მზადდება თუ არა ჯავახეთში შეიარაღებული აჯანყება

მზადდება თუ არა ჯავახეთში შეიარაღებული აჯანყება

აზერბაიჯანული საინფორმაციო პორტალი "აზგლობუს.ნეტ" სამცხე-ჯავახეთში შეიარაღებულ აჯანყებას პროგნოზირებს. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ამ ინფორმაციის გადამოწმებას ქართულ სპეცსამსახურებს ურჩევს და ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქართულ რეგიონში მსგავსი საფრთხის არსებობა რეალობას მოკლებული არაა.

"აზგლობუს.ნეტ"-ის ცნობით, სომხები საქართველოს სამხრეთ ოლქში, სამცხე-ჯავახეთში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ სომხეთის აქტიური ყოვლისმომცველი დახმარებით, შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებენ.

"ჯერჯერობით საქართველოს წინააღმდეგ სომხური მედია საინფორმაციო ომს აწარმოებს. ინტერნეტში დაშნაკური ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგების მიერ მომზადებული ასეულობით მასალაა განთავსებული. საქართველოს აღნიშნული რეგიონის სომხურ მოსახლეობას შორის იდეოლოგიურ-აგიტაციური სამუშაოები მიმდინარეობს.

"არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯავახელი სომეხი ახალგაზრდებით დანაყოფებს ქმნიან, რომლებსაც სომხეთსა და მთიან ყარაბაღში, "ასალას" (სომხეთის განმათავისუფლებელი საიდუმლო სომხური არმია) სასწავლო ბანაკებში საბრძოლო მომზადებისთვის აგზავნიან", - წერს საიტი. იქვეა განთავსებლი რამდენიმე ვიდეო.

სააგენტო "მედიანიუსის" ცნობით, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ალი ჰასანოვი რუსეთსა და საქართველოში, ეროვნული სიძულვილის გააღვივების მოტივით, დივერსანტების გაგზავნაზე საუბრობს.

"აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის ალი ჰასანოვის მტკიცებით, სომხეთი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორისტულ ჯგუფებს ამზადებს, რომელთაც არამხოლოდ აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე, არამედ ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაშიც გზავნის.

"ჰასანოვის მტკიცებით, დივერსანტები იგზავნებიან რუსეთსა და საქართველოში იმისათვის, რომ ეროვნული სიძულვილი გააღვივონ. აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლის მტკიცებით, ოკუპირებული ტერიტორიები ნარკოტრაფიკისთვისაც გამოიყენება", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კავშირი "საერთო სამოქალაქო მოძრაობა-მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელი არნოლდ სტეპანიანი მიიჩნევს, რომ მსგავსი ინფორმაციების გავრცელება ხელს აზერბაიჯანულ მხარეს აძლევს და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

"ეს ინფორმაცია რომ გაევრცელებინა რომელიმე სომხურ მედია-საშუალებას, კიდევ შეიძლებოდა სერიოზულად მსჯელობა, მაგრამ თუ აზერბაიჯანულ მხარეს ამდენი ინფორმაცია აქვს, სამცხე-ჯავახეთში რა იგეგმება, მაშინ კარგად ყოფილა საქართველოს, სომხეთის და ჯავახეთის საქმე.

"არანაირ აჯანყებაზე საუბარი არ არის, ვერც იქნება და არც იქნება. ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს, როცა ჰქონდათ შესაძლებლობა, ვგულისხმობ იმ დროს, როცა იყო პრობლემები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეს მაშინ არ გაუკეთებიათ. მე ვფიქრობ, ზედმეტია ამ თემაზე საუბარი, იმიტომ, რომ არარეალისტურია.

"ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციებს და ტიპოგრაფიულ მასალებს, სადაც დიდი სომხეთია დახატული აფხაზეთის ჩათვლით, დაინტერესებული წრეები ავრცელებენ. საქართველოს ირგვლივ არსებობენ ჯგუფები, რომელთა ინტერესებშიც ქართულ-სომხური ურთიერთობების დაძაბვა შედის, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი რამ გამორიცხულია, - ამბობს სტეპანიანი "რეზონანსთან" საუბარში.

"კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხეს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები, როგორც წესი, კრემლიდან იგეგმება.

"ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. 2-3 თვის წინ გავაკეთეთ განცხადება ამის შესახებ, რომ "ჯავახკი" რაღაც გასაიდუმლოებულ მოძრაობებს იწყებს", - უთხრა მან "რეზონანსს".

"აზერბაიჯანელები ყოველთვის ფრთხილობენ, როდესაც საუბარია ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე. ყოველთვის ცდილობენ, იყვნენ კორექტულები და არ ჩაერიონ საქართველო-სომხეთის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ეთნიკური კუთხით, იმდენად, რამდენადაც მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის კონფლიქტი არ არის.

"რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ინტერესი არის, რომ საქართველო იყოს მისი სტრატეგიული პარტნიორი ყარაბაღის საკითხში. ის ყოველთვის ცდილობს, მოიპოვოს ფაქტები ეგრეთ წოდებული "ჯავახკის" საქმინობის შესახებ და მიაწოდოს საქართველოს ხელისუფლებას.

"მე ვერ გეტყვით დანამდვილებით, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია. "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციამ" 2-3 თვის წინ გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საზოგადოება "ჯავახკის" მოსკოველი ლიდრები, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, აკეთებდნენ მძიმე განცხადებებს, რომლებიც მერე რატომღაც დაიფარა. იმის შემდეგ ასეთი მკვეთრი განცხადება და ასეთი კატეგორიული ხედვა ჩვენ არ მოგვისმენია.

"ვფიქრობ, რომ ეს განცხადება არის სერიოზული საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ქვეყნის სპეც-სამსახურებმა დაიწყონ გამოძიება და გადაამოწმონ ეს ფაქტები.

"ეს განცხადება არ არის რეალობას მოკლებული. უბრალოდ, რა ხარისხით არის ეს თავისტკივილი მომავალში ნაღმის სახით ჩადებული, უკვე სპეცსამსახურებმა უნდა გამოიძიონ და გაარკვიონ. მნიშვნელობა არ აქვს, ორგანიზაცია "ჯავახკი" ერქმევა თუ სხვა რომელიმე სახელი, ბევრი ხალხი იქნება თუ ცოტა. გავლენა ექნება თუ არა რეალურად, მთავარია, რომ ამ ორგანიზაციის სახელით საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ განახორციელებენ არაკონსტიტუციურ ქმედებებს.

"შეიძლება შტაბი და მართვის პუნქტი იყოს სომხეთის ტერიტორიაზე, საქართველოსთან ახლოს, თორემ დირექტივები, რა თქმა უნდა, კრემლიდან მოდის", - აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.

არნოლდ სტეპანიანი სამცხე-ჯავახეთში აჯანყების საფრთხეს იმ მოტივითაც გამორიცხავს, რომ მისი ვარაუდით, რეგიონში სოციალური და ეკონომიკური დონე 2003 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ამაღლდა.

"მე ძალიან ხშირად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. პრობლემებია არა მხოლოდ ეთნიკური ნიშნით, არამედ ზოგადად ადამიანის უფლებები ირღვევა ძალიან სერიოზულად. და ამ მხრივ ჯავახეთი და სამეგრელო არიან ლიდრები.

"მაგრამ თუ ვისაუბრებთ ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე, აქ უკვე ცა და მიწასავით განსხვავდება 2003 წლის და დღევანდელი მდგომარეობა. კომუნიკაციები გაუმჯობესებულია, გაკეთებულია გზები, თბილისში უფრო ადრე ჩამოდიან, ვიდრე ადრე. წყლის პრობლემა კი არსებობს, მაგრამ უკვე იმდენად აღარ. ვითარდება ინფრასტრუქტურა, ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებას ადგილობრივების 90 პროცენტი უჭერს მხარს, მაგრამ ამჯერად მხარდაჭერა უფრო მეტი იქნება, ვიდრე ადრე იყო ხოლმე.

"ადგილობრივების პრობლემა რეალურად არის ის, რომ ისინი დღესაც ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობენ, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში. ქართულენოვანი ინფორმაცია, რომელიც იქ ვრცელდება, წარმოადგენს სახელისუფლებო საინფორმაციო წყაროებს. ადგილობრივი ტელევიზიებიც არის, მაგრამ ისინიც რეალურად კონტროლდებიან ხელისუფლების მიერ. უყურებენ ასევე სომხეთის ტელევიზიას და რუსეთის არხებს. რომ უყურონ ნეიტრალურ არხებს, მაგალითად, როგორიც "მაესტროა" და, ვთქვათ, ისეთი გაზეთი წაიკითხონ, როგორიც "რეზონანსია", ამის საშუალება მათ არ აქვთ", - ამბობს არნოლდ სტეპანიანი ჩვენთან საუბარში.

ზალ კასრელიშვილს კი მიაჩნია, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, ხელისუფლების მხრიდან ეთნიკური რეგიონი უყურადღებოდაა მიტოვებული.

"სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს კარგი ურთიერთობის დამყარებას ადგილობრივ მოსახლეობასთან, ყოველ შემთხვევაში ისინი ამას დეკლარაციის დონეზე აფიქსირებენ. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სამცხე- ჯავახეთიც ისევე მიაგდო და ისევე ყურადღების გარეშე დატოვა, როგორც სხვა რეგიონები.

"სამცხე-ჯავახეთში რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა, ეს ჩვეულებრივი პიარის ნაწილია. შეიძლება შევარდნაძის დროსთან შედარებით სახელმწიფოს მხრიდან უკეთესი ურთიერთობაა სამცხე-ჯავახეთთან მიმართებაში, მაგრამ ეგ არც საკმარისია და არც იმას ნიშნავს, რომ იქ პრობლემა მოხსნილია", - ამბობს ზაალ კასრელიშვილი