, რომელიც არ გვქონდა. მაგალითად, ჩემს ქალიშვილს ანგარიშები არ აქვს საქართველოში, რადგან დიდი ხანია, უცხოეთში ცხოვრობს, მაგრამ განჩინებაში, რომელიც ოფიციალურად ჯერ თვალით არ მინახავს, ვიცი, წერია, რომ მისი ანგარიშებიც დაყადაღებულია. საიდან ვიცი, ეს კიდევ სხვა საკითხია. მე, ვისაც შემიზღუდეს საკუთრების უფლება და დამიყადაღეს ანგარიშები, ამდენი ხნის განმავლობაში არ მაძლევენ განჩინებას, შესაბამისად, არ მაძლევენ გასაჩივრების უფლებას. ამას იმით ასაბუთებენ, რომ სისხლის სამართლის პროცესში თურმე მხარე არ ვარ. დღეს იგივე ხდება კახი კალაძის მიმართ, თუმცა ჩემგან განსხვავებით, კალაძეს პატივი დასდეს და პროკურატურამ მის საქმეზე განმარტება მაინც გააკეთა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მიხეილ სააკაშვილის მოქმედებების პროგნოზირება ძალიან ძნელია. ის გულბოროტი კაცია და თუ ამ ბოღმას ვერ მოერია, კახი კალაძე შეიძლება დააჭერინოს კიდეც. როდესაც საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ხუხულასავით ენგრევა ხელისუფლება, ისტერიკაში ჩავარდნილი, რა ბრძანებებს გასცემს, ძნელი სავარაუდოა, თუმცა აქ ერთი კითხვაც ჩნდება: მისი ბრძანებები აღსრულდება კი? აქვე ორ სიტყვას ბანკ "ქართუზეც" ვიტყვი, უნდა გაგიმხილოთ, რომ ძალიან მწყდება გული "ქართუს" დროებით მმართველ ვლადიმერ, იგივე კახა უგულავაზე, ვიცნობ კარგა ხანია და მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. სისხლის სამართალსა და კანონს რომ თავი დავანებოთ, ეს კაცი მორალურად გაკოტრდა და იქცა ადამიანად, რომელსაც ხელი აღარ ჩამოერთმევა. ასევეა ის ოთხი დეველოპერული კომპანია, რომელმაც ხელი მოაწერა დაყადაღებული ბანკიდან 50 მილიონი დოლარის სესხის მიღებაზე. ვლადიმერ უგულავა არის შეუმდგარი მაროდიორი. ჩვენ შემდგარი მაროდიორებიც ვიცით, ასეთია ჯოზეფ ქეი... ის ოთხი დეველოპერული კომპანია კი არის მაროდიორობისა და სახელმწიფო დანაშაულის თანამონაწილე. ისინი ვეღარასდროს იტყვიან, რომ ბიზნესმენები არიან", - დასძენს ლაშა ნაცვლიშვილი.
"სამოქალაქო დაპირისპირებას გამოვრიცხავ. უპირველესად, იმის გამო, რომ საზოგადოებაში არსებული ანტაგონისტური განწყობა არ არის თანაფარდი, ანუ მიხეილ სააკაშვილის იდეური მიმდევრებისა და მისი გულწრფელი მხარდამჭერების რაოდენობა, ჩემი აზრით, ძალიან მცირეა და შეადგენს 5-8%, ეს ჩანს თითქმის ყველა ბოლო კვლევაში, იმის გათვალისწინებით, რა ტენდენციურადაც უნდა მიგვაჩნდეს ეს კვლევები. კითხვაზე - უჭერთ თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას? - დადებითად პასუხობს მხოლოდ 5-8%. ეს ლაკმუსის ქაღალდივით აჩვენებს, რამდენი პროცენტია სააკაშვილის ბრმა მიმდევარი. საზოგადოებაში დაპირისპირება არ არის, ამგვარ დაპირისპირებას ვერც ხელისუფლება გამოიწვევს, რადგან მის მხარეს არ არის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ღმერთმა დაიფაროს და, თუ რამე გართულდა, ეს იქნება დაპირისპირება ხელისუფლებასა და ხალხს შორის", - თვლის ლაშა ნაცვლიშვილი და შეკითხვას - "ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაა იმაზე, რომ ხელისუფლება ე.წ. ზონდერბრიგადების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს...", - პასუხობს:
"დღეს მინისტრი, პოლიციელი, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ისეა ერთმანეთში არეული, რომ ყველა ერთი დიდი ზონდერია. რაღაც ჯგუფებს მართლაც წვრთნიან, ამის დამადასტურებელია ე.წ. სახალხო რეზერვი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლება ხშირად მიმართავს ე.წ. ინფორმაციის გაჟონვის მეთოდს და სპეციალურად ავრცელებს ამგვარ ჭორებს, ადამიანები რომ შიშში ცხოვრობდნენ. ისე, განა ზონდერები არ არიან ის ვითომ ჟურნალისტები, კამერებით ჟურნალისტებს რომ დასდევენ, ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კურდღლებივით რომ ემალებიან კამერებს და სამაგიეროდ, ადამიანების დაშინებაში არიან გაწვრთნილნი? სააკაშვილიც ზონდერია, ოღონდ მაღალანაზღაურებადი. ჰყავს თვითმფრინავი, უყვარს ძვირი "შოფინგი", და ის საკუთარი პოლიტიკური ზონდერობით უზრუნველყოფს იმ პოლიტიკური ელიტის სიცოცხლის გახანგრძლივებას, რომელიც გამეფებულია საქართველოში, თუმცა დიდი დღე უკვე აღარ აქვს".